ჰაკერებმა მუსიკოსების პირადი დოკუმენტები მოიპარეს და ბნელ ქსელში განათავსეს

0
იურიდიული კომპანია Grubman Shire Meiselas & Sacks ადასტურებს ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჰაკერების ჯგუფმა, დასახელებებით REvil და Sodinokibi, კიბერშეტევის საშუალებით, ორგანიზაციის ბაზიდან 756 გიგაბაიტი მოცულობის მასალა მოიპარეს. მათ შორისაა მუსიკოსების ხელშეკრულებები, ტელეფონის ნომრები, კონფიდენციალური შეთანხმებები, ელექტრონული ფოსტის მიმოწერები და ა.შ. კომპანიასთან ისეთი ცნობილი არტისტები თანამშრომლობენ, როგორებიც არიან: მადონა, ლედი გაგა, ბრიუს სპრინგსტინი, ნიკი მინაჟი, მერაია ქერი, კრისტინა აგილერა, Run DMC და სხვები. "ვადასტურებთ, რომ კიბერშეტევის მსხვერპლი გავხდით. ეს ინფორმაცია ჩვენს კლიენტებს უკვე მივაწოდეთ. ექსპერტებმა მუშაობა დაიწყეს და მიმდინარეობს მოკვლევა", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი გამოცემა Rolling Stone-თან საუბარში. კომპიუტერისა და ქსელების უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე კომპანია Emsisoft-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა მოპარული მასალის ნაწილი ბნელ ქსელში უკვე გაავრცელეს. მათ შორის იყო მადონას საკონცერტო ტურნეს Madame X Tour ფარგლებში კომპანია Live Nation-თან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები, აგრეთვე, დევიდ ბოუის წარმომადგენლებთან, Lizzo-სა და Lil Nas X-თან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტი. Emsisoft-ის ანალიტიკოსის, ბრეტ ქელოუს თქმით, ჰაკერები მოპარული მასალის სრულად გამოქვეყნებით იმუქრებიან, თუ კომპანია გარკვეულ თანხას არ გადაიხდის. Grubman Shire Meiselas & Sacks-ის ვებგვერდი ამ დრომდე გათიშულია და მასზე მხოლოდ ლოგოა გამოსახული. წყარო: popmusic.ge
#news
0