დღევანდელ დღეს

0
ლელა ანჯაფარიძე😥💖 ძალიან დილა მშვიდობისა! დღეს, ყველა ამინდის პროგნოზისა და მისი ახდენა- არ ახდენის მიუხედავად, ჩემთვის, მაგალითად... „მზე აყვავებულ ცაცხვებს დაჰხარის“... რადგანაც, სწორედ ამ დღეს, 1934 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა ქართველი კომპოზიტორი, პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, თბილისის განუმეორებელი კოლორიტი და უბრალოდ, შესანიშნავად ნათელი ადამიანი, ბატონი ოთარ რამიშვილი... ზოგჯერ მგონია, რომ ასეთი ლამაზი ხალხი მოდის იმისთვის, რომ რაღაცა დაგვანახოს, გვასწავლოს, შეგვაგრძნობინოს, მიგვახვედროს... ზოგჯერ გამოსდით, ზოგჯერ გონიათ, რომ ვერ გვერევიან, მაგრამ სინამდვილეში იმხელა და იმდენად განსაკუთრებულ ნაპერწკალს ტოვებენ ჩვენს გულებში, რომ ერთი სიმით და ნოტით მაინც ვმაღლდებით და ვლამაზდებით... ბატონი ოთარი იყო დიდი ბავშვივით... საოცრად დახვეწილი, მორიდებული, მოსიყვარულე... მახსოვს მისი პირველი სახალხო გამოსვლა ფილარმონიაში, „პაემანი ვერაზე“-ს პრემიერაზე... როგორ ეფერებოდა გიტარას... რა სიტკბო იყო ამ კაცში ჩაქსოვილი... სიმღერა რომ დაასრულა, დარბაზი აფეთქდა... უცებ თავი დაგვიქნია და გაიქცა სცენიდან... ჩემს დედიკო-გალიჩკას ძალიან უყვარდა... სულ თხოვდა „საესტრადო პანორამებში“ გამოსვლას... ბატონი ოთარიც დიდ პატივს სცემდა, მაგრამ სისტემატურად ემალებოდა))) არ უყვარდა ზედმეტი ყურადღება და ეს არ იყო მისი პოზა... ეს იყო მისი პროზა და არსი... გუშინ, ბატონ ოთარზე რაღაცეებს ვკითხულობდი და ძალიან მომეწონა ქალბატონი მერი ბლიაძის „სპუტნიკში“ გამოქვეყნებული შესანიშნავი ინტერვიუ ბატონი ოთარის მეუღლესთან, ქალბატონ გულნაზისთან... მათ ერთად გადაღებულ ფოტოს რომ შევხედე, გული გამითბა... ბატონ ოთარს ზუსტად ისეთი საოცარი ქალბატონი ყავდა გვერდში, როგორიც არ შეიძლება არ ყოლოდა და როგორიც წარმომედგინა... თურმე, ბატონი ოთარი საკმაოდ ეჭვიანი მეუღლე ყოფილა... მაგალითად, თუ ვინმე ქალბატონ გულნაზის ღვინოს დაუსხავდა ან საცეკვაოდ გამოიწვევდა, ეტყოდა ხოლმე - „ჩემი ცოლი არ ეწევა, არ სვამს და არ ცეკვავსო“))) რა ბედნიერებაა, როდესაც გახსოვს შენი უსაყვარლესი ადამიანის მიერ დაწერილი პირველი ლექსი, რომელიც მოგიძღვნა... თანაც, ასეთი... „სურნელებით გაჟღენთილი ფეთქავს არე–მარე, ჩვენ ერთმანეთს შევაბერდეთ, როგორც მზე და მთვარე, მე პირველად მაშინ გნახე ჩემო პაწაწინა, და ვინატრე შენს გულ–მკერდში ერთხელ ჩამაძინა“. ახლა ხომ წარმოგიდგენიათ, ამას როგორ იტყოდა ან როგორ იმღერებდა ბატონი ოთარი... ასეთი კაცის გულისთვის, ნამდვილად არ უნდა მოგეწია, დაგელია და მითუმეტეს, გეცეკვა... ძალიან მიყვარს ბატონი ოთარის ლექსი... „სიყვარულმა დამტოვა, სხვისკენ შეიფრთხიალა, ახლა ისევ მარტო ვარ, გულს აკვნესებს იარა. ამეშალა ნერვები, აშლილია გიტარა... ასე იცის ყველაფრის გულთან ახლოს მიტანამ“. ბატონ ოთარს მართლაც გულთან ახლოს მიჰქონდა ყველაფერი... სხვანაირად არ შეეძლო... თანაც იმდენი რამე იყო გულთან ახლოს მისატანი... მაგრამ ერთი ლამაზი გამოსავალი ჰქონდა... შეეძლო მყუდროდ განმარტოება თავის შემოქმედებით, პოეტურ-მუსიკალურ სამყაროში... იქ, სადაც ყველაფერი იყო სამართლიანი და კეთილშობილი... მოკლედ, ოთარული... და მაგალითად, პატარა ბიჭივით დაეწერა... "რაღა მაინც ამ ჩემს თუთას შემოუჩნდი, განა სხვაგან ცოტანია თუთები, მე შენს მოსვლას იცოდე, რომ კიდევ ვუცდი დაგიჭერ და მაგრად ჩაგეხუტები". ბატონ ოთარს საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა... სავარაუდოდ, ისიც უადვილებდა ცხოვრებას... მისი მეგობარი, ბატონი დათო როსტომაშვილი იხსენებდა... „ერთხელ, ოთარი გააჩერა პატრულმა. ოთარი, როგორც ყოველთვის, ნასვამი იჯდა საჭესთან, იფიქრა, ეტყობა, ვერ მიცნეს, შორს გავაჩერებ მანქანას და ვეტყვი, ვინც ვარო. ასეც მოიქცა. გააჩერა შორს მანქანა, ჩასწია ფანჯარა, გადმოყო თავი და დაუყვირა პატრულს: ბიჭებს გაუმარჯოს, ბიჭებს, რამიშვილი ვარ, რამიშვილიო. პატრულმა შორიდან მიაძახა, რომელი რამიშვილიო. ოთარი გაბრაზდა: რომელი რამიშვილი და სუხიშვილის ცოლი, შენი დედაო“. მე მგონი არანაკლებ იუმორის მომტანია ინტერნეტში გამოქვეყნებული, ბატონი ოთარის 2004 წელს შევდებული ქონებრივი დეკლარაცია... თითქმის ყველა გრაფაში - „ხვიშტებია“... ანუ, გადახაზული Z-ები))) ვიცი, არავის გაგკვირვებიათ... ბატონ ოთარს სხვა სომდიდრე გააჩნდა, რომელსაც ვერ შეიძენ ვერანაირი ფულით... მისი ნიჭი, მისი თავმდაბლობა, შინაგანი კულტურა, კეთილშობილება და ხალხის უზომო სიყვარული... ბატონი ოთარი გარდაიცვალა 2011 წლის 6 ოქტომბერს...’ გახსოვთ, მისი გემრიელი შესრულებით „ენკი ბეკლი სიკლისა, ენკი ბენკი ბა... ვერ აუვალთ სიკვდილსა, როს მოგვადგე - ბა“... რა თქმა უნდა, ვერ აუვალთ, მაგრამ... ისიც ხომ არის... „იფრინე ქვეყნად, იფრინე ქვეყნად, რომ მუდამ გეთქვას შენი სათქმელი. ამაზე კარგი რა უნდა იყოს, კაცს თაფლი მისცე და ღმერთს სანთელი“ ბატონმა ოთარმა ეს ნამდვილად შეძლო... გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ბატონი ოთარივით ტკბილ დღეს!!!
0