პატიმრობით დაისჯება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე საქართველოს რუკის გამოსახვა

0
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, კოდექსს დაემატა ახალი 343​1 მუხლი, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“. აღნიშნული ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში 2020 წლის 22 მაისს შევიდა და ის 2020 წლის 2 ივლისიდან ამოქმედდება. ცვლილების მიხედვით: აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. ამ მუხლის მიზნებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის ნებაყოფლობით ჩაბარებად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით განაცხადებს აღნიშნული საგნის წარდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით შეუწყობს ხელს მის ამოღებას. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. სისხლის სამართლის კოდექსით, ფიზიკური პირისთვის „ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები“. იურიდიული პირისათვის კი „ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეესაბამება ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ორმოცდაათმაგ ოდენობას“. ამასთან, „ჯარიმა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად“.
news
politics
opinion
0