ჯოშუა კუცერა: „ფრონტერას“ ლობისტების ბრალდებებს ქართული ოპოზიციის გარდა, სერიოზულად არავინ აღიქვავს

0
ფრონტერას“ ლობისტების ბრალდებებს, რომელთაც საქართველოს ოპოზიციის გარდა, მთელი სერიოზულობით არავინ აღიქვამს, კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თბილისმა შეწყვიტა კონტრაქტი ერთ-ერთ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიასთან, - ამის შესახებ eurasianet-ის მიმომხილველი ჯოშუა კუცერა სტატიაში „ამერიკელი კანონმდებლები რუსეთთან საქართველოს მთავრობის კავშირების გამოძიებას ითხოვენ“ წერს. მისი თქმით, საერთაშორისო არბიტრაჟის დავა ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც ვერ შეასრულა მის წინაშე დაყენებული მკაცრი მოთხოვნები, საქართველოს მთავრობის გამარჯვებით დასრულდა, რასაც კომპანიის მხარდამჭერი კონგრესმენების მხრიდან მოჰყვა თბილისის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში. „15 მაისს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის სახელზე გაგზავნილ წერილში ოთხმა სენატორმა (მათ შორის სენატორი ტედ კრუზი) მოითხოვა „ამერიკის წინააღმდეგ აგრესიულად განწყობილ მოწინააღმდეგეებსა და მტრებთან საქართველოს კავშირების გამოძიება, რადგან ეს კავშირები ძირს უთხრის ჩვენს გეოსტრატეგიულ და ბიზნესინტერესებს“. კერძოდ, წერილის თანახმად, [საქართველოს] მთავრობას ბრალი ედება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების არასათანადო სიმკაცრით გატარებაში, ხოლო „ქართული ოცნების“ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს - რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებში“, - წერს ჯოშუა კუცერა. მისი შეფასებით, რუსეთის მხრიდან ივანიშვილზე გავლენასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელთა უტყუარობაში საქართველოს მთავრობის მოწინააღმდეგეებს ეჭვი არ ეპარებათ, დაუსაბუთებელია და, როგორც წესი, უარყოფილი თბილისთან ურთიერთობებში ჩართული დიპლომატების მიერ. ჟურნალისტის განცხადებით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ ხელმძღვანელობდა, „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც ქვეყნის სათავეში 2012 წელს მოვიდა, არ გამოირჩევა აშკარად ანტირუსული განწყობით. „მეორე მხრივ, საკმარისია ვახსენოთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ქვეყნის სათავეში ყოფნის პერიოდში გააძლიერა საქართველოს კავშირები ამერიკასთან - გაფართოვდა სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ხოლო ქვეყნის კონსტიტუციაში ოფიციალურად აისახა საქართველოს მისწრაფებები ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, რუსეთის მარიონეტობის შეთქმულების თეორიებმა კვლავ წამოყო თავი ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც თბილისმა გადაწყვიტა, სარჩელი შეეტანა ენერგეტიკული კომპანიის Frontera Resources წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში 90-იანი წლებიდან ფუნქციონირებს (სათავო ოფისით ტეხასში). დეკემბერში გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი შეიტანა „ფრონტერას“ წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მხრიდან ხელშეკრულების ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. აპრილში მთავრობამ განაცხადა, რომ არბიტრაჟით დავა მის სასარგებლოდ გადაწყდა და გაწყვიტა კონტრაქტი „ფრონტერასთან“, მიუხედავად იმისა, რომ „ფრონტერამ“ მაინც გაასაჩივრა არბიტრაჟის გადაწყვეტილების მთავრობისეული ინტერპრეტაცია. ამ პერიოდის განმავლობაში „ფრონტერა“ თვეობით არ უხდიდა გასამრჯელოს თავის თანამშრომლებს. პასუხად, „ფრონტერამ“ და მისმა მხარდამჭერმა კონგრესმენებმა დაადანაშაულეს თბილისი კომპანიის წინააღმდეგ მოქმედებაში უბრალოდ იმიტომ, რომ „ფრონტერა“ ამერიკული ფირმაა. იანვარში პიტ ოლსონმა (წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი ტეხასის შტატიდან) ივანიშვილს , , რუსეთის მარიონეტი" უწოდა და ცნობილი სატელევიზიო სერიალის (Sesame Street) ერთ-ერთ პერსონაჟს (Oscar the Grouch) შეადარა, რადგან „ორივე მარიონეტია და ორივე ნაგავს ახვავებს საკუთარ სახლში“. ამისთვის „ფრონტერამ“ გულუხვად დააფინანსა ოლსონის კამპანია, რის გამოც საინფორმაციო ვებგვერდმა Texas Monthly ოლსონი იმავე სერიალის კიდევ ერთ პერსონაჟს (Big Bird) შეადარა, რადგან „ორივემ იცის, ვის უნდა უკმიოს გუნდრუკი“. ხსენებული წერილის ოთხი ავტორიდან სამმა ასევე მიიღო კამპანიის დაფინანსება „ფრონტერასგან“. წერილს, რომელშიც ასახულია უპრეცედენტო სიმძიმის გეოპოლიტიკური ბრალდებები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, წონას ჰმატებს მის ხელმომწერთა შორის 2016 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის, ტედ კრუზის ყოფნა, ასევე ამ პროცესში პომპეოს და მნუჩინის ჩართვის მცდელობა. წერილის ავტორები ცდილობენ, ერთმანეთს დაუკავშირონ საქართველოში მიმდინარე სხვა მოვლენებიც - მაგალითად, შარშან გაუქმებული ხელშეკრულება ანაკლიის მასშტაბური შავიზღვისპირა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ყველაზე მძიმე ბრალდებები მაინც რუსეთს ეხება. წერილის ავტორები მოუწოდებენ ადმინისტრაციას, წარუდგინოს კონგრესს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენადაა „ჩართული „ქართული ოცნება“ ლეგიტიმური ამერიკული ბიზნესის გაძევების მცდელობებში“, ჯერ არ არის ცნობილი, მოახდენენ თუ არა პომპეო და მნუჩინი ამ მოწოდებაზე რეაგირებას. პირველ რიგში, ბრალდებები დიდი სანდოობით არ გამოირჩევა. მეორე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ყოველთვის ცდილობს, გამოვიდეს სამართლიანი შუამავლის როლში საქართველოს უკიდურესად გათიშულ შიდა პოლიტიკაში, ხოლო ამ მხრივ კითხვების დასმა და ჩაძიება ხსენებულ როლს კითხვის ქვეშ დააყენებს - შესაბამისად, ამის ალბათობა ამერიკის სტანდარტებით მცირე კომპანიის გამო ძალიან დაბალია“, - წერს ჯოშუა კუცერა.
#news
#ფრონტერა
#ჯოშუაკუცერა
#tbilisidaily
#dailynews
0