5 არასამთავრობო ორგანიზაცია გახარიას ბულვარის გაშენებაზე მიმართავს

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბათუმში არსებული 5 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს და ითხოვს, შეჩერდეს ბულვარში გარკვეული ფინანსური ჯგუფების ლობირება ტერიტორიის განაშენიანების მიზნით. ორგანიზაციები ამბობენ, რომ ბულვარი საზოგადოებას ეკუთვნის და მიუღებელია გარკვეული ჯგუფების ინტერსებით უკანონო მშენებლობა. განცხადებას ხელს აწერს: საზოგადოება "ბათომი", თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, "დაიცავი ბათუმი" და დემოკრატიის ინსტიტუტი. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "2020 წლის 29 მაისს, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულომ განაცხადა თანხმობა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა, შპს „ამბასადორი ბათუმს“, პირდაპირი განკარგვის წესით, გადასცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ეს უძრავი ქონება არც მეტი არც ნაკლები მდებარეობს ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში. ბათუმის ბულვარი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ბათუმის იდენტობის გამომხატველი და მისი სავიზიტო ბარათი რომაა, ეს არავისთვისაა სადაო. შესაბამისად, ყველასთვის წარმოუდგენელი უნდა იყოს ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის ხელყოფა კერძო პირების ინტერესების სასარგებლოდ. მით უფრო, რომ ასევე ყველასთვის ცნობილია, შპს „ამბასადორი ბათუმის“ ინტერესების შესახებ ბულვარის ცენტრალურ ნაწილში. ბათუმის საკრებულომ ყოველგვარი სამოქალაქო ჩართულობის გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასევე შესაძლებელია დადასტურებულ ფაქტად მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ ბათუმის მერს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამოძრავებს გარკვეული ინტერესები, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ქალაქის საუკეთესო ინტერესებს არ უნდა წარმოადგენდეს – ვგულისხმობთ მის სმს გზავნილს საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ – „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“. კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ სწორედ ბათუმის ბულვარში (ხსენებული ნაკვეთის მიმდებარედ) ფლობს ყოფილი „ბალნეოლოგიური პოლიკლინიკის“ შენობას, რომლის ადგილას, დამტკიცებული პროექტის მიხედვით, უნდა ააგოს 4–სართულიანი საცურაო აუზი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, გასული წლის ბოლოს, „ამბასადორი ბათუმმა“ განსახილველად შემოიტანა სრულიად ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც ითხოვს არა გამაჯანსაღებელი კომპლექსის, არამედ 15–სართულიანი სასტუმროს მშენებლობას – სასტუმროს მშენებლობას ბულვარის ცენტრში. მას ამ პროექტზე მაშინ და ჯერჯერობით უარი ეთქვა. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, შპს „ამბასადორი ბათუმი“ არ აპირებს დასჯერდეს ამ უარს – ის აპირებს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წინაშე დააყენოს მოთხოვნა, რომ ბულვარის ცენტრალური ნაწილის საკმაოდ მოზრდილი მონაკვეთი ძეგლის საზღვრებიდან ამოიღონ, რაც სერიოზული საფრთხეა ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მთლიანობისთვის. გავლენიანი პირები ღია და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვასა და მიტაცებას ბათუმის ბულვარში, პროტესტის მიუხედავად, მაინც ახერხებენ (მაგალითად, ბოლო წლებში აქ აშენდა სასტუმრო „მერიდიენი“, რაც 2015 წელს ამ ძეგლის – ბულვარის უძველესი ნაწილის საზღვრებიდან ამოიღეს კიდეც). ბოლო წლებში განვითარებულმა პროცესებმა დაგვარწმუნა, რომ ბულვარი კვლავაც სამიზნედ რჩება გავლენიანი ფინანსური ჯგუფებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის ბულვარი წარმოადგენს მნიშვნელოვან და ღირებულ ზღვისპირა პარკს, და საზოგადოებრივ სივრცეს, რომლის დასაცავად არაერთი მოქალაქე არაერთხელ გამოვიდა ქუჩაში. სწორედ ამ პროცესს მოჰყვა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება, რისთვისაც ნახევარ-მილიონამდე ლარია გამოყოფილი აჭარის ბიუჯეტიდან. ბულვარის განაშენიანების გეგმით, რომელზე მუშაობის დასრულება ამა წლის ოქტომბერშია დაგეგმილი, განისაზღვრება ბათუმის ბულვარის მომავალი განვითარება, მისი ტერიტორიის გამოყენება და დაშვებული სახეობები, ისე რომ არ შეილახოს როგორც ძეგლის ღირებულებები და მახასიათებლები, ასევე არ დაირღვეს მისი საზოგადოებრივი, ღია სივრცის ფუნქცია. მოვითხოვთ, არ დაუშვათ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მაღალსართულიანი სასტუმროსა და მსგავსი ტიპის ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება ბათუმის ბულვარის სამომავლო განვითარებასა და ძეგლის დაცვის ინტერესებს. ასევე მოვითხოვთ გადაწყვეტილების მიმღებებმა უზრუნველყოთ ფართო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დახურულ კარებს მიღმა მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ისედაც საკმაოდ დააზარალა ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა და მისი ერთ–ერთი ყველაზე დიდი ფასეულობა – ბათუმის ბულვარი". ბულვარი განცხადება მშენებლობები საზოგადოება
batumidaily
0