ESPN: კალათბურთელ კობი ბრაიანტის გარდაცვალებაზე დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

0
ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთელ კობი ბრაიანტთან და კიდევ 7 ადამიანთან ერთად მფრინავ პილოტს ორგანიზმში ალკოჰოლის ან ნარკოტიკის კვალი არ აღმოაჩნდა და ამასთან, ვერტმფრენის დაცემისთანავე ცხრავე პიროვნებამ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ფატალური დაზიანებები მიიღო. კატასტროფით გამოწვეული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ თავად კობი ბრაიანტის გვამის ამოცნობა, მისი თითის ანაბეჭდებით გახდა შესაძლებელი. ლეგენდარული კალათბურთელი და მასთან ერთად მყოფი მგზავრები, მიყენებული ტრავმების შედეგად, ადგილზევე გარდაიცვალნენ. როგორც ცნობილი გახდა, მანამდე საკმაოდ გამოცდილი პილოტი ეცადა მკვეთრად, ღრუბლებისკენ აეწია საფრენი აპარატი, როდესაც მოულოდნელად მარცხნივ გადაიხარა ვერტმფრენი და მიწისკენ დაცემა დაიწყო. ამ დროს, მისი სიჩქარე 184 კმ/სთ-ს უტოლდებოდა. მიწაზე დაცემა იმდენად ძლიერი იყო, რომ ზედაპირზე ე.წ. კრატერიც კი წარმოშვა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ საფრენ აპარატს არ გააჩნდა სპეციალური სისტემა, რომელიც პილოტს მიწაზე დაცემის საფრთხის შესახებ აფრთხილებს. აქვე, კობი ბრაიანტის მეუღლემ, ვანესა ბრაიანტმა აწ გარდაცვლილი პილოტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, სადაც მას ადანაშაულებდა, რომ იყო უყურადღებო, დაუდევარი და დაგეგმილი ფრენა აუცილებლად უნდა გადადებულიყო. თავის მხრივ, მფრინავის ძმამ განაცხადა, რომ კობი ბრაიანტს გათავისებული ჰქონდა ფრენასთან დაკავშირებული რისკები, მაგრამ მაინც გადაწყვიტა გამგზავრება, შესაბამისად, პილოტის წინააღმდეგ სარჩენის შეტანა უსაფუძვლოა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Kobe Bryant, all others aboard helicopter died immediately in crash, autopsies show (16.05.2020), www.espn.com
#Kobe
#Bryant
#crash
#accident
#pilot
#headline
#sport
0