ᲒᲣᲩᲘ ᲡᲔᲖᲝᲜᲣᲠᲝᲑᲘᲡ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲢᲐᲠᲔᲑᲘᲡ “ᲒᲐᲪᲕᲔᲗᲘᲚ” ᲠᲘᲢᲣᲐᲚᲡ ᲔᲛᲘᲯᲜᲔᲑᲐ

0
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ალესანდრო მიკელეს შემოქმედებითობა საზღვრებს მიღმა დგას და წარმოუდგენლად მრავლისმომცველია, დრო იყო კომპანიას, რომელსაც ის შემოქმედებითად ხელმძღვანელობს, ბიზნესის მორგებულ ჩარჩოებს გარეთ დაეწყო მოქმედება. შესაბამისად, გუჩი საკუთარი წესებით თამაშს ირჩევს. გუჩი მოდის კონგლომერატის, ქერინგის, შემადგენლობაში შესული მეორე და, ამავდროულად, მისი ყველაზე შემოსავლიანი ბრენდია, რომელიც მოდის ტრადიციული კალენდრისგან დამოუკიდებლობას აცხადებს. თავდაპირველად, მსგავსი გადაწყვეტილება სან ლორანის მოდის სახლში მიიღეს. რამდენიმე დღის წინ გუჩიმ სოციალურ ქსელში ალესანდროს ჩანაწერების გასაჯაროება დაიწყო. დღეს დიზაინერმა თავის ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა ამონარიდები თავისი დღიურიდან, რომელზეც რომში მდებარე საკუთარ სახლში იზოლირებული მუშაობდა და მისთვის შესაფერისი პოეტური მანერით გვამცნო ახალი გადაწყვეტილების შესახებ. აღარავითარი დამატებითი შოუები. მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მიკელე გუჩიში ახალი თავის დაწერას იწყებს. „ვაპირებ, რომ სეზონურობის და ჩვენებების გამართვის ეს გაცვეთილი რიტუალი მივატოვო, რათა ჩემს ექსპრესიულ გაცხადებასთან უფრო ახლოს მდგომ ახალ რიტმს ავყვე. ახალი ისტორიის თავების გასაზიარებლად წელიწადში მხოლოდ ორჯერ შევხვდებით. ეს თავები უჩვეულო, სიხარულის მომტანი და სრულიად თავისუფალი იქნება, რომლებიც დაიწერება წესების და ჟანრების შერევით, ახალი სივრცეებით, ლინგვისტური კოდებით და კომუნიკაციის პლატფორმებით.“ ალესანდრო მიკელე კრიზისის გამოძახილია გუჩის ახალი კამპანიაც, რომლისთვისაც მასში მონაწილე მოდელებს სრული თავისუფლება მიეცათ ისე გამოეხატათ თავები, როგორც თავად სურდათ და დამოუკიდებლად შეექმნათ პორტრეტების სერია. არავითარი ფოტოგრაფი, მაკიაჟის სპეციალისტი თუ თმის სტილისტი. მხოლოდ კამერის წინაშე მარტოდ დარჩენილი გუჩის მოდელები, პერსონაჟები, რომლებსაც ერთადერთი რაც ევალებოდათ იყო ის, რომ ბრენდის სამოსში გამოეხატათ თავიანთი იდენტობა იმ გარემოში, რომელშიც იმყოფებოდნენ. როგორც მიკელემ ალექსანდრ ფიურის უთხრა, ახალი კამპანია შეიძლება უბრალო ჩანს, მაგრამ თავად გრძნობს, რომ ის ყველაზე ძლიერი რამ არის, რაც ბოლო წლებში გაუკეთებია. (და ჩვენ ვიცით როგორია მისი სხვა კამპანიები). ვიდეოში კი რამდენიმე წამით ალესანდროს თავადაც ვხედავთ. მართლა ძალიან ცუდად ვმღერი, თანაც მორცხვი ვარ, მაგრამ კამპანიის ვიდეოში ჩემი ძალიან, ძალიან პატარა ნაწილიც არის წარმოდგენილი. ეს ის არის, რაც მართლა მძულს. მაგრამ ბოლოს … მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩაკეტილი პიროვნება ვარ, ვფიქრობდი, მოდა არის რაღაც, რამაც შესაძლოა ცოტა მეტი უნდა გაამჟღავნოს.“ დავუბრუნდეთ ბრენდის ახალ გადაწყვეტილებას. ჩვენ უკვე გაგაცანით სამი მნიშვნელოვანი ღია წერილი, რომელიც მოდის ინდუსტრიამ მიიღო, მაგრამ გუჩის ამ ნაბიჯით სისტემის ცვლილებაზე, შენელებაზე დაწყებული საუბარი აქტიურ ფაზაში მხოლოდ ახლა შევიდა. გარდაუვალია, რომ ასეთ დიდ მოთამაშეს კიდევ ბევრი სხვა ბრენდიც მიბაძავს. https://youtu.be/sG7_HPA59yk
#გუჩი
#გაცვეთილირიტუალი
#მოდა
#დიზაინი
#ალესანდრომიკელე
Tbilisi
0