გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

0
„მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის, იშვიათის და ამავე დროს ტრაგიკული აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, ახლა ამავე დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს. ამ ორი სახელმწიფოს შორის, რომელთაგანაც ერთი მოკვდა და მეორე იბა­დე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლია ყო­ფი­ლი­ყო ინ­ტე­რეს­თა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. და თუ ოდეს­მე პირ­ვე­ლი აღ­სდგე­ბა მკვდრე­თით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა ვი­ყოთ, მათ შო­რის მუ­დამ იქ­ნე­ბა ინ­ტე­რეს­თა თან­ხმო­ბა. საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს არსდება, არ იქნება მიმართული არც ერთის ერის, არც ერთის ხალხის, არც ერთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი მიზანია დღევანდელი ისტორიული ქარტეხილებისაგან დაიფაროს თავისი თავი და როცა ამას მოახერხებს, იგი დაეხმარება სხვებსაც, ვინც ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩავარდა დიდი განსაცდელში. თქვენ კარგად იცით, საქართველო ჩვეულია ბრძოლას თავისის არსებობის დასაცველად. ის საუკუნოებით იბრძოდა, რათა თავისი სულიერი ვინაობა, ნაციონალური ორგანიზმი და ტერიტორია შეენარჩუნებინა. მაგრამ იგი იბრძოდა მხოლოდ თავის დასაცავად და არ ებრძოდა სხვის არსებობას. ამასთანავე იგი იბრძოდა არა მარტო ქართველთათვის, არამედ იმ ერებისათვისაც, რომელნიც მოსახლეობდნენ მის სახელმწიფოებრივ ფარგლებში. მეტსაც ვიტყვი, ის იბრძოდა თავისი ფარგლების გარეც აგრეთვე სხვების დასაცველად. ეს დიადი ისტორიული მაგალითი ცხოველმყოფელ ანდერძად დარჩა ქართველ ხალხს და ეს სრული გარანტიაა იმისა, რომ დღევანდელ ქართველ ერს შერჩენილი აქვს მისი ძირითადი ისტორიული მიდრეკილება - შეუსაბამოს თავისი ინტერესები სხვა ერთა ინტერესებს. სწორედ ამიტომ არც ერთი ერი ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები, თუ ჩვენი სახელმწიფოს გარე მყოფი, არ უნდა განიცდიდეს ჩვენ გამო რაიმე აღელვებას, სულიერ მტკივნეულობას და წყენას.
#დამოუკიდებლობა
#26მაისი
#საქართველო
#დამოუკიდებელისაქართველო
Tbilisi
0