ბულგარეთის დახმარება საქართველოს

0
ბულგარეთი საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად საჭირო სპეციალურ აღჭურვილობებს უგზავნის ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სამართლებრივი რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს ბულგარეთის მხრიდან ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად საქართველოსთვის გამოგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით წერილს უგზავნის, სადაც აღნიშნავს, რომ ამ ბრძოლაში ერთიანობა უმნიშვნელოვანესია. „კოვიდ-19“-ის პანდემია ჯანდაცვის გლობალური კრიზისია, რომელმაც მთელი მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა და ძირეული ზიანი მიაყენა საზოგადოებებს. ჩვენ ყველამ კარგად გავაცნობიერეთ, რომ პანდემიის შედეგებთან წარმატებით გამკლავების ერთადერთი გზა გაერთიანება და ერთობლივი მოქმედებებით სოლიდარობის გამოვლენაა. დღეს ბულგარეთის დევიზი – „ძალა ერთობაშია“, ჭეშმარიტია როგორც არასდროს!“, – ნათქვამია წერილში. მინისტრის თქმით, მიუხედავად ბულგარეთში არსებული მრავალი სირთულისა, ქვეყნის მთავრობა არ აპირებს ამ რთულ დროს თავისი პარტნიორების მიტოვებას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გადმოსცეს ჰუმანიტარული დახმარება სამედიცინო მარაგების სახით, რომელიც მოიცავს 500 შეკვრა სპეციალურ აღჭურვილობას კორონავირუსთან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე მყოფი პირებისთვის. წერილში აღნიშნულია, რომ დახმარება არის ევროკავშირის ინიციატივის, „ევროპის გუნდისთვის“ ბულგარეთის მხარის კონტრიბუცია, რომელიც განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად პანდემიასა და მის შედეგებთან საბრძოლველად. „ვიყენებ ამ შესაძლებლობას და თქვენ და ქართველ ხალხს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას გისურვებთ“, – წერს ზაჰარიევა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
0