სამხედროფორმიანი მანეკენი, „ბორდერიზაცია“ ოკუპაციის ხაზზე და საქართველოს ხელისუფლების დუმილი

0
გამთენიისას 5-მა კაცმა ცენტრალური გზიდან გადაუხვია, ფეხით რამდენიმე ქედი და მინდორი გადაიარა, - დაახლოებით, 20 კილომეტრი, - პოლიციის სამ საგუშაგოს გვერდი აუარა და სოფელში შეუმჩნევლად შეიპარა. სოფელში დიდხანს არ გაჩერებულან, - შეიძლებოდა პოლიციის მოძრავი საპატრულო ეკიპაჟი გამოჩენილიყო და ყველაფერი ჩაშლილიყო. ცოტა შეისვენეს, ატოცის საოკუპაციო ღობემდე 3 კილომეტრი რჩებოდა. გზა მინდორში გადიოდა, მაგრამ გზიდან ისევ გადაუხვიეს, რადგან შემაღლებული ქედი სოფლიდან კარგად ჩანდა და შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს ვინმეს შეემჩნია. ცალკე საფრთხე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოულოდნელად გამოჩენილი ცხენოსანი პატრულისგან მოდიოდა, ამიტომ ბუჩქებს ეფარებოდნენ, ტერიტორიას ზვერავდნენ და ასე მიიწევდნენ წინ. დროშებთან მალე მივიდნენ, უფრო სწორად, საქართველოსა და უკრაინის დროშების ნაფლეთებთან. ატოცის მინდორში ძლიერი ქარი იცის და ერთი წლის წინ დამონტაჟებული დროშებიდან მხოლოდ პატარა ნაჭრებიღა იყო დარჩენილი. მათ გამოცვლაზე არავის უზრუნვია. იქ, დიდი ხანია, სამოქალაქო აქტივისტებს აღარ უშვებენ. ძელიდან ნადროშალები სწრაფად ჩამოხსნეს და მათ ადგილზე ახალი ალმები დაამაგრეს. სიომ მაშინვე გაშალა და ააფრიალა უკრაინისა და საქართველოს დროშები. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს იქაურობა შეცვლილი დახვდათ. საოკუპაციო ღობესთან ახალი ხნული შენიშნეს, ღობის მიღმა, საოკუპაციო ძალების საგუშაგოსთან კი თხრილიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი იყურებოდა, თუმცა არ ინძრეოდა. მოძრაობის წევრებმა ფოტო და ვიდეოგადაღება დაიწყეს. კადრებს დააკვირდნენ და მალევე მიხვდნენ, რომ თხრილიდან სამხედრო ფორმაში გამოწყობილი წითურთმიანი მანეკენი იმზირებოდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ჯერ გაეღიმათ, მაგრამ მაშინვე გაბრაზდნენ: საფრთხობელა დაუყენებიათ, დაგვცინიანო. „ჩვენთვის დამამცირებელი სურათი დაგვხვდა ატოცში. ოკუპანტი, დიდი ალბათობით, ძველი საგუშაგოს განახლებას ან გარემონტებას გეგმავს და თავის საოკუპაციო ობიექტს იცავს საფრთხობელით. დიახ, საფრთხობელა დგას საგუშაგოზე, დაგვცინიან. ტერიტორია მოშიშვლებულია. რაც ჩვენ ატოციდან გამოგვიშვეს, პოლიციელები აქ აღარც ადიან, რუსებიც თავს აღარ იწუხებენ დიდი მოძრაობით, რადგან მათ საქმეს ეს საფრთხობელაც კარგად ასრულებს და დღევანდელი ხელისუფლების უმწეობას წარმოაჩენს“, - ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა. საქართველოს საზოგადოებას აქამდე არაფერი სმენია ატოცში ახალი ხნულების, საოკუპაციო საგუშაგოსთან თხრილისა და ღობეებთან მანეკენების განთავსების შესახებ. მედიისთვის კონფლიქტის ზონა დახურულია, ოპერატიულ განცხადებებს არც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში საოკუპაციო ძალები ქართულ სოფლებთან ინტენსიურად ჩნდებოდნენ და სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდნენ. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, „ბორდერიზაციის“ პროცესი 12 ლოკაციაზე განახლდა. ეს არის იმ წყაროს ინფორმაცია, რომელმაც მარტში „თავისუფლებას“ აცნობა აფხაზურ მხარესთან ტექნიკური მოლაპარაკების დაწყებისა და მოგვიანებით ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემის შესახებ. ცოტა ხანში ეს ინფორმაცია ოფიციალურადაც დადასტურდა, ამიტომ წყაროს მიმართ სანდოობა მაღალია. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, იყო შემთხვევები, როცა ადმინისტრაციული საზღვრიდან სამხედრო პირები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შედიოდნენ და სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ პროცესში ის გაკვირვებულია საქართველოს ხელისუფლების ინერტულობით. „ჩვენ, ჩვენი მანდატის ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპის ქალაქებში ინფორმაცია ანგარიშების სახით სწრაფად ჩავიდეს. მხარდამჭერი განცხადებები კი იმაზე ადრე ვერ გაკეთდება, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურ პოზიციას არ დააფიქსირებს. ბოლო თვე-ნახევარში 12 ლოკაციაზე მიმდინარეობდა ბორდერიზაციის პროცესი და საქართველოს ხელისუფლებიდან სულ რამდენიმე ზოგადი განცხადება გაკეთდა, ისიც იმ დროს კეთდებოდა, როცა პროცესს რუსები და ოსები უკვე ასრულებდნენ. სახელმწიფო მინისტრმა ციხელაშვილმა ტახტისძირზე სამდღიანი დაგვიანებით ისაუბრა და ახლა 22 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაგვიანებით დააფიქსირა პოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობისგან მხარდაჭერა ითხოვა. ეს ყველაფერი გვაბნევს. ჯერ საქართველოს ხელისუფლებამ დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია და ევროპიდანაც არ დააგვიანებს პასუხი და მხარდაჭერა. ჩვენ კი ორიოდე დაგვიანებული განცხადების მეტი არაფერი ვიცით“, - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო. მას ოკუპაციის ხაზთან ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების არშეშვებაზეც ვკითხეთ და მისი აზრით დავინტერესდით. „შეიძლება ზოგიერთმა ჟურნალისტმა გაუაზრებელი მოქმედებით ან კონფლიქტის სპეციფიკის არცოდნით საფრთხე საკუთარ თავს და სხვებსაც მართლაც შეუქმნას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჟურნალისტს უარი უთხრა ქართულ სოფლებში გადაადგილებაზე. ჯერ თქვენს საზოგადოებაში უნდა დასვათ კითხვა, გჭირდებათ ინფორმაცია ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორიიდან თუ არა. თუ გჭირდებათ, თქვენი სამუშაო არ უნდა შეიზღუდოს. შეიძლება იყოს რეგულაცია, მაგრამ არა შეზღუდვა. ესეც ცოტა გაუგებარია ჩემთვის: თუ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო მედიის ყურადღების მიქცევას ცდილობს და თან ადმინისტრაციულ ხაზთან საკუთარ ჟურნალისტებს არ უშვებს, როგორ გამოჩნდება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში? ხშირად უცხოური მედია ხომ წყაროდ სწორედ ადგილობრივ მედიას იყენებს და სადაა ქართული მედიის მიერ გაშუქებული თემები? მე ვფიქრობ, საერთაშორისო ორგანიზაციები თქვენს მთავრობას ამის შესახებ მალე დაელაპარაკებიან“. ასეთი მოსაზრებები დააფიქსირა რადიო თავისუფლებასთან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში, თუმცა გარკვეული მოსაზრებების გამო ანონიმურად დარჩენა ისურვა. "მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცერონისისა და კნოლევის, ტახტისძირისა და დვანის, კოდას, ჭვრინისისა და ატოცის; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფახულანისა და მუჟავას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხურჩისა და განმუხურის მიმდებარე ტერიტორიებზე“ - ეს არის ამონარიდი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 22 მაისს გავრცელებული განცხადებიდან. "რადიო თავისუფლება" http://pirveliradio.ge/?newsid=144381
0