4 წლის „თანამშრომელი“ მყავს, ჩემი შვილი ლაზარე! – ირინკა ალიაშვილი შვილთან „მუშაობაზე“

0
მედიაკომუნიკაციების პროექტების მენეჯერი, ირინკა ალიაშვილი საკუთარ მაგალითზე ყვება, როგორია დისტანციური მუშაობის პარალელურად სახლში კიდევ სხვა „თანამშრომლებს“ მიაქციო ყურადრება, რომლებსაც გაცილებით მეტი რამ სჭირდებათ. მის ამბავს Un Women Georgia აქვეყნებს. როგორც იგი ყვება, COVID-19-ის პანდემიამ ბევრი ქალისთვის სახლის საქმეებისთვის დრო კიდევ უფრო გაზარდა. „წარმოიდგინეთ, რომ გყავთ თანამშრომელი, რომელიც მუდმივად ყურადღებას ითხოვს. გეხვეწებათ, ეთამაშოთ, ხუთ წუთში ერთხელ გთხოვთ, მის ნამუშევარს შეხედოთ, შეაფასოთ და თუ სათანადოდ არ აღფრთოვანდებით, მზადაა იტიროს. თანაც, ამ თანამშრომლის კვება, ჰიგიენა, გონებრივი და ემოციური განვითარებაც თქვენი ვალია. მე ზუსტად ასეთი „თანამშრომელი“ მყავს: ჩემი შვილი, 4 წლის ლაზარე“, - რაც დისტანციურ მუშაობაზე გადავედით, პირველი ერთი კვირა, პრაქტიკულად, ვერაფერს ვაკეთებდი. ჩემი ქმარი ექიმია, რეანიმატოლოგი. ეს კი დღეს ერთ რამეს ნიშნავს: იყოს ფრონტის ხაზზე, მუდმივად დაძაბული, მუდმივად მზადყოფნაში, მუდმივად მორიგე, მუდმივად სამსახურში. ყოველთვის მეამაყებოდა, რომ გიო ნიჭიერი ექიმია, მაგრამ ახლა ძალიან მიჭირს. აქამდე ლაზარეს განვითარებას საბავშვო ბაღი უზრუნველყოფდა. ამჟამად კი ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, თანაც იმ დროს, როცა სრულფასოვნად უნდა ვიმუშაო. ჩემი მოვალეობები არ შემცირებულა. ისევ 11-დან 7 საათამდე ვმუშაობ. ასეთი გრაფიკი გვაქვს: დილით 7 საათზე ვიღვიძებთ, ვვარჯიშობთ, ვთამაშობთ და 11-მდე ვსაუზმობთ. მერე მე სამსახურში „მივდივარ“, ლაზარე კი დამოუკიდებლად თამაშს ეჩვევა. ორი დღე, როცა გიო სახლშია, ჭურჭელიც დარეცხილია და სარეცხიც – გაფენილი. ბავშვთანაც მთელი დღე ის თამაშობს. თუმცა, არის ერთი მთავარი რამ, რაც არც გიოს ბრალია და არც – ჩემი: თუკი მე 24/7-ზე მართლა შეუსვენებლად ვშრომობ, მაინც ჩვეულებრივი თანამშრომელი და დედა ვარ. მე თავიდანვე მომეთხოვებოდა, რომ მემუშავა ისე, თითქოს შვილი არ მყავს და შვილთან ვყოფილიყავი ისეთი დედა, რომელიც სამსახურში არ იღლება. ჩემი ქმარი კი საზოგადოების თვალში ბავშვის დაბადებიდანვე გმირი მამა მხოლოდ იმიტომ იყო, რომ საფენს უცვლიდა, ღამეებს უთენებდა, ჭურჭელს რეცხავდა ან საჭმელს აკეთებდა. მას ტაშის დაკვრისთვის მრავალათასიანი აუდიტორია ჰყავს, ჩემთვის კი გიო ერთადერთი მაყურებელია და აპლოდისმენტებსაც მხოლოდ ის მჩუქნის”. 45 საათი – ეს არის დრო, რომელსაც საქართველოში ქალები საოჯახო საქმეეზე ყოველკვირეულად ხარჯავენ, კაცები კი – მხოლოდ 15 საათს. COVID-19-ის პანდემიამ ბევრი ქალისთვის ეს დრო კიდევ უფრო გაზარდა. ახლა სახლში დარჩენასთან ერთად, საქმის განაწილებაც აუცილებელია“, - ამბობს ირინკა ალიაშვილი.
0