საქმე “მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” და წამების ფაქტები ციხეში.

0
2004 წლის 22 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და უკანონო ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააპატიმრეს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი. მის დაპატიმრებას წინ უძღვოდა მისი პრესკონფერენცია, სადაც განაცხადა, რომ კონტროლის პალატის თავჯდომარედ მუშაობისას მოპოვებული ჰქონდა დოკუმენტაცია, რომელიც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების კორუფციასთან კავშირს ადასტურებდა. დაპატიმრებიდან სამ თვეში კონტროლის პალატის ყოფილ თავჯდომარეს ვაკე-საბურთალოს სასამართლომ უკვე მოხდილი სამთვიანი პატიმრობა კიდევ სამი თვით გაუგრძელა. ამის შემდე იგი სტენოკარდიული შეტევით ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სულხან მოლაშვილის ადვოკატებმა და ზოგიერთმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ სულხან მოლაშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი და წინასწარი დაკავების იზოლატორში მას სასტიკად აწამებდნენ. ალტერნატიულმა სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა მისი ელექტროშოკითა და სიგარეტის ნამწვებით წამების ფაქტი. სულხან მოლაშვილის ადვოკატი შალვა შავგულიძე იხსენებს : “სულხანი პირველად მე ვნახე, რომ მოიყვანეს, ზურგი სულ ამომწვარი ჰქონდა სიგარეტით. ვერ იძინებდა, ისეთ მდგომარეობაში იყო ტკივილისგან. მაშინაც ამბობდა, რომ ხმებით ზუსტად მახსოვს ვინ იყვნენო. მან ხმებით იცნო ეს ხალხი, რადგან თავზე გადაფარებული ჰქონდა და ისე აწამებდნენ.” 2004 წელს სულხან მოლაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართა. 2008 წელს პატრიარქის თხოვნით და მძიმე ავადმყოფობის გამო, სულხან მოლაშვილი შეიწყალეს. გათავისუფლების შემდეგ ხელისუფლება მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლით ცდილობდა ეიძულებინა მოლაშვილისთვის ევროპული სასამართლოდან სარჩელი გამოეტანა, თუმცა ამის მიუხედავადაც, მას სარჩელი არ გამოუტანია. ათწლიანი ლოდინის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” საბოლოო ვერდიქტი მიიღო. საქართველოს სახელმწიფომ აღიარა ევროკონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 მარტის წერილის საფუძველზე, ხელისუფლებამ სულხან მოლაშვილის წამების ფაქტის საფუძვლიანად გამოძიების შემდეგ, სამი თვის ვადაში მოლაშვილის სასარგებლოდ 20 000 ევროს გადახდის ვალდებულება აიღო. წყარო: დემოკრატია და მოქალაქეობა, მოლაშვილის საქმის დეტალები.
#politics
#Law
#Georgia
#EuropianLaw
#Humanrights
0