ცნობილი მწერლები, რომლებიც ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალნენ

0
ალფრედ დობლინი და მალკოლმ ლოური — 1957 წლის 26 ივნისი ბერლინი. ალექსანდერპლაცის ავტორი ალფრედ დობლინი გერმანიაში პარკინსონის დაავადებით 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმავე დღეს ცნობილი ინგლისელი მწერალი მალკოლმ ლოური, რომელსაც მკითხველების დიდი ნაწილი მისი გახმაურებული რომანით Under the Volcano (ვულკანის ქვეშ) იცნობენ, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოლდოს ჰაქსლი და კ.ს. ლუისი — 1963 წლის 22 ნოემბერი 1963 წლის 22 ნოემბერს ლიტერატურულმა სამყარომ ერთდროულად დაკარგა გასული საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ავტორი: საოცარი ახალი სამყაროს ავტორი ოლდოს ჰაქსლი და ნარნიის ქრონიკების შემოქმედი კ.ს. ლუისი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ დღეს მოკლეს ჯონ კენედი. ერთი დღისთვის მეტისმეტად ბევრი დანაკარგია, არა? ჯუნა ბარნსი და ჯონ ჩივერი — 1982 წლის 18 ივნისი ამ ორ ცნობილ ამერიკელ მწერალს, სამწუხაროდ, ქართველი მკითხველები კარგად არ იცნობენ, არადა ჯუნა ბარნსი ძალიან მნიშვნელოვანი რომანის Nightwood ავტორია, რომელიც ლესბოსური სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, ჯონ ჩივერის კი თავისი შთამბეჭდავი მოთხრობების გამო "გარეუბნელ ჩეხოვად" მოიხსენიებდნენ. ისინი სწორედ ერთ დღეს გარდაიცვალნენ. პრიმო ლევი და ერსკინ კოლდუელი — 1987 წლის 11 აპრილი ჰოლოკოსტგამოვლილმა პრიმო ლევიმ მკითხველებს მეორე მსოფლიო ომის შესახებ უმნიშვნელოვანესი შემოქმედება დაუტოვა. ერსკინ კოლდუელი კი ცნობილია თავისი რომანით Tobacco Road (თამბაქოს გზა), რომლის მიხედვითაც ბროდვეიზე ცნობილი სპექტაკლიც დაიდგა. ორივე თავის სამშობლოში — ლევი იტალიაში, კოლდუელი და ამერიკაში გარდაიცვალა. ჯერომ სელინჯერი და ჰოვარდ ზინი — 2010 წლის 27 იანვარი გასული ათწლეული მნიშვნელოვანი დანაკარგებით დაიწყო: საკულტო წიგნის თამაში ჭვავის ყანაში ავტორი ჯერომ სელინჯერი და ცნობილი ისტორიკოსი ჰოვარდ ზინი 2010 წლის 27 იანვარს გარდაიცვალნენ. კარლოს ფუენტესი და ჯინ კრეიგჰედ ჯორჯი — 2012 წლის 15 მაისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მექსიკელი მწერალი და რომან არტემიო კრუსის სიკვდილის ავტორი კარლოს ფუენტესი ზუსტად იმ დღეს გარდაიცვალა, როცა Julie of the Wolves-სა და My Side of the Mountain-ის ავტორი ამერიკელი მწერალი ჯინ კრეიგჰედ ჯორჯი გულის შეტევით დაიღუპა. გიუნტერ გრასი და ედუარდო გალეანო — 2015 წლის 13 აპრილი ნობელის პრემიის ლაურეატი გიუნტერ გრასი, რომელსაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს თავისი ეპოქალური რომანით თუნუქის დოლი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმავე დღეს ლიტერატურული სამყარო დაემშვიდობა მნიშვნელოვან ურუგვაელ ავტორს — ედუარდო გალეანოს. უმბერტო ეკო და ჰარპერ ლი — 2016 წლის 19 თებერვალი ყველასთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს, ამ ორ გენიალურ ავტორთან ერთდროულად დამშვიდობება მეტისმეტი იყო: უმბერტო ეკომ კაცობრიობას აჩუქა ისეთი დიდებული რომანები, როგორებიცაა ვარდის სახელი და ფუკოს ქანქარა, ჰარპერ ლიმ კი სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ცნობიერება თავისი განუმეორებელი წიგნით ნუ მოკლავ ჯაფარას. ბონუსი: შექსპირი და მიგელ დე სერვანტესი არსებობს ვარაუდი, რომ კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ორი დიდებული შემოქმედი — ინგლისელი უილიამ შექსპირი და ესპანელი მიგელ დე სერვანტესი ერთ დღეს, 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალნენ. თუმცა მკვლევრების ნაწილი სერვანტესის გარდაცვალების უფრო სანდო თარიღად 22 აპრილს მიიჩნევს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ესპანეთში იმ დროს უკვე გრიგორიანულ კალენდარს იყენებდნენ, ინგლისში კი ჯერ კიდევ იულიუსის სისტემას მისდევდნენ.
#ცნობილიმწერლები
#მწერლობა
#ერთდღესგარდაცვლილიმწერლები
#ხელოვნება
Tbilisi
0