რა პირობების დაცვით იმუშავებენ დღეიდან კვების ობიექტები, ბაზრობები და მოლები

0
საქართველოში დღეიდან მუშაობას განაახლებენ ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები. ასევე, გაიხსნება ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, ბაზრობები და მოლები. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, ობიექტებს გარკვეული პირობების დაცვა მოუწევთ. „როგორც იცით, იხსნება ღია ტიპის რესტორნები, ბაზრობები, მოლები. მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ განსაზღვრული არის გარკვეული სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც უნდა შეასრულონ. რესტორნებს რაც შეეხება, იზღუდება ის, რომ მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია, სკამის საზურგეებს შორის უნდა იყოს ერთმეტრიანი დისტანცია. მნიშვნელოვანია, რომ ერთ მაგიდასთან უნდა იყოს არაუმეტეს ექვსი ადამიანისა. ასევე, განსაზღვრულია მოთხოვნები სამზარეულოსთვის, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები. რაც შეეხება მოლებს, ვინაიდან დახურული სივრცეა, ვენტილაციის სპეციალური მოთხოვნებია. უნდა იყოს სუფთა, გარედან მოწოდებული ჰაერი დასაშვებზე 40 პროცენტით მეტი. რაც შეეხება ბაზრებს, ბაზრებში უნდა განხორციელდეს ერთიანი შესასვლელი და გასასვლელი და თერმოსკრონინგი. ასევე, სავალდებულოა, ე.წ. დახლებთან მოეწყოს დამცავი ბარიერები, რომლებიც შეამცირებს კონტაქტს მესამე პირებთან“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ. მისი თქმით, მოთხოვნების დაცვაზე კონტროლს განახორციელებს შრომის ინსპექცია, სხვადასხვა უწყებების დახმარებით. „რესტორნების შემოწმებაში ჩართული იქნება სურსათის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტის საზედამხედველო სამსახურები. ასევე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოც დახმარებას გაგვიწევს ინსპექტირების პროცესში. კოორდინაციას გაუწევს შრომის ინსპექცია და დღის ბოლო მონაცემების თავმოყრა მოხდება შრომის ინსპექციის მიერ“, – დასძინა ბექა ფერაძემ.
0