მეუფეს განცხადება არის კავშირში ბრძოლა დომინაციისათვის- დავით ჯიშგარიანი

0
„ჩემი აზრით, მეუფეს განცხადება არა ისტორიულ ჭეშმარიტებასთან, ან ისტორიულ საკითხთან არის კავშირში, არამედ, ეს არის ბრძოლა დომინაციისათვის. ეს არ არის სასულიერი პირის განცხადება, ეს არის პოლიტიკური ულტიმატუმი“ - ასე ეხმაურება ისტორიკოსი, დავით ჯიშკარიანი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის (ჯანმდელიანი) განცხადებას, რომელმაც მარნეულის მერს ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟისკენ მოუწოდა. მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) 24 მაისს, საკვირაო ქადაგებაზე, მარნეულში კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში არსებულ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლზე ისაუბრა და მარნეულის მერს მოუწოდა, რომ ძეგლის რესტავრაციის გამო ბოდიში მოიხადოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი დემონტაჟი. „მე როგორც ვიცი, იმ დროინდელი (XX საუკუნე) პოლიტიკური სივრცისათვის დამახასიათებელი ინტელექტუალი იყო (ნარიმან ნარიმანოვი). ძალიან ძნელია შეაფასო ის, რასაც მეუფე საუბრობს - მეორე მხრივ როგორი არის თემის აღქმა. ეს ერთმანეთთან ძალიან რთულ პრობლემაში მოდის, მაგრამ საინტერესოა მეუფეს თუ ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე აწუხებს, მაშინ რატომ არ აწუხებს სტალინის მუზეუმი, რომელიც გორშია“-აცხადებს დავით ჯიშკარიანი ისტორიკოსი, დავით ჯიშკარიანის თქმით, მეუფეს მხრიდან ულტმატუმის ენით საუბარი არაკორექტულია და ნარიმან ნარიმანოვის ბიოგრაფიაზე საუბარი ამ შემთხვევაში შესაძლოა ზედმეტიც იყოს. „სიფრთხილეა საჭირო. აზერბაიჯანული თემისთვის მნიშვნელოვან ფიგურად იქნა ჩამოყალიბებული ეს ადამიანი. თუ დააკვირდებით, მეუფეს არსად არ დაუსვამს შეკითხვა რა წვლილი აქვს ამ ადამიანს, როგორ უნდა გავიაზროთ, იქნებ მეუფემაც არ იცის რაღაცები ნარიმან ნარიმანოვზე. რატომ არის ასე ცალსახად მის განცხადებაში დარწმუნებული. ძეგლი რა საკვირველია, მეხსიერების პოლიტიკის ნაწილია. მეხსიერების პოლიტიკა ხელოვნურად იქმნება. საბჭოთა ძეგლებიც ხელოვნურად იდგმებოდა. როდესაც საუბარია ისტორიის ჭეშმარიტებაზე, ძეგლები რომ ისტორიულ ჭეშმარიტებას არ გამოხატავენ, ამის შესახებ მეუფემ უნდა იცოდეს თუ ისტორიაზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს არ არის ისტორიაზე ლაპარაკი. ეს არის პოლიტიკური განცხადება. უბრალოდ მეუფემ გააკეთა განცხადება ერთ-ერთი ფილმიდან „დირექტორი, ეს მე ვარ“. ისტორიასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს” ფილოლოგი, ოქტაი ქაზუმოვი მიიჩნევს, რომ მეუფეს განცხადებამ შესაძლოა „გვერდზე გადადოს“ ნარიმან ნარიმანოვის თემა და საქართველოს ამ ტერიტორიაზე წაშალოს ყველაფერი, რაც აზერბაიჯანელ თემთანაა დაკავშირებული. მსგავსი განცხადებები კი ემოციურ ფონზე საპირისპირო ემოციებს გამოიწვევს. ფილოლოგის თქმით, ნარიმან ნარიმანოვის საკითხი რამდენიმე ჭრილში შეიძლება განვიხილოთ. „ძალიან უხეშად და ტრაფარეტულად რომ ვთქვა, ისეთი მასშტაბის არ არის მაგრამ, იმ პიროვნებათა რიგს მიეკუთვნება, რომელიც მწარედ შეცდა თავის არჩევანში და თვითონ მიხვდა ამას. ცუდი შედარებაა, მაგრამ არსს გამოხატავს. მაგალითად, როგორც გიორგი სააკაძე, დღემდე ორჭოფული დამოკიდებულებაა - არის გმირი თუ არის მოღალატე. ნარიმანოვი რამდენიმე პლანიანი ადამიანია. პირველი ის, რომ დღეის გადასახედიდან შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ის, რომ ის არის კალმოსანი, დრამატურგი, ლექსების ავტორი და განმანათლებელი ზოგადად. თავის სოფლში პირველი სამედიცინო პუნქტის გამხსნელი. წიგნების ავტორი, როგორიცაა ისლამი და მედიცინა. სხვათაშორის, ის რომ აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკაში აზერბაიჯნული ენა გახდა წარმმართველი, მისი დამსახურებაა, იმიტომ, რომ რამდენიმე პირი ცდილობდა რუსული გამოცხადებულიყო სახელმწიფო ენად, ეს კაცი მარტო ერკინებოდა სისტემას და მიაღწია ამას. ოქტაიი ქაზუმოვი ფიქრობს, რომ მეუფეს განცხადებამ ერთგვარად ცალსახა დამოკიდებულება გვაჩვენა. „ჩვენ თუ გვინდა უმტკივნეულოდ იქნეს ან შეცვლილი ან მოხსნილი (ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი), თემი უნდა მივიდეს ნელ-ნელა ამ აზრამდე, რომ ნარიმან ნარიმანოვი არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, მაგრამ დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ...სტალინის კულტს, საქართველოში და ღია პროპაგანდას. მე არავის საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ მარნეულში არის ასეთი დაბა შაუმიანი. ის შაუმიანიც ბოლშევიკური წყობის იყო . მე არ ვითხოვ, რომ შაუმიანი ახლავე უდა შეიცვალოს, მაგრამ არის ცალმხრივი დამოკიდებულებები. თუ კანონი კანონობს, მაშინ ყველაზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს. წყარო: რადიო მარნეული
#ნარიმანნარიმანოვი
#მეუფე
#
მარნეული
#marneulidaily
0