პარლამენტის კომიტეტების რაოდენობა 15-დან შესაძლოა, 13-მდე შემცირდეს

0
http://pirveliradio.ge/?newsid=144194 პარლამენტში კომიტეტების რაოდენობა 15-დან 13-მდე შესაძლოა, შემცირდეს. ამის შესახებ რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტშია აღნიშნული. კანონპროექტის თანახმად, უქმდება აგრარულ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტები. კულტურისა და დიასპორის საკითხები ერთიანდება სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ქვეშ. აქედან გამომდინარე იცვლება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასახელება და მისი სახელწოდება განისაზღვრება როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასახელებაში სიტყვა უშიშროება იცვლება უსაფრთხოებით. სახელწოდება ეცვლება საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტსაც. ცვლილებების თანახმად, პარლამენტში შემდეგი კომიტეტები ჩამოყალიბდება: ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; ბ) განათლების და მეცნიერების; გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; დ) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; ე) ევროპასთან ინტეგრაციის; ვ) თავდაცვისა და უსაფრთხოების; ზ) იურიდიულ საკითხთა; თ) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; ი) საგარეო ურთიერთობათა; კ) საპროცედურო საკითხთა და წესების; ლ) საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა და აუდიტის; მ) კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; ნ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა; „აღსანიშნავია, რომ კომიტეტთა რაოდენობა და მათი დასახელება 15 წელზე მეტია არ შეცვლილა. დღეს არსებული გამოწვევებიდან და რეალობიდან, ასევე საპარლამენტო საქმიანობის ანალიზიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ მოხდეს საპარლამენტო კომიტეტების რაოდენობის შემცირება, ” - აღნიშნავენ კანონპროექტის ინიციატორები. გარდა ამისა, ცვლილება შედის რეგლამენტის 34-ე მუხლში, რომლის თანახმად ორ კომიტეტში გაწევრებულ პარლამენტის წევრს, ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემთხვევაში მეორე კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ორივე კომიტეტის სხდომა იმართება ერთ დღეს და მათგან ერთი სხდომა მაინც გასვლითია. ცვლილებების პროექტის ინიცირება 27 მაისის ბიუროს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა ავტორებმა კანონპროექტი უკან გაიწვიეს და განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტის ახალი ვერსიის ინიცირებას მოახდენენ. პარლამენტში ამბობენ, რომ კანონპროექტი დაკორექტირდება, თუმცა ძირითადი შინაარსი შენარჩუნდება.
0