რა შემთხვევაში მიიღებთ 200 ლარიან დახმარებას

0
თქვენ ისარგებლებთ კომპენსაციის მიღების უფლებით თუ აკმაყოფილეთ შესაბამის პირობებს. TbilisiDaily გთავაზობთ პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე. 1. თუ მე ვიყავი დასაქმებული, რა შემთხვევაში მივიღებ კომპენსაციას და რა ოდენობით? თუ თქვენ მუშაობდით 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც და იღებდით ხელფასს (რაზეც თქვენს დამსაქმებელს უნდა ქონდეს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაცია) და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეგიწყდათ ან შეგიჩერდათ შრომითი ურთიერთობა და აღარ იღებთ ხელფასს, გაქვთ უფლება მიიღოთ კომპენსაცია თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში. 2. თუ მარტის თვის ხელფასი აპრილში ავიღე, თუმცა რეალურად აპრილიდან აღარ ვმუშაობ, მაქვს თუ არა უფლება ავიღო კომპენსაცია 200 ლარი აპრილის თვისთვის? ვინაიდან ხელფასი აიღეთ აპრილში და აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურს ეცნობა აპრილის თვეში, თქვენ კომპენსაციის მიღების უფლება გექნებათ მხოლოდ მაისიდან. 3. როგორ უნდა მოვიქცე და რომელ უწყებას მივმართო რომ მომცენ თვეში 200 ლარიანი კომპენსაცია ? თქვენ არ უნდა მიმართოთ არც ერთ უწყებას, თქვენმა კომპანიამ, სადაც მუშაობდით და საიდანაც გაგათავისუფლეს ან დროებით ხართ უხელფასო შვებულებაში - არაუგვიანეს ყოველი თვის 15 რიცხვისა ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურში სპეციალური ფორმით უნდა წარადგინოს იმ პირთა სია, რომლებზეც ხელფასი გაცემული აქვს 2020 წლის პირველ კვარტალში - იანვარი, თებერვალი, მარტი ერთხელ მაინც და აღარ გაუცია ხელფასი წინა თვეში. 4. რას აკეთებს შემოსავლების სამსახური მას შემდეგ, რაც დამსაქმებელი წარუდგენს ინფორმაციას? შემოსავლების სამსახური დაამუშავებს ამ მონაცემებს და შესაბამის პირთა სიას, ვისაც უფლება აქვს მიიღოს 200 ლარი, წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არაუგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 20 რიცხვისა. 5. როდის და სად ავიღებ 200 ლარს? კომპენსაციას დასაქმების სააგენტო ჩაგირიცხავთ საბანკო ანგარიშზე, არაუგვიანეს იმ თვის მომდევნო თვის 30 რიცხვისა, როცა ვერ მიიღეთ ხელფასი. მაგალითად, თუ პირმა ვერ მიიღო მაისის ხელფასი, შესაბამისი კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს 30 ივნისისა. 6. რა შემთხვევაში შეიძლება შემიწყდეს 200 ლარიანი კომპენსაცია დანიშვნიდან 6 თვის გასვლამდე პერიოდში? კომპენსაცია შეგიწყდებათ თუ: ა) თუ თქვენ კვლავ დაიწყებთ მუშაობას და 2020 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნება ამის შესახებ ინფორმაცია ბ) განცხადებით მოითხოვთ კომპენსაციის შეწყვეტას გ) თუ ხართ საქართველოს მოქალაქე და გახვალთ საქართველოს მოქალაქეობიდან ან დაკარგავთ საქართველოს მოქალაქეობას დ) თუ კომპენსაციის მიმღები პირი გარდაიცვალა. 7. ვიყავი დასაქმებული, 2020 წლის პირველ კვარტალში მერიცხებოდა ხელფასი, თუმცა გამათავისუფლეს სამსახურიდან, ასევე მქონდა მცირე ბიზნესი და ვაკმაყოფილებ 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემისთვის დადგენილ წინაპირობებს, მაქვს თუ არა უფლება მივიღო როგორც ყოველთვიური 200 ლარიანი, ისე თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული 300 ლარიანი კომპენსაცია? ორივე კომპენსაციას ერთდროულად ვერ მიიღებთ და ასეთ შემთხვევაში თქვენ გექნებათ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება. PS. 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება არ აქვთ იმ პირებს, რომლებზეც 2020 წლის 1 კვარტალში ფიქსირდება ხელფასის გაცემა: საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი, ან ასეთი საწარმოს დაფუძნებული/შვილობილი საწარმოდან. ასეთ უწყებებს მიეკუთვნება მაგალითად: • სამინისტროები • მუნიციპალიტეტები • სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირები - (მათ შორის საჯარო სკოლები, თეატრები, ანსამბლები და მუზეუმები) • და სხვა #news #200ლარიანიდახმარება #კომპენსაცია #Tbilisdaily #DailyNews
0