აშშ-ს COVID-19-ის გამო ავღანეთიდან ჯარები დაჩქარებულად გამოჰყავს

0
აშშ-ს კორონავირუსის გამო ავღანეთიდან ჯარები დაჩქარებულად გამოჰყავს. ავღანეთში ამ დროისთვის ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 8600-ს უახლოვდება. ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ძალების შემცირების პროცესი ივლისის შუა რიცხვებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ვაშინგტონს ჯარისკაცები ქვეყნიდან დაჩქარებული წესით გამოჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. ავღანეთს, პირველ რიგში, დამხმარე პერსონალი და ის კონტინგენტი ტოვებს, ვინც კორონავირუსის ინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფება. ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან სამხედროების გონივრულ ვადაში დააბრუნებდა, თუმცა, კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია. თებერვლის ბოლოს ყატარში აშშ-სა და „თალიბანს“ შორის, პირველად 18 წლიანი ომის მანძილზე, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება თალიბების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას, ტყვეების გაცვლასა და 14 თვის განმავლობაში ავღანეთის ტერიტორიიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გამოყვანას გულისხმობს. შეერთებული შტატები ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის 8, 6 ათასამდე შემცირებას გეგმავს. სამშვიდობო შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს „თალიბებსა“ და ავღანეთის ხელისუფლებას შორის დიალოგის დაწყებას.
0