თავს მოვიკლავ და ბავშვებს არ მივატოვებ – მრავალშვილიანი ოჯახი შესაძლოა ქუჩაში დარჩეს

0
„დავიღალე ჩემოდნებზე ცხოვრებით, ისევ და მერამდენედ უკვე აღარ ვიცი – სახლის დაცლა გვიწევს, ისევ ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდები მეუღლესთან, ცხრა შვილთან და ერთ შვილიშვილთან ერთად“ – ასე დაიწყო საუბარი „პრაიმტაიმთან“ მრავალშვილიანმა მამამ. მისი თხოვნით, ვინაობას არ ვაკონკრეტებთ – ბავშვებს სკოლაში მეგობრებთან შერცხვებათო, ამბობს… „უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვცხოვრობთ, ოჯახში სულ 12 წევრი ვართ. ჩემს მეუღლეს სიმსივნე აქვს, თითქმის სულ წევს. საოჯახო საქმეების კეთება მე მიწევს. ჩვენ 9 შვილი გვყავს და ერთი შვილიშვილი. უფროსები ტყუპები არიან, გოგო და ბიჭი. ისინი ჩემს ცოლს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. პირველმა ქმარმა იმის გამო მიატოვა, რომ გიორგი შშმ პირია, მას ცერებრალური დამბლა აქვს და მათზე ზრუნვა ბიოლოგიურმა მამამ არ ისურვა. მე ჯარისკაცი ვიყავი, მაღალი ხელფასი მქონდა, როცა ნათია გავიცანი და მასზე და მის შვილებზე ზრუნვის სურვილი გამიჩნდა. შეგვიყვარდა ერთმანეთი და ვიქორწინეთ. კარგად ვცხოვრობდით. ბინა არასოდეს გვქონია. სახლი, სადაც გავიზარდე, ჩემს ძმას ეკუთვნის… ქირის გადახდა არ მიჭირდა, სანამ სამხედრო ნაწილში გაურკვევლობა არ მოხდა, რომელსაც ფაქტობრივად მე შევეწირე. დავრჩი უმუშევარი. მაშინ, მე და ნათიას საერთო ორი შვილი გვყავდა, ისინიც ტყუპები არიან. სახლში არ დავმჯდარვარ, სახელმწიფოს არ ჩამოვკიდებივარ. ავეჯის საამქროში ვმუშაობდი. მერე კიდევ ტყუპები გვეყოლა. ჩვენი საამქრო მფლობელებმა დახურეს და ისევ უმუშევარი დავრჩი. მშენებლობაზე, ბენზინგასამართ სადგურზე, გადამზიდავად, მუშად ყველგან მიმუშავია, რაც გამოჩნდებოდა, იქ მივდიოდი. რამდენიმე წლის წინ, უმუშევარი დავრჩი, რადგან თბილისში მიწერა არ გვქონდა, სოციალური დახმარებითაც ვერ ვსარგებლობდით. ბინის ქირა ვერ გადავიხადეთ და საბურთალოზე, წითელ ბაღში ვათენებდით ღამეებს, კიდევ კარგი, რომ ზაფხული იყო… თბილისის ყველა ქუჩაზე გვიცხოვრია, გვიწევდა ბავშვების დამალვა, მრავალშვილიან ოჯახებს ეცოდინებათ, არცერთ მეპატრონეს არ უნდა დიდ ოჯახზე სახლის მიქირავება. სულ პრობლემა გვქონდა ამ მხრივ. ბოლო ოთხი წელია, ორთაჭალაში ერთი კერძო სახლი ვიქირავეთ. თბილისის მერია ძალიან დაგვეხმარა. სოციალური დახმარებაც დაგვინიშნეს და ბინის ქირის ნაწილსაც გვიხდიან. ერთჯერად დახმარებასაც გვაძლევენ, მაგრამ ბინას ხომ ვერ გვიყიდიან? ახლა, მეპატრონე გვთხოვს, რომ სასწრაფოდ დავცალოთ, რადგან სახლის გაყიდვა უნდა. სად წავიდეთ ერთი ოჯახის 12 წევრი? მაინცდამაინც ბავშვები უნდა მივატოვოთ? თავს მოვიკლავ და ამას ვერ გავაკეთებ. რა დავაშავეთ, ნუთუ დანაშაულია, ამ მცირე ერში 9 შვილი გავზარდო? ჯარისკაცი ვარ და ქართული სულისკვეთებით ვუზრდი საქართველოს ჩემს შვილებს. იცით როგორი გოგო-ბიჭები არიან? სკოლის დირექტორმა მითხრა, 6 წელია ოქროს მედალოსანი არ გვყოლია და ახლა, ჩემი ბიჭია კანდიდატი. ამ გაჭირვებაში, ღია ცის ქვეშაც კი უმეცადინია. დავისვამ ჩემს შვილებს ირგვლივ იატაკზე, წიგნს ვუკითხავ და ასე ვატარებთ დროს. მეუღლის ავადმყოფობის გამო, სახლის საქმეებსაც თავად ვაკეთებ. ვრეცხავ, ვხვეტავ, საჭმელსაც ვამზადებ, ბავშვები სკოლაში დამყავს. ჩვენი მთავარი პრობლემა უსახლკარობაა, სხვა მხრივ, ისეთი შეხმატკბილებული ოჯახი გვაქვს, ბევრ უპრობლემო ოჯახს რომ შეშურდება. ძალიან გვიყვარს ერთმანეთზე ზრუნვა. თუმცა, მთავარი რამ არ გვაქვს – ჩვენი თბილი კერა, საიდანაც ვერავინ ვერასოდეს გაგვაგდებდა. ბავშვები არასოდეს მსაყვედურობენ იმაზე, რაც აკლიათ, მაგრამ გაჭირვების აფიშირების სცხვენიათ… ჩვენს დიდ ოჯახს მატერიალურად რამდენი სჭირდება ​ალბათ, რთული წარმოსადგენი არაა, დღეში მხოლოდ ექვსი პური გვინდა… სკოლა ახლოს არაა და ტრანსპორტი გვჭირდება. ყველაფერი რომ მოვიკლოთ, პურზე, წიგნებსა და რვეულებზე ბავშვებს უარი როგორ უნდა ვუთხრა? როცა საუკეთესო მოსწავლეები არიან. უფროს ტყუპებს, რომლებიც მეუღლეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, სახელობო პროფესიები შევასწავლეთ. შშმ პირია ბიჭი, მაგრამ მას ავეჯის დამზადება მე თვითონ ვასწავლე, საამქროში დამყავდა, როცა იქ ვმუშაობდი. გოგონამ სტილისტის კურსები გაიარა, სამსახურში გაიცნო მამაკაცი, რომელზეც იქორწინა და ბავშვი გაუჩნდათ. სამშობიაროდან წავიდა ჩვენი სიძე, არ უნდოდა ბავშვზე პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ არაუშავს, როგორც ჩვენ ვიცხოვრებთ, ისე ვაცხოვრებთ ჩვენს პატარა შვილიშვილსაც. უკვე ექვსი თვისაა. ხანდახან არ მჯერა, როცა ტელევიზიებში აცხადებენ, გაჭირვებულ ოჯახს სახლი აჩუქესო. იმდენი პრობლემა გვაქვს, ავადმყოფი მეუღლის ქმარი ვარ, ერთი შვილი ქმედუუნაროა, მარტოხელა დედაა ჩემი გოგონა, 8 არასრულწლოვანი გვყავს, ნუთუ ოჯახის სიყვარული შეიძლება სასჯელად იქცეს? სად წავიდეთ, და როგორ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მინიმუმ ორი თვე სჭირდება, ახალი ხელშეკრულება რომ გააფორმოს სხვა ბინის მეპატრონესთან ქირის დაფინანსებზე, კანონს ხომ ვერ დაარღვევენ? რაც შეუძლიათ ყველაფერს გვიკეთებენ, გვეხმარებიან, მაგრამ წესი წესია. ამ თვეების განმავლობაში ისევ ქუჩაში მოგვიწევს ცხოვრება… რაზე ვოცნებობ? ოთხ კედელზე, სადაც იმპერატიული ტონით ვერავინ გვეტყვის – დაცალე!“ – ამბობს მრავალშვილიანი მამა.
0