როგორ დავიცვათ ზაფხულში ბავშვები ნაწლავური ინფექციებისგან?

0
რას უკავშირდება ზაფხულში ინფექციების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი და რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით ბავშვების შემთხვევაში? - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ანატომიასთან“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პედიატრმა და თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა. „ზაფხულში ნაწლავური ინფექციის გავრცელების რამდენიმე გზა არსებობს. ერთია საკვები პროდუქტები. ეს შეიძლება იყოს არაპასტერიზებული რძე, დაბინძურებული წყალი, ფარშირებული ხორცი, გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული - ესაა ერთი გზა და შესაბამისად, პრევენციაც აქედან გამომდინარეობს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროდუქტები იყოს ისეთი მომზადებული, ისეთი შენახული, რომ არ გახდეს ბავშვისვის საშიში. მეორე გახლავთ ამ პროდუქტების შენახვის რისკი. მაცივრის რეჟიმი განსაკუთრებულია. ამ ტიპის ინფექციები საკვებ პროდუქტში მრავლდება 4-დან 60 გრადუს ტემპერატურამდე. ძალიან ბევრ მაცივარს აქვს ეს რეჟიმი და 4 გრადუსის ქვემოთ პროდუქტის შენახვა იქნება სწორედ ის გარანტია, რომ ჩვენ არ გვექნება არასწორი შენახვიდან გამომდინარე ბაქტერიული ინფექციები. მესამე წყაროა აუზები და წყალსაცავები, სადაც არ ხდება წყლის მუდმივი ცვლა. აუზები ითვლება ასეთი ინფეციების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ და შედარებით იშვიათად - ვირუსულისაც, რადგან თუ ადამიანს იმ მომენტში აქვს დიარეა ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა, ის წარმოადგენს საფრთხეს ნებისმიერი პიროვნებისთვის, რომელიც ამ აუზში ცურავს და მცირე რაოდენობის წყლის გადაყლაპვაც კი, შესაძლოა, გახდეს სერიოზული ინფექციის მიზეზი. ასე რომ, აუზი მართლაც სერიოზული წყაროა ასეთი ინფექციების. მეოთხე წყარო - ესაა ხელის ჰიგიენა. ხელის დაბანა, როგორც კვების, ისე - საკვების მომზადების პროცესში ერთ-ერთი ის ფაქტორია, რითაც შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ეს ინფექციები“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მისივე თქმით, ბავშვთა ინფექციების დაყოფა ორ ძირითად ჯგუფად შეგვიძლია. ესაა რესპირაციული ინფექციები, რომლის ერთ-ერთი მაგალითია კორონავირუსი და მეორე - ნაწლავური ინფექციები, რომელსაც, ასევე, ძალიან დიდი გავლენა აქვს ბავშვის ჯანმრთელობასა და ავადობაზე. „სწორედ ეს ორი ფაქტორია ლეტალობის (გარდაცვალების) ყველაზე ხშირი გამომწვევი. პნევმონია ბავშვების ლეტალობის პირველი მიზეზია. ყოველწლიურად 800 ათასამდე ბავშვი კვდება პნევმონიის გამო. მეორე ადგილზეა დიარეული დაავდებები, ანუ ნაწლავური ინფექციები. ბოლო მონაცემებით, 600 ათასი ბავშია გარდაცვლილი. ამიტომ, სწორედ ესაა ის ინფექციები, რომლისაც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია და განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენთ ხოლმე ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში. აზრი იმის შესახებ, რომ ინფექციური დაავადებები განსაკუთრებით ზაფხულში მატულობს, გარკვეულ სტერეოტიპზეა დაფუძნებული, რაც, პრინციპში, არასწორია, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ნაწლავურ ინფექციებზე, მას ძირითადად, ორი ტიპის გამომწვევი ახასიათებს. ესაა - ვირუსიული და ბაქტერიული. ვირუსულის სიჭარბე შეინიშნება ზამთრის პერიოდში, ზაფხულში კი, უფრო მეტად ბაქტერიული გამომწვევები გვაქვს. ეს პერიოდი მეტად ბაქტერიული დიარეული დაავადებებისთვისაა „კარგი პერიოდი“. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათ შორის გარკვეული პერიოდულობა არსებობს. ამიტომ, თუ ჩვენ ზაფხულში გვაქვს დიარეის შემთხვევა, ეს უფრო მეტად არის ბაქტერიული და შესაბამისად, სიფრთხილის ზომებიც სრულიად განსხვავებულია“ - აღნიშნა პედიატრმა. imedinews.ge
0