ის, რაც ნახვად ღირს: ჯაბა დიასამიძის ახალი კონცეპტუალური მაღაზია ბარსელონაში – “დარიალი”

0
ბარსელონაში, მე-19 საუკენეში აგებულ Casa Tomas Roger-ის შენობაში მოწყობილი სივრცის ვიზუალურ იდენტობას ქართული ასოები გამოხატავს. დარიალი ჯაბა დიასამიძის განხორციელებული ოცნებაა თანამედროვე კონცეპტუალურ მაღაზიაზე, სადაც ხელოვნება სტუმრის მოთხოვნებს ხვდება და მას ახალი გამოცდილების მიღებას სთავაზობს. თაღებიან ადგილას, რომელსაც ჭერზე მიბჯენილი ოქროსფერი პალმები აფორმებს, წარმოდგენილია ტანსაცმლისა და აქსესუარების ასზე მეტი დიზაინერის ნამუშევარი, სახლისთვის განკუთვნილი ნივთები, წიგნები. მასში ასევე განთავსებულია გალერეა და რესტორანი. დიზაინერებს შორის შევხვდებით როგორც უცნობ, ისე კარგად ნაცნობ სახელებს, რომელთა შორისაც არიან: ჰაიდერ აკერმანი, დრის ვან ნოტენი, მეისონ მარჯიელა, იოჯი იამამოტო, ოლივიე თეისკენსი, ჯეიდაბლიუ ანდერსონი, თომ ბრაუნი, რაფ სიმონსი, ჯაბა დიასამიძე. იშვიათ წიგნებთან ერთად წავაწყდებით BANG & OLUFSEN-ის, MARIAGE FRÈRES-ის, LOMOGRAPHY-ის და სხვა ბრენდების დიზაინს. რესტორან Le Léopard-ში, რომლის სკამებსაც წითელი ხავერდი ფარავს, ფრანგული, ესპანური და იტალიური სამზარეულოს დაგემოვნებაა შესაძლებელი. გალერეა კი თანამედროვე არტისტების გამოფენების ნახვის შანსს იძლევა. დარიალის კარები ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორებისთვის 8 ოქტომბერს გაიხსნა, თვის ბოლოს სივრცეში წარმოდგენილი პროდუქცია გასაყიდად ონლაინაც გამოჩნდება, მის ოფიციალურ საიტზე.
#ჯაბადიასამიძე
#დარიალი
#მაღაზიაბარსელონაში
#მოდა
#დიზაინი
#ქართველიდიზაინერები
Tbilisi
0