რას წერდნენ აბაშიძის რეჟიმზე?

0
მემედ აბაშიძის შვილიშვილისგან, ალბათ, ვარდების რევოლუციამდელი აჭარა სულ სხვა ტიპის მმართველობას ელოდებოდა. თუმცა მანამ, სანამ საქართველო არაერთ გარე და შიდა კონფლიქტში იყო ჩართული, ასლან აბაშიძეს სურდა, მცირე სამფლობელოში დიდი დიქტატურა დაემყარებინა. 2003 წელს რადიო თავისუფლებამ ასე მიმოიხილა იმდროინდელი აჭარის პოლიტიკური ვითარება: "1999 წლის არჩევნების წინ ბათუმში ჩამოყალიბებული გაერთიანება ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრად მოინათლა. ამ ცენტრის მთავარი ბურჯი ასლან აბაშიძე იყო, იდეოლოგი კი – ალექსანდრე ჭაჭია. ჭაჭიას მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილი იდეოლოგიის ორი მთავარი ღერძი ასე გამოიყურებოდა: ტრადიციული საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოების ნაცვლად, და ჩრდილოეთ-სამხრეთის ინტეგრაცია, დასავლეთ-აღმოსავლეთის ინტეგრაციის ნაცვლად". 1999-დან მოყოლებული, აბაშიძეს ჰქონდა ამბიცია, აჭარას გაცილებით უფრო ფართო ავტონომიით ესარგებლა, ვიდრე სხვა რეგიონებს. რაც, ღიად პრორუსული ორიენტაციის იყო და შესაბამისად რუსეთის მხარდაჭერითაც სარგებლობდა, თუმცა ბუნებრივია, ეს რეგიონის განვითარების პოლიტიკური ხედვა არ იყო. ერთპიროვნულ მმართველს არ სურდა, ძალაუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან გაეყო და ერჩივნა, პატარა აჭარის დიდი პიტიახში ყოფილიყო. ამან 2003 წლის შემდეგ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობები გაამწვავა, 2004 წლის 6 მაისს კი ასლანს საქართველოდან რუსეთში გაქცევა მოუწია. ეს არ იყო დანებება, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტით იქნა მიღწეული. ქუჩაში გამოდიოდა აჭარის მოსახლეობა და რეგიონის განთავისუფლებას მიესალმებოდა. საზოგადოების უმრავლესობა არ უჭერდა დიქტატურას მხარს, რადგან რეჟიმს ისინი მძევლად ჰყავდა აყვანილი. ასლანი კი დღესაც რუსეთში იმალება. საქართველოში მას ტერორიზმსა და კორუფციაში სდებენ ბრალს. და მაინც, რა იყო კორუფციისა და ტერორიზმის მაგალითი “ასლანის” აჭარაში? აბაშიძემ შექმნა არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც ფაქტობრივად საბაჟოებს აკონტროლბედნენ. ასევე, აჭარასა და დანარჩენ საქართველოს შორის ერთგვარი არალეგალური ბარიერიც არსებობდა - დაჯგუფება რეგიონში შემომსვლელებს ძირფესვიანად აკონტროლებდა. ამასთან, იდევნებოდა ოპოზიცია და არ არსებობდა სამოქალაქო საზოგადოების ცნება. აქციები ძალადობრივად იშლებოდა, ხელისუფლების კრიტიკა მიუღებელი იყო. შეიძლება ითქვას, რომ კუთხური ნაციონალიზმიც, კორუმპირებული რეჟიმის პირობებში, რეალურ გამოწვევას წარმოადგენდა. მაღალ თანამდებობაზე ინიშნებოდნენ მხოლოდ აბაშიძის მიერ ხელდასმული პირები. ამ ყველაფერს 2004 წელს, გიორგობაზე, ბოლო მოეღო. აღსანიშნავია, რომ რუსული პრესა მაშინაც და ახლაც არაოფიცალურ კავშირებს აჭარის იმდროინდელ ხელისუფლებასთან უარყოფდა და მხოლოდ "სამშვიდობო" მისიის შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული. დღესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ცოცხალი მაგალითია რუსული "რბილი ძალის" ჩავარდნის - აბაშიძისა და რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად, ის დღეს საქართველოს განუყოფელი ნაწილია. არ წარმომქნილა რაიმე რუსეთის მიერ აშენებული იდენტობა, რომელიც საქართველოს მოქალაქის იდენტობას არ დაემთხვეოდა. აჭარა დარჩა ცოცხალ მაგალითად, რომ საზოგადოების კონსოლიდაციის პირობებში, რუსული რბილი ძალა ჩავარდნისთვის განწირულია. #ასლანი #აბაშიძე #აჭარა #არქივი batumidaily
0