სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი „სოკარს“ გადაეცა

0
სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია აცხადებს, რომ 2020 წლის 20 მარტიდან სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი, რომელსაც კომპანია „ბი-პი ექსპლორეიშენ“ (შაჰ დენიზ) ლიმიტედი ასრულებდა, კომპანია „სოკარ მიდსტრიმ ოფერეიშენზ ლიმიტედს“ გადაეცა, რომელიც „სოკარის“ სრულ მფლობელობაში მყოფი შვილობილი კომპანიაა, – ამის შესახებ „ბიპისა“ და „სოკარის“ მიერ გავრცელებულ ერთობლივ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამხრეთ კავკასიის მილსადენი სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია. „სოკარს“ ოპერატორის როლი სამხრეთ კავკასიის მილსადენის, მილსადენის მფლობელთა ხელშეკრულების მიხედვით გადაეცა, რომელსაც ხელი 2013 წლის დეკემბერში მოეწერა, და ის, შაჰ დენიზის მეორე ეტაპის და სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის შესახებ საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილების ნაწილია. ხელშეკრულების მიხედვით, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობის დასრულებიდან ერთი წლის თავზე, სოკარი უფლებამოსილია გახდეს სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორი. ოპერატორის როლის გადაცემა ეხება ყველა ობიექტს, რომელიც უშუალოდ სამხრეთ კავკასიის მილსადენის ნაწილია აზერბაიჯანში და საქართველოში. ბი-პი გააგრძელებს იმ ობიექტების ექსპლუატაციას, რომელიც საერთოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიის მილსადენებისთვის. არანაირი ცვლილება არ ეხება სანგაჩალის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის და დასავლეთის მიმართულენის საექსპორტო მილსადენის ექსპლუატაციას, რომელსაც გააგრძელებს ბი-პი. სოკარი და ბი-პი გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას 2020 წლის განმავლობაში, რათა გარდამავალი ეტაპის ყველა ასპექტი ეფექტურად განახორციელონ. სოკარის პრეზიდენტმა, ბატონმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა: ‘2015 წლიდან ჩვენ ვართ სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომერციული ოპერატორი და მილსადენის კომერციულ საქმიანობას მაღალ დონეზე ვახორციელებთ. ახლა სოკარი სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკურ ოპერატორობას იბარებს, რაც მილსადენის მფლობელთა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. როგორც სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის აქციონერი, ჩვენ ყოველთვის კმაყოფილი ვიყავით სამხრეთ კავკასიის მილსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციით, რომელიც ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბი-პი-ს შესანიშნავი პარტნიორობის და ოპერატორობისთვის. როგორც ახალი ტექნიკური ოპერატორი ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას და ყველა ჩვენ პარტნიორთან მჭიდროდ ვიმუშავებთ, რომ შევინარჩუნოთ სამხრეთ კავკასიის მილსადენის უსაფრთხოების, საიმედოობის და გარემოს დაცვითი საქმიანობის უმაღლესი დონე’. ბი-პი-ს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონალურმა პრეზიდენტმა, ბატონმა გარი ჯონსმა განაცხადა: ‘ჩვენ მოხარული ვართ, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერატორის როლი სოკარს გადაეცა. როგორც შაჰ დენიზის და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის უმსხვილესი აქციონერი, ჩვენ ერთგულად გავაგრძელებთ სოკართან მუშაობას, რათა მილსადენის უსაფრთხო და საიმედო მუშაობა შემდგომშიც უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ გვჯერა, სოკარს აქვს პროექტების უსაფრთხო და ეფექტური შესრულების შესანიშნავი გამოცდილება. ეს დადასტურდა ტანაპის პროექტის ოთხწლიანი წარმატებული მშენებლობით და შემდგომში მისი უსაფრთხო ექსპლუატაციით. ამასთანავე, სოკარი ბოლო ხუთი წელია სამხრეთ კავკასიის მილსადენის ძალზედ მაღალეფექტური კომერციული ოპერატორია. ჩვენ ერთგულად დავეხმარებით სოკარს გეგმიური ცვლილებების მართვის პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იყოს გარდამავალი პერიოდის უსაფრთხოდ დასრულება და მთლიანობაში გაზის ტრანსპორტირების ოპერაციებზე ნულოვანი ზემოქმედება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლებით და მუშახელით, რომელთა ერთგულება და თავდადება უმნიშვნელოვანესია მთლიანი საექსპორტო სისტემის შესანიშნავი უსაფრთხო ექსპლუატაციის საქმეში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ოპერატორის როლის გადაცემის შემდეგ გაგრძელდება უსაფრთხო ექსპლუატაციის და თანამშრომლების შესაძლებლობების მაღალი ხარისხისადმი ერთგულება არსებულ დონეზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
0