HBO-მ “სამეფო კარის თამაშების” პრიქველის სურათები გამოაქვეყნა

1
ოთხშაბათს, HBO-ს ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელებში “სამეფო კარის თამაშების” გახმაურებული პრიქველის სურათები და გარკვეული პერსონაჟების მოკლე აღწერა გამოაქვეყნა. “House of the Dragon” საკულტო სერიალის 6 პრიქველიდან პირველი იქნება და მოგვიყვება 300 წლით ადრე, ვესტეროსში მყოფი ტარგარიენების შესახებ. 
აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობას სერიალი “Colony-ს” შემქმნელი რაიან კონდალი და “სამეფო კარის თამაშების” ერთ-ერთი რეჟისორი მიგელ საპოჩნიკი გაუწევენ. მათთან ერთად აღმასრულებელი პროდიუსერი წიგნების ავტორი ჯორჯ რ. რ. მარტინიც იქნება. 
ახლა კი მოდით განვიხილოთ გავრცელებული სურათები და პერსონაჯები.
პრინცესა რაენირა ტარგარიენისა და პრინცი დეემონ ტარგარიენის როლებს მსახიობები ემა დ’არსი და მეთ სმიტი შეასრულებენ. რაენირა მეფის პირველი შვილია, რომელსაც სუფთა ვალირიული სისხლი აქვს და დრაკონების ტარება უყვარს. მიუხედავად მისი პრივილეგიებისა, ამ პერსონაჟის ისტორიაში ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ იგი სამეფო ოჯახში მამაკაცად არ დაბადებულა. დეემონ ტარგარიენი კი მეფე ვიზერისის ძმა და ტახტის მემკვიდრეა. მას დრაკონის სისხლი აქვს და ყველაფერთან ერთად შეუდარებელი მეომარია.
ლორდ კორლის ველარიონის, იგივე “The Sea Snake-ის”, როლში სტივ ტუსანს ვიხილავთ. ველარიონების საგვარეულო ისეთივე ძველია, როგორც ტარგარიენების. ლორდ კორლისი ვესტეროსის ისტორიაში ყველაზე ცნობილი საზღვაო თავგადასავლების მოყვარულია. მისი ოჯახი ლანისტერებზე უფრო მეტი სიმდიდრითა და მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო ფლოტით გამოირჩევა. როგორც ვიცით, კიდევ ერთი პროექტი, რომელის გამოსვლაც სამომავლოდ იგეგმება სწორედ ამ პერსონაჟის გარშემო განვითარდება.
ელისენტ ჰაითაუერისა და ოტო ჰაითაუერის როლებს ოლივია კუკი და რის იფანსი შეასრულებენ. მეფის მარჯვენა ხელი, სერ ოტო სამეფო კარის ერთგული მსახურია. მისი შეფასებით, ყველაზე დიდ საფრთხეს მომავალი ტახტის მემკვიდრე, დეემონ ტარგარიენი, წარმოადგენს. ოტოს შვილი ელისენტი კი შვიდ სამეფოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება. ის სამეფო სასახლეში გაიზარდა და თავაზიანობასა და მოხდენილობასთან ერთად კარგი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებითაც გამოირჩევა.
ცოტახნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ 2023 წელს მაყურებელი ჯორჯ რ. რ. მარტინის ფანტასტიკურ სამყაროს ბროდვეიზე, სპექტაკლის სახითაც იხილავს. ჯერჯერობით უსახელო სპექტაკლი ვესტეროსის ისტორიის საკმაოდ მნიშვნელოვან მომენტზე მოგვიყვება. დიდი ტურნირი ჰარენჰალში, ეს იყო კონკურსი, რომელიც სერიალში მიმდინარე მოვლენებამდე 16 წლით ადრე ჩატარდა. მარტინის წიგნის თანახმად 10 დღიან ტურნირს არაერთი ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟი დაესწრო. სპექტაკლში მათ როლებს კი ახალი მსახიობები შეასრულებენ.
იქიდან გამომდინარე, რომ “House of the Dragon-ის” გადაღებები ამ დროისთვის მიმდინარეობს, მისი გამოსვლა 2022 წლისთვის არის დაგეგმილი.
1