ძალიან ვამაყობ, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერნის შვილიშვილი ვარ - თორნიკე შუბითიძე

0
რამდენიმე კვირაა, რაც მარნეულში მეორე მსოფლიო ომის 6 ვეტერანს, ვარდენ შუბითიძე გამოაკლდა. საუკუნეს მიღწეულმა ოჯახს ბევრი მოგონება შემოუნახა. როგორც მისი შვილიშვილი, თორნიკე შუბითიძე იხსენებს, სამამულო ომში წლების განმავლობაში დაგროვილ ისტორიებს ბაბუა ხშირად უყვებოდა, რასაც ახლა მოგონებები, ფოტოკადრები და ოჯახი ინახავს. „ჩემთვის ყოველთვის შთამბეჭდავი და აღმაფრთოვანებელი იყო ის ფაქტი, რომ ვარ შვილიშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის. ბაბუაჩემმა 98 წელი იცოცხლა. დიდი ხანი არაა, რაც დაგვტოვა. სულ რამდენნიმე კვირაა. მისგან, რა თქმა უნდა დაგვრჩა ისტორიები, შთაბჭდილებები ბევრი ემოცია და სითბო. ეს ყველაფერი კი აღბეჭდილია ფოტოგალერეაში, რაც მის ისტორიას მოიცავს და რომელსაც განსაკუთრებულად გავუფრთხილდებით“ თორნიკე გვიყვება, რომ ბაბუა განსაკუთრებულად ემზადებოდა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად. მისი მთავარი დამხმარე კი ის იყო, მის პიჯაკს მედლებით გააწყობდა და საზეიმოდ გამზადებული ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიჰყავდა. თორნიკემ რამდენიმე ამბავი გვიამბო. ასევე აღწერა ბაბუის ომში გაწვევის დღე და ისტორიას შემონახული ნივთი, რომელიც სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნების სიმბოლოდ იქცა. „როგორც თვითონ გვიყვებოდა, ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში მას გაწვევა მოუვიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან. ის მაშინ ცხოვრობდა საჩხერის რაიონში, სოფელ ჩონთოში. ამ დასახლებიდან მის გაწვევაში მონაწილეობას იღებდა შვიდი ადამიანი საერთო ჯამში. ქართული წეს-ჩვეულებიდან გამომდინარე, გაცილების ცერემონიის აღსანიშნავად სუფრა გაიშალა. ამ სუფრაზე შესაწირი (საკლავი) დაიკლა. ერთ-ერთი საინტერესო ისტორია კი სწორედ ამ სუფრას უკავშირდება. ამ სუფრაზე შეწირული მსხვერპლის ძვლის ერთ-ერთი ნაწილი აიღეს მათ და სიმბოლურ ნიშნად კარის შესასვლელთან დაკიდეს და ასეთი დათქმა გააკეთეს, რომ სახლიდან წასვლისას ყველას უნდა ეკოცნა ამ ძვლისთვის და ომიდან როდესაც დაბრუნდებოდნენ, იგივე უნდა გაემეორებინათ. სუფრას შვიდი გაწვეული მოსამსახურდა ექვსი ესწრებოდა და ექვსივე 1945 წელს საღსალამათი დაუბრუნდა ოჯახებს. ხოლო ის ერთი ადამიანი, სამწუხაროდ, ომიდან ვერ დაბრუნდა და დღემდე დაკარგულად ითვლება“ სოფელ საიმერლოში მცხოვრები ვარდენ შუბითიძე 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარნეულის მუნიციპალიტეტს 6 სამამულო ომის ვეტერანი შემორჩა , მათ შორის ერთი ქალია. კორონავირუსის გამო, ფაშიზმზე გამარჯვების ღონისძიება არ გაიმართება. ექვსივე ვეტერანს მარნეულის მუნიციპალიტეტი 550 ლარის ოდენობის ფულად დახმარებასა და სასურსათო პაკეტებს გადასცემს. ავტორი : რადიო მარნეული
#მეორემსოფლიოომი
#ვეტერანი
#მარნეული
#MarneuliDaily
.
0