ვინ იყო გორელი ალესანდრე ნადირაძე

0
ქალაქ გორის სახელის გაგონებაზე ყველას თუ არა უმეტესობას მაინც რატომღაც სტალინი ახსენდება პირველ რიგში. გასაკვირი არც არის რადგან დღემდე ყველაზე ცნობილ გორელად ითვლება თუმცა დღეს სხვა გორელზე მინდა მოგიყვეთ რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი პიროვნება იყო თუმცა დღეს გორელებისთვისაც ნაკლებად ცნობილია. მისი სახელობის ქუჩაც არის გორში მაგრამ მისი სახელის და გვარის გარდა ცოტამ თუ იცის ვინ იყო ალექსანდრე ნადირაძე. ალბათ ყველას გსმენიათ რუსეთის ძლევამოსილ სამხედრო შეიარაღებაზე(მითია თუ სინამდვილე ეგ ცალკე საკითხია) მაგრამ ცოტამ თუ იცის ვინ იყო სამხედრო ბალისტიკური რაკეტების ავტორი. საავიაციო და სარაკეტო სისტემების კონსტრუქტორის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე ნადირაძის რეგალიების ჩამონათვალი მეტად ვრცელია: ლენინური პრემიის ლაურეატი (1966), ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1976, 1982), ოთხგზის ლენინის ორდენოსანი (1968, 1976, 1978, 1982), ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალერი (1984), ლენინური (1966) და სახელმწიფო (1987) პრემიების ლაურეატი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972), რსფსრ-ს დამსახურებული გამომგონებელი (1973), საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1981). ალექსანდრე დავითის ძე ნადირაძე დაიბადა 1914 წლის 20 აგვისტოს, გორში, მასწავლებლის ოჯახში. კონსტრუქტორობით სიჭაბუკეშივე დაინტერესდა და 1932 წელს მუშაობა დაიწყო თბილისში, „ოსოავიაქიმის“ საქართველოს საბჭოს ავიასამოდელო ლაბორატორიაში, სადაც დაფიქსირდა მისი პირველი გამოგონება საფრენოსნო აპარატების დარგში. ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (თბილისი, 1936 წ.) შევიდა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის თვითმფრინავთმშენებლობის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1940 წელს. 1938 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში ინჟინრად, შემდეგ – ჯგუფის ხელმძღვანელად. სამეცნიერო კვლევის საგანი იყო თვითმფრინავის საჰაერო ბალიშის პრინციპზე დაფუძნებული ამფრენ-დამჯდომი მოწყობილობა. სწორედ ეს მოწყობილობა დამონტაჟდა „УТ-2Н“ტიპის თვითმფრინავზე. ალექსანდრე ნადირაძის შრომის წიგნაკში ხელმძღვანელი თანამდებობის ჩანაწერი პირველად გაჩნდა 1941 წლის აგვისტოში: მოსკოვის გორბუნოვის სახელობის 22–ე ქარხნის მთავარი კონსტრუქტორი. ომის წლებშივე ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის ხუთი სახეობა გამოიგონა. 1945 წელს მოსკოვის მექანიკური ინსტიტუტის რეაქტიული იარაღის ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარ კონსტრუქტორად დანიშნეს. 1948 წელს კი, ბიუროს „КБ-2“-თან შეერთების შემდეგ, ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ჭურვებისა და არამართვადი ზენიტური რაკეტების შემუშავების განყოფილების უფროსად გადაიყვანეს. ალექსანდრე ნადირაძის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულება იყო საფრენი აპარატების მექანიკა. მის მიერ არის დამუშავებული საფრენი აპარატების რთული სისტემების აგების თეორიული და ტექნიკური პრინციპები. მას ეკუთვნის მსოფლიოში პირველი მეტეოროლოგიური კვლევითი რაკეტა „МР-1“. 1951 წელს ხელისუფლების დადგენილებით ალექსანდრე ნადირაძეს რადიომართვადი ბომბ „УБ-2Ф“–ით აღჭურვილი საავიაციო კომპლექს „ЧАИКА“-ს შექმნა დაევალა, რომელიც უკვე 1955 წელს მიიღეს შეიარაღებაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ მოაწყო კონკურსი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შექმნის საუკეთესო პროექტზე. კონკურსზე გამარჯვება ალექსანდრე ნადირაძემ მოიპოვა. საბჭოთა რაკეტმშენებლობის ფუძემდებლმა სერგეი კოროლიოვმა, კონსტრუქტორის ნიჭთან ერთად, ალექსანდრე ნადირაძის საორგანიზაციო შესაძლებლობებიც შეამჩნია და 1958 წელს, მისი რეკომენდაციით, ქართველი კონსტრუქტორი 1-ელ საკონსტრუქტორო ბიუროში გადაიყვანეს. იგი დაინიშნა 1-ელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარ კონსტრუქტორად. ალექსანდრე ნადირაძის მისვლამდე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ავიაბომბებისა და ტორპედოების შექმნით იყო დაკავებული. მისი მისვლის შემდეგ კი ახალი კლასის შეიარაღებაზე – ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების შექმნაზე გადაერთო. 1965 წელს ორგანიზაციას სახელწოდება შეუცვალეს და მას მოსკოვის სითბოტექნიკის ინსტიტუტი ეწოდა. ამ ინსტიტუტის შეუცვლელი ხელმძღვანელი იყო ალექსანდრე ნადირაძე 26 წლის განმავლობაში. 1966 წელს ინსტიტუტს დაევალა შეექმნა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა მოძრავი საგრუნტო კომპლექსისათვის („Темп“-20). ამ პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, 1971 წელს, ნადირაძის საკონსტრუქტორო ბიურომ კომპლექს „Пионер“’-ზე დაიწყო მუშაობა. 1976 წელს სარაკეტო კომპლექსი შეიარაღებაში მიიღეს. ეს “სარაკეტო-ბირთვული ფარი“ იყო იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ნამდვილი სიამაყე. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის ავიაციისა და კოსმონავტიკის მუზეუმში „Пионер“-ის ერთ-ერთი ეგზემპლარი დღემდე მთავარ ექსპონატად ინახება. ჩვენი დროის სამხედრო–ტექნიკური საოცრების, „Тополь“-ის ავტორი და შემქმნელიც სწორედ ჩვენი თანამემამულეა. ალექსანდრე ნადირაძის სარაკეტო ტექნიკის მაღალ საბრძოლო თვისებებზე მეტყველებს, რომ საკონტროლო გამოცდების ჩაბარების, სასწავლო-საბრძოლო გაშვების თუ სადემონსტრაციო სროლების 30-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი არადამაკმაყოფილებელი შედეგი, არც ერთი წარუმატებელი გაშვება. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა არამარტო „Темп“, „Пионер“, „Тополь“–ის ტიპის სარაკეტო კომპლექსები, მისი ხელმძღვანელობითაა შექმნილი, აგრეთვე, რაკეტები მყარ საწვავზე სისტემებისათვის: „ვოსხოდი“, „სოიუზი“, „კოსმოსი“, „სოიუზ-აპოლონი“, „პროგრესი“. 1984 წელს ალექსანდრე ნადირაძის „საპატიო თბილისელად“ არჩევასთან დაკავშირებით მოხერხდა მისი „თბილისობაზე“ ჩამოყვანა. საქართველოში ვიზიტი მხოლოდ ხუთ დღეს გაგრძელდა. 1936 წლის შემდეგ ის მხოლოდ ორჯერ იყო ნამყოფი თბილისში – დედისა და მამის დაკრძალვაზე. ახლაც, პირველ რიგში, კუკიაზე ავიდა და მშობლების საფლავი მოინახულა. შემდეგ გორში წაყვანა ითხოვა და ფეხდაფეხ მოიარა საყვარელი ადგილები. გზადაგზა ბავშვობისდროინდელ თავგადასავლებს იგონებდა, თითქოს ეთხოვებოდა მონატრებულ სამშობლოს. ალექსანდრე ნადირაძე 1987 წლის 3 სექტემბერს, უეცრად, გულის შეტევით გარდაიცვალა მოსკოვში. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, სადაც დგას მისი ძეგლი. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად კოსმონავტიკის ფედერაციისა და მოსკოვის სითბოტექნიკის ინსტიტუტის მიერ დაწესებულია აკადემიკოს ალექსანდრე ნადირაძის სახელობის მედალი. სტატიაში გამოყენებულია, საქართველოს ეროვნული ბიბილიოთეკის მასალა. ავტორი : ლაშა ფერსაშვილი #goridaily #გორის
0