ქართული ფილმი "დასაწყისი" კანის ფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა

0

ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი დასაწყისი კანის წლევანდელი კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში მოხვდა. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა დეა კულუმბეგაშვილის სარეჟისორო ნამუშევარი ამ გავლენიან ფესტივალზე მოხვდა: 2014 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იყო რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი უხილავი სივრცეები, 2016 წელს კი სექციაში რეჟისორთა ორკვირეული დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ლეთა აჩვენეს. დასაწყისი ამ ქართველი რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია და ის იმ 15 რეჟისორს შორის მოხვდა, რომელთა სადებიუტო ნამუშევრები იქნებოდა წელს წარმოდგენილი ფესტივალზე. მათ შორისაა მსახიობი ვიგო მორტენსენი სადებიუტო ფილმით Falling. დეა კულუმბეგაშვილის კინოსურათი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც ქსტრემისტული დაჯგუფება დაესხმება თავს. მართალია, წელს პანდემიის გამო კანის კინოფესტივალი თავისი ტრადიციული ფორმით არ გაიმართება და არც ჟიური დაასახელებს წლევანდელ ფავორიტებს, თუმცა კინოფესტივალის ორგანიზატორებმა 2 067 ფილმიდან ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი 56 ფილმი დაასახელეს (მათ შორის ქართველი რეჟისორის ეს ნამუშევარი), რათა მათ კანის ფესტივალის სპეციალური ნიშანი/ეტიკეტი მიენიჭოთ და სამომავლოდ მათი პრემიერა ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე შედგეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის მსოფლიო პრემიერა ან როდის შეძლებს მის ხილვას ქართველი მაყურებელი.

#დასაწყისი
#ქართულიადაკარგია
#ფილმები
#კინოხელოვნება
#ხელოვნება
#კანისფესტივალი
Tbilisi
0