DRI - გალის რაიონის მოსახლეობა პანდემიის პირობებში მოკლებულია ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას

0
იზოლაციაში მოქცეული გალის რაიონის მოსახლეობა, პანდემიის პირობებში მოკლებულია ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას და სასიცოცხლო სერვისებზე ხელმისაწვდომობას, - ამის შესახებ ინფორმაციას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სოფელ საბერიოს საავადმყოფოს მედიკამენტების მარაგი თითქმის ამოეწურა. ამ კრიზისს ამძიმებს ისიც, რომ საკარანტინო ზომების გამკაცრების შედეგად, ჩაკეტილია ე.წ. გამშვები პუნქტები და შეზღუდულია თავისუფლად გადაადგილება. ეს, არასამთავრობოს განმარტებით, შეუძლებელს ხდის საქართველოს კონტროლირებადი ტერტორიიდან მედიკამენტების გაგზავნას. "საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საბერიოს საავადმყოფოს პაციენტების დიაგნოსტირებისა და ხარისხიანი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად არ გააჩნია ისეთი მნიშვნელოვანი აპარატურა, როგორიც არის: ულტრაბგერის და რენტგენის აპარატი, დოზიმეტრი. მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ხშირ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების მანქანის გაუმართაობის გამო, გამოძახებისას მედ პერსონალი ვერ ახერხებს ადგილზე დროულად მისვლას, რაც რიგ შემთხვევაში ფატალურ შედეგს იწვევს", - ვკითხულობთ განცხადებაში. მათივე თქმით, მისასალმებელია რუხში მდებარე საავადმყოფოს დაჩქარებული წესით გახსნა და აფხაზეთიდან პაციენტების მიღების მზადყოფნა. თუმცა სამწუხაროდ შემდეგ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობის პირობებში წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში არ გაითვალისწინეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და მათ დასახმარებლად გადასადგმელი ნაბიჯები. ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა მოხერხდეს პანდემიის პირობებში გალის რაიონის სოფელ საბერიოში მდებარე სამედიცინო დაწესებულების მედიკამენტებით და სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ცნობით, კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. ამ სტატისტიკას საქართველოს მთავრობა არ ენდობა.
0