სალონები ისევ იხურება

0
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების გამო, სალონების თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა სამსახურების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ქეთი დალაქიშვილი ხუთ წელზე მეტია, თელავში, ერთ-ერთ სალონში მუშაობს. სტილისტი თვლის, რომ ახალი რეგულაციების გამო, ის სალონში გადასახდელ ქირას ვერ შეაგროვებს. ფართის მეპატრონემ უკვე დაიწყო საუბარი ქირის მომატებაზე. გვაქვს კომუნალური გადასახადები. უსაფრთხოების წესების დასაცავად, აღჭურვილობაა საჭირო, რომელიც ძვირია და კვირაში ერთხელ მაინც განახლება სჭირდება. ხალხი ისედაც ნაკლები იქნება და საფასურის გაზრდა კიდევ უფრო მძიმედ დაგვარტყამს. ამიტომ დავტოვე სალონი და სახლში ვიმუშავებ“, – განაცხადა დალაქიშვილმა. დღეს დილით, სამმა თანამშრომელმა დატოვა სამსახური, ერთ- ერთ სალონში, სადაც სტილისტი მარინა იმედაშვილი მუშაობს. „დილით სამი თანამშრომელი წავიდა. აქ ყოფნის აზრს ვეღარ ხედავენ. ახლა შემოწმებასაც ველოდებით, საერთოდ მოგვცემენ თუ არა, მუშაობის უფლებას ეგეც არ ვიცი, იმდენი წესის შესრულებაა აუცილებელი. იქნებ ყველას ტესტირება ჩაგვიტარონ, რომ ამდენი რეგულაცია საჭირო აღარ იყოს“, – თქვა იმედაშვილმა. რეგულაციებით გამოწვეულ სირთულეებზე საუბრობს სალონის თანამშრომელი მანანა მამულაშვილიც. „ჩვენი სალონის ფართობი იმდენად პატარაა, რომ ხუთ კვადრატულ მეტრში, ერთ კლიენტზე მეტს ვერ მოვემსახურებით. ისედაც გაზრდილ ქირას ვიხდით. პატარა სალონს, რომელსაც არ აქვს მრავალპროფილური მომსახურება, დიდი ან სულაც საკუთარი ფართი იმდენად გაუჭირდება, შესაძლოა დაიხუროს კიდეც. მომსახურებას ჯერ ვერ გავაძვირებთ, ხალხს ფული არ აქვს“, – უთხრა “პრაიმტაიმს ” მამულაშვილმა. კორონავირუსმა საფრთხის წინაშე, მრავალპროფილიანი სილამაზის სალონებიც დააყენა. ერთ-ერთი ასეთი სალონის მფლობელი, რუსუდან ფირანიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა მომსახურების ფასების მატება გარდაუვალი გახდეს. „ადამიანების უსაფრთხოება უპირველესია, მაგრამ წესების დაცვა, ძვირი ჯდება. რაღაც ეტაპზე, შესაძლოა ფასი გაიზარდოს. ეს კი კლიენტს დაგვაკარგინებს. ცუდი ვითარებაა“, – განაცხადა ფირანიშვილმა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში, კახეთში სილამაზის სალონების თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება დაიწყება. „რაკი სალონების იხსნება, მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის წესების დაცვა აუცილებელია. ამ დღეებში პსრ მეთოდით, სალონების თანამშრომლების ტესტირებას დავიწყებთ, რადგან ისინი, ახლა უკვე რისკ-ჯგუფში შედიან“, – განაცხადა ხიზანიშვილმა. შეგახსენებთ, სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება , მთავრობის სხდომაზე, 14 მაისს მიიღეს. მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის სალონებს მთელი რიგი წესების დაცვა ევალებათ. პრაიმტაიმი
0