ქვეყანაში ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია

0
ქვეყანაში ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა გაგვათამამოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანა არის შიდა გავრცელების მერვე კვირაში და ყოველდღიურად ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება. „ჩვენ სერიოზულად გავზარდეთ ტესტირებულ ადამიანთა რაოდენობა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საშუალოდ 1500 ადამიანს ჩავუტარეთ „პისიარ“ ტესტი. მხედველობაში მაქვს როგორც კონტაქტირებული ინფიცირებულთან, ისე სხვადასხვა რისკ-ჯგუფები. აქ არის სამედიცინო პერსონალი, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, მოხუცთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი. უპირველესად, იტესტებიან ცხელების კლინიკების სამედიცინო პერსონალი – ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი; „კოვიდის“ კლინიკები, ასევე რეანიმატოლოგები, ასევე ინტენსიური თერაპიის ექიმები. მინისტრის ახალი ბრძანებით დადგენილია რისკ-ჯგუფები, სადაც უპირველეს ყოვლისა ხდება ტესტირება, ამიტომაც ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ფართოვდება „პისიარ“ ტესტირების არეალი. მიუხედავად ამისა, გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯერ დაღმავალია, ანუ მცირდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამაოს. ამან არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ „კოვიდ-19“ დავამარცხეთ ქვეყანაში, რადგან თუ ეს ილუზია შეიქმნება და ადამიანები არ დაიცავენ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა (ეს არის სოციალური დისტანცია, ჰიგიენა და სხვა მრავალი), მაშინ შესაძლებელია ინფექცია ისევ დაბრუნდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, დიდი ალბათობით და ამას პროგნოზირებს მეცნიერთა უმრავლესობა, რომ ზაფხულში უნდა იყოს უფრო მეტად მშვიდი პერიოდი, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი. „ზაფხულში სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, როცა უკვე რესპირაციული ინფექციები, გრიპი, სხვა ინფექციებიც თუ იქნება, არ იყოს ზედდება. პროგნოზირებენ, რომ ამის ალბათობა არსებობს „კოვიდის“ შემდგომი ტალღის და გრიპის სახით, ერთად, ამიტომ უნდა იყოს სრული მზადყოფნა ყველა სექტორის. თუ იქნება ტალღა, ამას შესაბამისად ადეკვატურად უპასუხოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. კითხვაზე, უნდა გაგრძელდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება. „რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას ქვეყანაში, საქართველო მიდის იმ გეგმის მიხედვით, რაც არის მთავრობის მიერ წარდგენილი ექვსეტაპიანი შემსუბუქების გეგმა, თუმცა ეპიდსიტუაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნას უფრო სწრაფად. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას, ეს გახლავთ საკოორდინაციო საბჭოს, შემდგომ პარლამენტის, პრეზიდენტის პრეროგატივა, რადგან საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე, და მოხდება ამ საკითხის განხილვა დეტალურად. საკოორდინაციო საბჭოსგან მიღებული იქნება გადაწყვეტილება, მისი გაუქმების ან გაგრძელების შესახებ. დღევანდელ ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
0