შეძლებენ თუ არა ქართველები ევროპაში მოგზაურობას?

0
რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან საუბრობს საზღვრის გახსნასა და ტურისტების მიღებაზე. სხვადასხვა დროს ასეთ ქვეყნებად დასახელდა ავსტრია, ჩეხეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ისრაელი. მოქალაქეებს კი აინტერესებთ, შეძლებენ თუ არა ისინი ევროპაში, ან კონკრეტულად ამ ქვეყნებში მოგზაურობას. ბათუმის აეროპორტიდან ფრენების განახლების შესახებ ახალი ცნობები ჯერ არ არის. როგორც ჩანს, თურქული კომპანია Turkish Airlines ჯერ სტამბოლი-თბილისის ფრენების განახლებას გეგმავს. განახლდება თუ არა ფრენები ბათუმიდან, ეს ამ ეტაპზე უცნობია. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, თურნავას მტკიცებით, ფრენები ზუსტად აქედან შესრულდება - კომპანია WizzAir-მა გამოთქვა მზაობა, სხვა კომპანიების მსგავსად, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოს შორის აღადგინოს მიმოსვლა. მეორე მხრივ, შენგენის წევრი სახელმწიფოების ნაწილმა ჯერ მხოლოდ ერთმანეთთან აღადგინა მიმოსვლა, ისიც ნაწილობრივ. ევროკავშირის გარეთ მყოფი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის კი ჯერ-ჯერობით, ევროპის საზღვარი დაკეტილია. უცხოური მედიის ნაწილი წერს, რომ ივლისში შენგენი მხოლოდ წევრი სახელმწიფოებისთვის გაიხნსება. დღეისთვის, ზუსტი სურათი არ არსებობს - რა ფორმით აღდგება ევროპაში მიმოსვლა ან როდის. საეჭვოა, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ ევროკავშირის ნების გარეშე აღადგინოს საქართველოსთან მიმოსვლა. მართალია, საქართველო კორონავირუსს ევროპის ბევრ ქვეყანაზე უფრო წარმატებულად გაუმკლავდა, მაგრამ ჯერ უცნობია, იმოქმედებს თუ არა ეს გავლენას სავიზო პოლიტიკაზე. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ავსტრიაში შესვლა ევროკავშირისა და შენგენის წევრი სახელმწიფოებისთვის შესაძლებელია. თუმცა, ავსტრიაში შემოსვლისას მათ ან 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ, ან ბოლო დღეებში გაკეთებული კორონავირუსის ტესტის ნეგატიური პასუხი წარმოადგინონ. საქართველოს მოქალაქეებისთვის ავსტრიაში შესვლა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, თუკი ისინი რეზიდენტის ვიზას არ ფლობენ. რაც შეეხება უკრაინასთან ან ისრაელთან საზღვრის ადგენას, ეს გაცილებით უფრო მარტივი იქნება. ორივე ქვეყანას საკუთარი სავიზო პოლიტიკა აქვს და ორივე ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიემგზავრებიან. ისრაელში უვიზოდ 90 დღე შეიძლება ყოფნა, უკრაინაში კი განუსაზღვრელი ვადით. შენგენის ზონის დაკეტვა ქართველი სტუდენტებისთვისაც წარმოადგენს სირთულეს. თუკი სავიზო სერვისები არ აღდგა, სტუდენტური და გრძელვადიანი ვიზების გაკეთება შემოდგომის სემესტრამდე შეიძლება, ვერ მოესწროს. შესაბამისად, დაზარალდება სტუდენტური მობილობაც. უნივერსიტეტთა ნაწილმა უკვე განაცხადა, რომ შემოდგომაზეც ონლაინ-სწავლებას მისდევენ. ტურიზმი ევროპა შენგენი კორონავირუსი
batumidaily
0