ჩვენ ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი არ წაგვიგია !

0
ყოველი ქართველისათვის აფხაზეთის დაკარგვა მტკივნეული თემაა, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის ნაწილი, რომელიც იძულებით წაგვართვეს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს აფხაზეთში მეომარი გმირები და არ დავივიწყოთ მათი ღვაწლი, რადგან ამ ადამიანებმა დათმეს საკუთარი კეთილდღეობა და არ გაცვალეს სამშობლო მატერიალურ ღირებულებებზე. დღეს ჩვენ მოვამზადეთ ინტერვიუ აფხაზეთის ომის ვეტერანთან, ანატოლი თოდუასთან, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის საარტელიერო პოლკში იბრძოდა. -ომის დაწყებამდე, ცოტა ხნით ადრე რა ვითარება იყო აფხაზეთში? 1987 წელს გამიწვიეს ჯარში, 89 წელს რომ დავბრუნდი, აფხაზეთში იყო კომენდანტის საათი, მილიცია აკონტროლებდა ყველაფერს. იყო შემთხვევები, როდესაც აფხაზები გამოხტებოდნენ, თითქოს ვიღაცის დარიგებულ ტექსტებს იმეორებდნენ, თუმცა ამას არ ჰქონია სისტემატიური ხასიათი. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ იარაღს ხელში აიღებდნენ და გვესროდნენ. -თქვენი აზრით რამ გააღვივა შუღლი ქართველებს შორის და ვინ დაიწყო ომი ? ეს ყველფერი არის რუსეთის მიერ დადგმული სპექტალი. სწორედ მათ მისცეს აფხაზებს იარაღი და გაასროლინეს, შემდეგ კი ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალეს. სად ჰქონდათ აფხაზებს ტყვია და იარაღი? რუსები ამარაგებდნენ. სწორედ რუსებმა დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა და გადაამტერეს ერთმანეთს. -რა მდგომარეობა იყო ომის დროს ჯარისკაცებში შიგნით? გვესაუბრეთ თქვენს განცდებსა და ფიქრებზე. ყველანი მხნედ ვიყავით, რადგან ჩვენი ქვეყნის დასაცავად ვიდექით და არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაგვიხევია. მე ვარ აფხაზეთიდან, ჩემს უკან იდგნენ მშობლები, დები, ძმები, ჩვენი მოხუცებულები, ბავშვები, არამარტო ჩემი თანამებრძოლების ოჯახები. რუსები თვითნმფრინავებიდან ბომბავდნენ ქართულ დასახლებებს და ჩვენს ლოკაციებს, მაგრამ არაფრის შეგვშინებია. ბრძანებას რომ მივიღებდით ცეცხლის გახსნაზე დაუყოვნებლივ ვასრულებდით. ერთხელ ბრძანება მოვიდა ცეცხლის გახსნაზე ღამის 3 საათი იქნებოდა, წამოვხტით ყველა. ერთ ფეხზე მოვასწარი ჩექმის ჩაცმა, მეორე ხელით წამოვიღე, რომ გავრბოდი აკაციის ეკალი შემერჭო, არც მიგრძვნია, ჩავიცვი მეორეც, იმ დღეს დილის 7 საათამდე არ გავჩერებულვართ. რომ დაწყნარდა ყველაფერი მერე ვიგრძენი ტკივილი ფეხზე, თუმცა გარეგნული ტკივილი, დამიჯერეთ, არავის ადარდებდა, რადგან ჩვენ გვტკიოდა ჩვენს მიწაზე საომარი ვითარება, რომელიც ტერორისტი რუსების მიერ იყო მოწყობილი. -რომ გააცნობიერეთ, რომ აფხაზეთის დატოვება მოგიწიათ, როგორ დატოვეთ ტერიტორია ? იმ ნაწილში, სადაც მე ვიყავი, ყველაზე ახალგაზრდა ორნი ვიყავით, 23 წლის პატარა ბიჭები. მგონი მაისის თვე იყო, ეგრედწოდებული "პერემირია" რო გამოაცხადეს იარაღები ჩავაბარეთ. ჯარი გაიწია, ორივე მხარეს ტექნიკა გაიყვანეს ჩვენებმა, შემდეგ მე და ჩემი მეგობარი გამოგვიშვეს სამხედრო აკადემიაში არტილერიის კურსებზე, თბილისში რომ ჩამოვედით გვითხრეს, რომ ადგილები აღარ იყო, ამიტომ უკან დავბრუნდით. რამოდენიმე დღეში ისევ დაიწყო ყველაფერი, რუსეთმა გაგვაცურა, ეს მათი ტაქტიკური სვლა იყო. მეც ჩემი ქვეყნის დასაცავად წავედი ამ ომში, სადაც არც იარაღი გვქონდა და არც აღჭურვილობა. რამოდენიმე დღე დავიცავით, მაგრამ მერე ვერ გაძლო ჯარმა, რადგან იარაღი და ტექნიკა გვაკლდა და იძულებული გავხდით დაგვეტოვებინა ყველაფერი. დედაჩემი და ჩემი და დავსვი გემზე, მე ვერ გავძელი, გადმოვხტი გემიდან, მოვედი სახლში, მოვკიდე ხელი მამაჩემს, უკვე გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. წამოვედით სვანეთიდან. სვანეთში ტყეში რომ ვისვენებდით ჩემს გვერდით კაცი იწვა, რომელიც იმ ღამეს გარდაიცვალა. სვანეთიდან რომ გავედით, მოვხვდით სამეგრელოში. ფოთში რო შევედით ამ დროს მხედრიონი შემოვიდა და გაგვაჩერეს, საბუთები გაგვისინჯეს. მე მინახეს მეომრის საბუთი, მითხრეს ჩვენთან წამოდიო, რაზეც უარი მიიღეს. ამის გამო დამაყენეს კედელზე დასახვრეტად, ერთმა გადატენა იარაღი, უნდა ესროლა, მეორემ უთხრა ჩემზე ეს კაცი მეცონბაო, აი მაშინ შემეშინდა. იმედი რომ მომეცა ცაში ავიხედე, იმის მერე ეგეთი ცა სუფთა გაბრწყინებული მე არ მინახავს. დალოცოს და გაამთლიანოს დედა ღვთისმშობელმა ჩვენი საქართველო, დიდება უფალს და მთლიანად საქართველოს. ამინ. -როგორი შეგრძნება იყო საკუთარი სახლ-კარის დათმობა? თბილისში რომ წამოვედით არც ვიცოდი სად იყვნენ დედაჩემი და ჩემი და. ძალიან ცუდი განცდა მქონდა. საშინელი ყოფილა სახლის დატოვება, ასევე მეზობლების, ახლობლების, ბავშვების, მეგობრების, ნათესავებიც რომ მახსენდება სული მეხუთება. რომ ვხვდებით ერთმანეთს მეზობელია თუ ბავშვობის მეგობარი, მგონია რომ ისევ შაფში ვარ ჩემს სახლში, ჩემი ზღვის პირას. ეგრევე თვალწინ დგება ჩემი სოფელი, ჩემი მეგობრები, ჩემი ბავშვობა, ჩემი ქუჩა, სადაც 23 წელი ვიცხოვრე და ძალიან კარგად გავატარე. ადამიანი იმედით ცხოვრობს, მეც იმედი მაქვს, რომ ჩემ ლამაზ, მშვენიერ კუთხეში დავბრუნდები. ჩვენ ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი არ წაგვიგია! აფხაზეთი საქართველოა ! რუსეთი მტერია !
#ომისვეტერანი
#აფხაზეთი
#საქართველო
#რუსეთიოკუპანტია
#მეომრები
#ჩვენდავბრუნდებით
#SokhumiDaily
0