გია ყანჩელი: სიჩუმე, რომელიც მუსიკას მოსდევს, თავისთავადაც მუსიკაა

0
დიდი ქართველი კომპოზიტორი - გია ყანჩელი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გია ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. მან ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1963 წელს დაამთავრა. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ჩვენ გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ინტერვიუდან ამერიკელ ჟურნალისტთან ბრიუს დაფისთან. კომპოზიტორის სიტყვებს ინგლისურად მისი შვილი თარგმნიდა. - უპირველესყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამერიკაში ჩამოსვლისთვის. -მადლობა თქვენ. - არის თუ არა რამე განსხვავება ქართველი კომპოზიტორის მუსიკასა და ევროპელი ან ამერიკელი კომპოზიტორის მუსიკას შორის? - არა. -საერთოდ არანაირი? - იგივე განსხვავებაა რაც ფრანგულ და ამერიკულ, ან გერმანულ და ინგლისურ მუსიკას შორის. ენა, რომელსაც ქართველი კომპოზიტორები იყენებენ იგივეა, რაც ევროპაში, იგივეა მთელ მსოფლიოში - ეს მუსიკის ენაა. - თქვენ იქ უნივერსიტეტში სწავლობდით. არის თუ არა რამე ფუნდამენტური განსხვავება სწავლების მეთოდებს შორის? - არა, ასე არ ვფიქრობ. - ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუსიკა უნივერსალური ენაა? -რა თქმა უნდა. - არის თუ არა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თქვენთვის, რომ ამ ენაზე საუბარი შეგიძლიათ? - ეს ყველა კომპოზიტორისთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა. ჩემთვის კი ორმაგად მნიშვნელოვანია - მე არც ფრანგულად ვსაუბრობ, არც ინგლისურად და არც გერმანულად. - ანუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველას ეურთიერთოთ? - ყველას, რადგან სხვანაირად ურთიერთობა შეუძლებელია. - ერთი თქვენი ჩანაწერი წავიკითხე სადაც სიტყვა "გაოცებას" იყენებთ. თქვენ ამბობთ, რომ მუსიკამ საზოგადოება უნდა გააოცოს. თქვენ, როგორც კომპოზიტორი, ხართ თუ არა გაოცებული იმით , რაც შეგიქმნიათ? - საკუთარი მუსიკით - არა. ის არ მაოცებს, მაგრამ სხვა ადამიანების მუსიკა - კი. მაგალითად, გუშინ, ლინკოლნის ცენტრში, სტრავინსკის "პეტრუშკას" ვუსმენდი. ეს მონაკვეთი სტუდენტობაში ზეპირად ვიცოდი. მიუხედავად ამისა, გაოცებული ვიყავი. ოთხი დღის წინ, შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონიას ვუსმენდი, რომელიც ასევე ზეპირად ვიცოდი და ახალგაზრდობაში ძალიან მიყვარდა. მიუხედავად ამისა, მან ახლაც გამაოცა. - ნება მომეცით, ფილოსოფიური კითხვა დავსვა. რა არის მუსიკის მიზანი? - ძალიან რთული შეკითხვაა. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი, ისაა რომ მუსიკა არ არსებობს იმისთვის, რომ სამყარო ან მშვენიერება გადაარჩინოს, როგორც დოსტოევსკი ამბობდა. საუბედუროდ, ხელოვნება ცალკე ვითარდება და ცოცხლობს, ხოლო ცხოვრება კი მის პარალელურად არსებობს. ისტორიის ყველაზე ცუდი გაკვეთილები, ისტორიის ყველაზე ტრაგიკული მომენტები, როგორც ვხედავთ, კაცობრიობისთვის არაფერს ნიშნავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ გაკვეთილებს არავინ სწავლობს. ეს უზარმაზარი ტრაგედიები დროის მცირე ინტერვალში კვლავ მეორდება. რა თქმა უნდა ისინი მნიშვნელოვანია, მაგრამ სამყაროს უკეთესობისკენ არ ცვლიან. საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებები, ყველაზე მშვენიერიც კი, ამას ვერ შეცვლის. ვერც პოეზია, ვერც მუსიკა, ვერც ერთი ხელოვნების დარგი ვერ შეცვლის ცხოვრების დინებას. ხელოვნება ადამიანებისა და მასების მიერ სამყაროს ხედვას ვერ შეცვლის. - ბედნიერი იქნებოდით რომ შესძლებოდა? - ამას ვერც კი წარმოვიდგენ. - რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა კომპოზიტორებს? - გულწრფელად რომ ვთქვათ, არაფრის მოერიდოთ, არაფრის შეეშინდეთ. ყველაზე ბანალურში და მარტივში იმალება სილამაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ტრანსფორმაცია და გადმოცემა. ამ ყველაფრის გამოხატვა. ისე კი არ მიყვარს ახალგაზრდებისთვის რჩევების მიცემა, რადგან საკუთარ თავსაც ახალგაზრდად აღვიქვამ და ჯერ კიდევ ვსწავლობ. - მუსიკა რომელსაც ქმნით, ყველასთვისაა? - მინდა, ყველასთვის იყოს. - მუსიკის განვითარებას ოპტიმისტურად უყურებთ? - ვფიქრობ, კი. მგონია, რომ ის სიჩუმესთან იქნება დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, მე მინდა რომ სიჩუმეს უკავშირდებოდეს. - თქვენ მუსიკას ქმნით და ბგერებს აკონტროლებთ. ცდილობთ თუ არა, სიჩუმეც გააკონტროლოთ? - დიახ. დიახ, მგონია რომ სიჩუმე, რომელიც მუსიკას მოსდევს, თავისთავადაც მუსიკაა. და სიჩუმე, თვითონ ბადებს მუსიკას, რომელიც მას მოსდევს. - სიჩუმე ბადებს, და თქვენ კომპოზიტორი ხართ, დედა თუ ბებიაქალი? - მგონია, რომ მამა ვარ. ბოლო შეკითხვაც. მუსიკის წერა ხალისიანი პროცესია? - ყველაზე დიდი ტრაგედია, მუსიკის წერაა. - ყველაზე დიდი ტრაგედია?! - მშურს მათი, ვისთვისაც ეს მხიარული პროცესია. ჩემნთვის ასე არაა. - საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ამად ღირს? - ზოგჯერ, როდესაც ძალიან კარგი შესრულებაა. როდესაც დენის რასელ დეივისი დირიჟორობს, მაშინ ვგრძნობ რომ ეს ყველაფერი ამად ღირს. მას ჩემი მუსიკა ძალიან სწორად ესმის და მას საუკეთესოდ გადმოსცემს. ის ძალიან კარგად გრძნობს ჩემს პაუზებსა და ნელ ტემპს და ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. თუმცა, არის ხოლმე ისეთი შესრულება, რომლის მოსმენის შემდეგ ვფიქრობ, არა, ეს ამად არ ღირს. მაგრამ ცხოვრებაც ასეა მოწყობილი. ზოგჯერ თავს კარგად გრძნობ, ზოგჯერ კი - უარესად....
#გიაყანჩელი
#მუსიკოსი
#კომპოზიტორი
#ქართველიკომპოზტორები
#მუსიკა
#ხელოვნება
Tbilisi
0