ხიდი, რომელიც სამშობლოს გვიყოფს...

0
წინ ხიდია... ხიდი რომელიც სამშობლოს გიყოფს. ხიდს გაღმა კი შენი მშობლიური მხარეა. საკუთარ სამშობლოში დგახარ და აცნობიერებ, რომ არ გძალუძს ერთი კუთხიდან მეორეში თავისუფლად გადაადგილდე. კვლავ დგახარ და გაჰყურებ ცას, რომელიც ამ მზიან დღეს რატომღაც ნაცრისფრად მოჩანს. გული დიდი ხანია მონატრებითაა სავსე. გრძნობ, რომ ამ წუთას კვლავ უძლური ხარ, უძლური კი იმიტომ ხარ, რომ მათ შენზე მეტი ძალა აქვთ. ამ ძალას კი ხშირად სისხლი, ცრემლი და უსასრულო სევდა მოჰყვება. აი, შენი ძალა კი პატიებაშია.
მერე რა რომ დევნილი ვარ. ვფიქრობ, რომ ოდესღაც რაღაც შეიცვლება, ეს რეალობაც ხომ წარმავალია. მთავარია იმედი არასდროს არ დავკარგოთ!
მახსოვს, შედარებით პატარა რომ ვიყავი, მე და ჩემი და მთელ ზაფხულს აფხაზეთში ვატარებდით. წასვლისას კი მთელ სითბოსა და მონატრებას გვატანდნენ ჩვენები, ადამიანები, რომლებიც მოსწყვიტეს თბილ კერას, ნათესავებსა და მოგონებებს... ჰო, მართლაც რომ საშინელებაა, მაშინ, როცა მშობლიური სახლი მხოლოდ წარმოსახვით გახსოვს და რეალობაში ვერც კი მოიაზრებ...
ძალიან ტკბილი და თბილი მოგონებები მაკავშორებს აფხაზეთთან. იმდენად თბილი, რომ არანაირ ძალას არ შეუძლია ეს მოგონებები დამავიწყოს. სწორედ ესეთი გრძნობა გაძლევს ძალას, შენს გარემოცვას ასწავლო იმ კუთხის სიყვარული, რომელიც დღეს ოკუპირებულია, მაგრამ დროსთან ერთად ხომ ყველაფერი იცვლება... შენი ვალია იშრომო სამშობლოსთვის. ამას უკვე დიდი ხანია აცნობიერებ და თვლი, რომ ეს სიყვარული მომავალში სანუკვარ მიზნამდე- გაერთიანებამდე მიგიყვანს. თუმცა მანამდე დგახარ და კვლავ უცდი, უცდი შესაფერისს მომენტს.
მომენტს, როდესაც მონატრებას და წუხილს დაბრუნების სიხარული შეცვლის და ეს წამი რაც უფრო შორსაა, მით უფრო სასურველია. მაგრამ შენ იცი, რომ შეგიძლია მცირედით, ამ ხიდის ბოლოში მიმავალ გზაზე საკუთარი ნაკვალევი დატოვო. გახსოვს, რომ დაკარგული თაობის შვილებისთვის მთავარია მომავლის რწმენა და სამშობლოს სამსახური... თუმცა ეს მონატრებაც დროებითია, გწამს ამის. მთავარი არა წარსული და წარსულში დაშვებული შეცდომები - მთავარი აწმყო და ამ შეცდომების გამოსწორების გზებია.
წინ ხიდია… ხიდს, მიღმა კი მუხა კვალაც მოსჩანს, რომელიც კვლავაც შეიმოსება..!
მშობლების მიერ დახატული და შემდეგ, ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის სიყვარული არასდროს არ გამნელებია და არც გამნელდება. პირიქით, ვცდილობდი რაღაც მიმეძღვნა, ბავშური ჭკუის და სურვილის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. ჰო და, ეს ლექსი 15 წლის ასაკში დავწერე. დედა კი დღესაც თვალაცრემლიანებული კითხულობს, ხოლმე...

ტკივილად ქცეული აფხაზეთი

აფხაზეთი, ჩვენი გულის სატკივარი. დედაჩემი იმ ცრემლების ადრესატი, გულში ცეცხლად დანთებული მონატრების, შავ ქაღალდზე დაწერილი საფიცარი. ომის დღეებს ეს რა მოსთვლის, რა აღგიწერთ, - ასე ამბობს დედაჩემი სუსტი გულით. თქვენ არ იცით რა წუთებმა გაირბინა, იმ დღეებმა რა ტკივილი დაგვიტოვა. ასობით და ათასობით გარბენილი ბილიკები, უპურობით ნაცხოვრები სუსტი დღენი, თქვენ რა იცით როგორ მკაცრად ვიარსებეთ, აფხაზეთთან განშორებით როგორ ფერფლად დავიშალეთ. ჩვენი ბზიფი, ილორი და ბევრი ხატი უმოწყალოდ ყველაფერთან დაგვაშორეს, ჩემი გულის, ბავშვობის და ტკბილი წლების, თბილი კერა როგორ უცებ შეგვიცვალეს. მახსენდება მამაჩემის სახე, ცრემლებადვე ჩამოშლილი. ჩემი დების გულმოკლული განშორება, დედაჩემის ყურახშული შეძახილი... მახსენდება, როგორ უცებ დაგვირღვიეს იდილია, აგურ აგურ აგებული შენობებით. ვაი, დღენო ცრემლიანნო, მე ვერ შევძლებ გახსენებას, მე ვერ ვუხმობ ჩემს გულს ისევ წარსულისკენ,                                      მინდა ახლა თქვენთან ერთად ავაშენო მომავალი,                      აფხაზეთი მაინც ჩვენად მოვიგონო, - ასე მწარედ, ცრემლებითურთ გვიყვებოდა დედაჩვენი, როგორ ცუდად გაისროლა რუსმა თოფი, როგორ უცებ დაიხოცა მშვიდობისთვის ათასობით მეომარი!
როდესაც სოხუმი დაეცა, დაჩოქება მათაც უბრძანეს. "სანამ ვცოცხლობთ, არასოდეს!" - იყო პასუი. რუსეთი ოკუპანტია!!! ______________________________________________ სტატიას კითხულობთ მედიაპლათფორმა Feedc-ზე. გამოიწერეთ გვერდი (@jgalani) და თვალი ადევნეთ სიახლეებს. აპლიკაცია ჩამოტვირთეთ მოცემული ბმულიდან: download.feedc.com ______________________________________________
0