წერილები, რომლებიც ძმები ვან გოგებისა და დეგას ურთიერთობის დეტალებს გვაცნობს

0

ედგარ დეგას წერილების სრულ კრებულში, რომელიც ხელმისაწვდომი 15 ივნისიდან გახდება, ათი ისეთი წერილია შესული, სადაც ძმები ვან გოგები არიან მოხსენიებულნი. მათგან შვიდ ჩანაწერში დეგა თეო ვან გოგს საკუთარი ნამუშევრებისთვის თანხის გადახდას სთხოვს. თეო, ვინსენტის ძმა და გალერიის, Boussod & Valadon-ის მონმარტზე არსებული ფილიალის მენეჯერი, ერთ-ერთი პირველი ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე იყო, ვინც დეგას ნამუშევრებით დაინტერესდა. ამ თემაზე დეგას ტიპურ შეტყობინებაში, რომელიც თავისივე სავიზიტო ბარათზე გაკვრით აქვს მიწერილი, ვკითხულობთ: "გამოიჩინეთ გულკეთილობა და ხვალ დილისთვის გამომიგზავნეთ ფული, მშრალზე ვარ დარჩენილი..." 1887 წლის 10 აგვისტოს დეგამ თეოს გალერეაში თანხის ასაღებად მოსამსახურე გაგზავნა: "გაიღეთ გულმოწყალება და ჩემს მოახლეს 1,500 ფრანკი გადაეცით", — ვკითხულობთ წერილში. იმის ხაზგასასმელად, რომ იგი გულმოდგინედ მუშაობდა, დეგა დასძენს: "ხვალ დილით მოდელი მეყოლება, ვის შიშველ სხეულსაც გამოვსახავ (ის ზურგით იჯდება ფეხებგადაჯვარედინებული). და თუკი დასრულებას მოვასწრებ, ორშაბათს უკვე გამოგზავნილი მექნება თქვენთვის ნამუშევარი". იმავე წელს თეოს მიერ დეგასგან შეძენილ ნახატებს შორის იყო 1865 წლით დათარიღებული ნამუშევარი, ყვავილებიანი ლარნაკის გვერდით მჯდომი ქალი, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება. აღსანიშნავია, რომ ძმები ვან გოგები დეგას დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ. 1886 წელს, თეოსთან საცხოვრებლად გადასვლიდან სამი თვის თავზე, ვინსენტმა თავის მეგობარს, ჰორას ლივენსს პარიზში აღმოჩენილი თანამედროვე ხელოვნების შესახებ ინგლისურად მისწერა: "მართალია, ამ მიმდინარეობის წევრი არ ვარ, მაგრამ მაინც დიდად მოვინუსხე ზოგიერთი იმპრესიონისტული სურათით — კერძოდ, დეგას მიერ გამოსახული შიშველი სხეულებით და კლოდ მონეს პეიზაჟებით". სავარაუდოდ, ვინსენტი 1886 წლის გაზაფხულზე იმპრესიონისტების მერვე (და ბოლო) გამოფენაზე იმყოფებოდა, რომელზეც, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დეგას 1885 წლის ნამუშევარი, ახალგაზრდა ქალი იმოსება, იყო წარდგენილი. 1890 წელს ვინსენტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომდევნო იანვარს კი თეო სიფილისით გარდაიცვალა. ამის შემდეგ დეგამ Boussod & Valadon-ის ფინანსური მხარდაჭერა დაკარგა, რამაც თავდაპირველად კი აანერვიულა, თუმცა მომდევნო რამდენიმე წელში მან კომერციული თვალსაზრისით დიდ წარმატებას მიაღწია. უნდა ითქვას, რომ დეგაც, თავის მხრივ, თავიდანვე იყო ვინსენტის შემოქმედების თაყვანისმცემელი და მისი ზოგიერთი ნახატიც კი შეიძინა. დეგას მეგობრის, დენიელ ჰელივის ჩანაწერების თანახმად, ხელოვანისთვის კოლექციონერობა ერთგვარ აკვიატებად იქცა. ერთხელ, 1895 წელს, დეგას საკუთარ სახლში წამოუძახია: "აქ არის ჩემი ვან გოგი და ჩემი სეზანი! ვყიდულობ! ვყიდულობ! თავს ვეღარ ვაკონტროლებ". იმ წელს დეგამ 1887 წლით დათარიღებული ვან გოგის პარიზული ნახატი, ორი მოწყვეტილი მზესუმზირა, შეიძინა, რომელიც ამჟამად ბერნის სამხატვრო მუზეუმში ინახება. დეგამ ეს ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე ემბროუს ვოლარდისგან თავისი მოცეკვავის ორი ესკიზის სანაცვლოდ მიიღო.

#ვანგოგი #ედგარდეგა
#ხელოვნება
#მხატვრობა
#იმპრესიონიზმი
#წერილები
Tbilisi
0