ინსტრუქცია ვისაც ელექტრონულად რეგისტრაციის გავლა არ შეუძლია

0
კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულთათვის კონპენსაციის მიმღებთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ ისაუბრა. კომპენსაციის მიმღები პირები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს უნდა ეწვიონ, სადაც სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია, პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება მხოლოდ თვითდასაქმებულებს გააჩნიათ. დაქირავებით დასაქმებულებს, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ, ან უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან, ამ რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ, მათ ავტომატურად დაერიცხებათ შესაბამისი კომპენსაცია. თვითდასაქმებულებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში არიან რეგისტრირებულები და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან 6 კვირის განმავლობაში უნდა შეავსონ განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ჯგუფში შედიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები; პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირები, ინდივიდუალური მეწარმეები. კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროების მტკიცებას წარდგენა, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე, ეს პირები შეტყობინებას იღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე. ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე - საკონტაქტო მონაცემები, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. გარდა ამისა, უნდა ატვირთოს მაგალითად - რომელიმე შემდეგი დოკუმენტი - გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც შემოსავლის მიღების ფაქტი დასტურდება - ეს არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა ინდენტიფიცირება, ეს შეიძლება იყოს შესყიდვების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა. ასევე, 2020 წლის პირველი სამი თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და ეკონომიკური სარგებელი. მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა, ნებართვა, ან ლიცენზია - საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური საქმიანობა და/ან შემოსავალი. ასევე - ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებენ ეკონომიკურ სარგებელს, განაცხადს განიხილავს დასაქმების სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. მიღებული ანგარიში დამუშავდება და კომპენსაცია გადაირიცხება არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. იმ ადამიანებს, რომელთაც ელექტრონული რეგისტრაციის გავლის საშუალება არ აქვთ, შეუძლიათ, მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს.
0