ვივიენ ლი და ლოურენს ოლივიე - „სიყვარულწაღებულნი

0

დღეს ზედმიწევნით რომანტიკული დილა გაგვითენდა, რასაც ჰქვია სასიყვარულო-სამიჯნურო… მართალია, მე ცოტა ცუდ დღეში ვარ, რადგან, ტრადიციისამებრ, რაღაც ასოციაცია უნდა გამოვიწვიო აქტუალურ თემასთან დაკავშირებით. არა და როგორია ახლა ხავერდის მძიმე ფარდისგან კაბის ჯერ შეკერვა, მერე ამ სიცხეში ამოცმა და თან ფარდა მწვანე ფერის უნდა იყოს. მინდა გესაუბროთ სკარლეტ ო’ჰარას როლის შემსრულებელზე ფილმში „ქარწაღებულნი“, ორგზის „ოსკაროსან” შეუდარებელ ვივიენ ლიზე. საოცრად მომხიბვლელი მამაკაცი, რომელიც მას ახლავს, არის ოთხგზის ოსკაროსანი, თეატრისა და კინოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, რეჟისიორი და პროდიუსერი და, რაც მთავარია, ვივიენ ლის მეუღლე (სხვათა შორის, ბარონი) ლოურენს ოლივიე. ზუსტად ამ დღეს კი, 1940 წლის 30 აგვისტოს მათ იქორწინეს. ვივიენ ლის და ლოურენს ოლივიეს ჰოლივუდის ყველაზე ლამაზ და წარმატებულ წყვილს უწოდებდნენ. მათ უყვარდათ ერთმანეთი სცენაზეც, კინოშიც და ცხოვრებაშიც. ვივიენ ლიმ, იმ დროს ჯერ კიდევ დამწყებმა თეატრალურმა მსახიობმა, უკვე საკმაოდ ცნობილი ლოურენს ოლივიე პირველად ლონდონში ნახა, სპექტაკლში „რომეო და ჯულიეტა“, რომელშიც ის რომეოს რომანტიკულ სახეს იმდენ ტემპერამენტს მატებდა, რომ ვივიენს ის პარტერიდანვე შეუყვარდა და მიხვდა, რომ სწორედ ოლივიე იყო ის პრინცი, რომელზეც ის ოცნებობდა. მან შეძლო კულისებში შეპარვა და „რომეოს“ გაცნობა, რომელიც ასევე მოიხიბლა ვივიენით და მეორე დღესვე დაესწრო მის გამოსვლას სპექტაკლში „კეთილშობილების ნიღაბი“. აქ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბედიც ჩაერია და ცნობილმა პროდიუსერმა ალექსანდრ ქორდამ ვივიენი და ლოურენსი თავის ფილმში “ალი ინგლისის თავზე“ მიიწვია მთავარი როლების შესასრულებლად, სადაც ისინი ასახიერებდნენ ერთმანეთზე შეყვარებულ დედოფლის ფრეილინასა და საზღვაო ოფიცერს. მათი სიყვარული გადასაღები მოედნიდან ცხოვრებაშიც გადავიდა, მაგრამ… იმ დროისთვის არც ერთი არ იყო თავისუფალი. ვივიენს ჰყავდა რესპექტაბელური მეუღლე და პატარა ქალიშვილი, ხოლო ლოურენსი დაქორწინებული იყო მსახიობ ჯილ ესმონდზე და სწორედ მაშინ გაუჩნდა ვაჟი. თანაც ორივეს მეუღლემ კატეგორიული უარი განაცხადა გაშორებაზე. 1938 წელს ლოურენს ოლივიემ მიზნად დაისახა ამერიკის „დაპყრობა“. ვივიენმა ვერ გაძლო მის გარეშე და ისიც გაემგზავრა ჰოლივუდში. სწორედ მაშინ არჩევდნენ მთავარი როლის შემსრულებელს მიტჩელის საოცრად პოპულარული რომანის „ქარწაღებულების“ ეკრანიზაციისთვის… ფილმის პროდუსერმა დევიდ სელზნიკმა, რომელსაც უკვე იმედი ჰქონდა დაკარგული, რომ იპოვიდა ამ როლისთვის ღირსეულ მსახიობს, გაიცნო ვივიენ ლი და ფაქტიურად იმ წუთშივე გადაწყვიტა, რომ სწორედ ის იყო ნამდვილი სკარლეტ ო’ჰარა. საინტერესოა, რომ ამ არჩევანით უბედნიერეს ვივიენს ვერ გაუგო ვერც მეუღლემ და ვერც ოლივიემ. ორივე მათგანი ამ ფილმში მისი მონაწილეობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ ვივიენმა მაინც მოაწერა ხელი კონტრაქტს, თავისი პირველი „ოსკარიც“ მიიღო და სახელი გაითქვა მთელ მსოფლიოში. ლონდონში დაბრუნებულ ვივიენს ზედიზედ ორი სკანდალის გადატანა მოუწია, ერთის — მეუღლესთან და მეორესი — ლოურენსთან, რომელმაც მისი სანუკვარი „ოსკარი“ ფანჯარაში მოისროლა. მაგრამ ამ დაპირისპირებაში სიყვარულმა გაიმარჯვა და 1940 წელს ვივიენ ლიმ და ლოურენს ოლივიემ, მეუღლეებთან ურთიერთობების გარკვევის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს იქორწინეს. ალექსანდრ ქორდამ, რომელსაც დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი მათ დაახლოებაში, ვივიენი და ლოურენსი ისევ მიიწვია ფილმ „ლედი ჰამილტონში“ მონაწილეობის მისაღებად. და მან ამით კიდევ ერთხელ ითამაშა საბედისწერო როლი მათ ურთიერთობაში, მაგრამ ამჟამად უკვე არა კუპიდონის როლი. ამ ფილმის შემდეგ ვივიენი კიდევ უფრო პოპულარული გახდა, ლოურენს ოლივიე კი მის ფონზე დაიკარგა. და ეს „პროფესიონალური“ დაშორება მათ შორის ყოველი ახალი სპექტაკლით და ფილმით იზრდებოდა. სხვათა შორის, კრიტიკოსების შეფასებით, ლოურენს ოლივიე მართლაც დიდი მსახიობი იყო, მაგრამ ის თავის ხელობას ბიზნესად თვლიდა, ვივიენი კი ხელოვნებაში დაუფიქრებლად აქსოვდა მთელ სულს და გულს და მისი გულწრფელობის ფონზე ოლივიეს პროფესიონალური და დამუშავებული თამაში აგებდა. ვივიენს ძალიან უყვარდა ლოურენსი, ის მთელი 20 წლის განმავლობაში ცდილობდა მის შენარჩუნებას. „ოსკარის“ მეორე ქანდაკებით, რომელიც მან ბლანშ დიუბუას როლის შესრულებისთვის მიიღო ფილმში „სურვილების ტრამვაი“, ვივიენ ლი დასაძინებელი ოთახის კარს ამაგრებდა, რომ არ მიხურულიყო. ამით კი ცდილობდა ოლივიესთვის ეჩვენებინა, რომ მისთვის ამ ჯილდოებს სინამდვილეში არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნდა. გარკვეული დაძაბულობა იმანაც შექმნა, რომ ვივიენს ორჯერ შეუწყდა ფეხმძიმობა, რაც ნამდვილი ტრაგედია გახდა ლოურენსისათვის, რომელიც შვილზე ოცნებობდა. ამბობენ, რომ ვივიენისა და ლოურენსის დაცილებაში სერიოზული როლი ითამაშა ოლივიეს გატაცებამ ახალგაზრდა მსახიობებით. იმასაც კი ჰყვებოდნენ, რომ მან ვივიენს მერლინ მონროსთან უღალატა. სიმონა სინიორესგან განსხვავებით, რომელმაც მერლინს მეუღლესთან, ივ მონტანთან შეუსწრო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას და სახლიდან გააგდო, ვივიენ ლი პლატინისფერ მერლინს ვერ მოერია… 1960 წელს ვივიენი და ლოურენსი ერთმანეთს დაშორდნენ. ლოურენსმა მეუღლეს დაუტოვა ფანტასტიური „როლს-როისი“ და სხვა ქალთან წავიდა (არა მერლინ მონროსთან). ამბობენ, რომ ვივიენ ლის სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ ლარი (ასე ეძახდა ლოურენსს) მას დაუბრუნდებოდა… ელოდა და სწორედ ამიტომ შეინარჩუნა „ლედი ოლივიეს“ ტიტული. ლოურენსი კი, რომელმაც ვივიენზე 30 წლით მეტი იცოცხლა, თურმე, სიცოცხლის ბოლო წლებში გამუდმებით უყურებდა ფილმებს მისი მონაწილეობით. რატომ ხდება ასე, სად მიდის სიყვარული, როგორ ვერ ვისწავლეთ მისი შენარჩუნება?

#ვივიენლი #ლოურენსოლივიე #ქარწაღებულნი
#კინოხელოვნება
#მსახიოებებისცხოვრება
Tbilisi
0