23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან ერთად აფხაზეთობაც აღინიშნება

0
23 მაისს, სიმონ კანანელის ხსენების დღესთან ერთად აფხაზეთობაც აღინიშნება. ქართულ-აფხაზური თვითმყოფადობის დასტურად, გასულ წელს უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი დადგინდა , , აფხაზეთობის" დღედ. წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი მდებარეობს სოხუმთან ახლოს, ახალი ათონის ტერიტორიაზე,  ივერიის მთაზე. მისი თავდაპირველი მშენებლობა VII-VIII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო დღევანდელი ნაგებობა ქართული ხუროთმოძღვრების IX-X საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს. ქართული და უცხოური ისტორიული წყაროების თანახმად, იესო ქრისტეს მოწაფეებმა, წმინდა სვიმონ კანანელმა და წმინდა ანდრია პირველწოდებულმა, ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნეში პირველებმა იქადაგეს ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთშიც. წმინდა მამათა გადმოცემით, ახალი წელთაღრიცხვის 55 წელს მოციქული წმინდა სვიმონ კანანელი წარმართებმა ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს ნიკოფსიაში, ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს.  IV საუკუნეში მოციქულის სახელზე ახალ ათონში პატარა ეკლესია ააგეს, რომელიც სავარაუდოდ, ხის უნდა ყოფილიყო. მომდევნო საუკუნეებში აქ თეთრი თლილი ქვისგან ტაძარი ააშენეს, რომელსაც რესტავრაცია რამდენიმეჯერ ჩაუტარდა. დღეისათვის ტაძრის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის. არქიტექტურული დეკორიდან ყურადღებას იქცევს ქრისტიანული სიმბოლოების — თევზის, ლომისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებები. ასევე აფხაზეთში დღემდე შემორჩენილია მისი სალოცავი მღვიმე. ამჟამად, ეკლესია მოქმედია. 23 მაისს აქ ზეიმობენ წმინდა მოციქული სვიმონ კანანიტის დღესასწაულს. ამ დღეს ეკლესიაში ტარდება ღვთიური წირვა-ლოცვა. ათასობით მორწმუნე იყრის თავს აფხაზეთში, ქედს იხრის და სთხოვს ბედნიერებას ქორწინებაში, სიყვარულსა და კეთილდღეობაში. მართლმადიდებლურ ეკლესიაში მას აღიარებენ, როგორც ქორწინებისა და ოჯახის მფარველ წმინდანს.
#აფხაზეთი
#აფხაზეთობა
#სვიმონკანანელი
#დღესასწაული
#sokhumidaily
0