"მამაჩემის მკვლელი ცხოვრობს ჩვენს სახლში, სოხუმში" ნაწილი II

0
გულით სოხუმელი ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გრძელი წვრილი პალმის ტოტები ეკვრება მისი ბინის ჭერს, ტელევიზორიდან ისმის წამყვანის გაუგებარ ენაზე საუბარი და ბიბლიოთეკაში უცნაური დამწერლობის წიგნები აწყვია. სერგო მატკავა ქართულ ოჯახში დაიბადა, შავი ზღვისპირეთის საპორტო ქალაქ სოხუმში. ომამდე, ცუდ სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდა, რომ სახლიდან ორი ათასი კილომეტრის მოშორებით იცხოვრებდა. - „გული სოხუმში დავტოვე მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, იქ ვერასოდეს დავბრუნდები. აფხაზეთის ომი დავიწყებას მიეცა და ხალიჩის ქვეშაა შეჩურთული“, ამბობს ნასწავლი იურისტი, რომელსაც თხუთმეტ წელიწადზე მეტია ჩეხეთის მოქალაქეობა აქვს, სადაც ოცი წელია ცხოვრობს. 1993 წლის ზაფხულში სერგო სოხუმიდან გამოექცა აფხაზ სეპარატისტებს და მათ მოხალისეთა რაზმებს ნათესავებთან ერთად განერიდა. მისი სიტყვებით, ქალაქს „ეთნიკური წმენდა“ ჩაუტარეს. „1993 წელს ქართველების მიმართ მხეცობა ჩაიდინეს სოხუმში რუსეთიდან ჩამოსულმა მოხალისეებმა. სოხუმის ეთნიკური წმენდისათვის მათ სანაცვლოდ ქონება ერგოთ. მამაჩემი, რომელიც სოხუმში დარჩა, მოკლეს და მისი მკვლელები დღეს ჩვენს სახლში ცხოვრობენ. ეს ინფორმაცია ჩვენი ოჯახის ახლობლებისაგან გამაჩნია, ვინაიდან ისინი სოხუმში დარჩნენ, რადგან ეთნიკურად არ არიან ქართველები“ - იხსენებს სერგო მატკავა. მიუხედავად იმისა, რომ სერგო ორი წლის განმავლობაში ომის პერიოდში სოხუმში ცხოვრობდა, სიტუაციამ უკარნახა, როდის ჩაელაგებინა ბარგი და წამოსულიყო. ომის დროს სოხუმის ასობით მაცხოვრებელი გავიდა ქალაქიდან და თავშესაფარი ნათესავებთან, ცენტრალურ საქართველოში მოძებნა. მათი უმრავლესობა სახლებში 1993 წელს, ოფიციალური ზავის დადების შემდეგ დაბრუნდა. უკან მიბრუნებულებმა მოახლოებული კატასტროფა სათანადოდ ვერ აღიქვეს. დაზავებამ აფხაზურ მხარეს ძალების გადანაწილებასა და სოხუმის დაპყრობაში შეუწყო ხელი. თბილისის ცენტრალური ხელისუფლება სოხუმის მოსახლეობას არწმუნებდა, რომ მათ არანაირი საფრთხე არ ელოდათ და შეეძლოთ წყნარად დაბრუნებულიყვნენ სახლებში, რაც უდიდესი შეცდომა იყო. „თბილისს ეგონა, რომ რუსეთის მხარე მშვიდობიან მოსახლეობას არ შეეხებოდა. ხაზგასმით ვამბობ რუსული მხარე, ვინაიდან აფხაზების ავიაცია და აფხაზეთის ფლოტი საერთოდ არ არსებობდა. სოხუმზე თავდასხმასა და ქალაქის დაბომბვას გემებიდან აფხაზების სახელით რუსი სამხედროები ახორციელებდნენ. ორმოცდაათათასიანი აფხაზი მოსახლეობა ამას ვერ იზამდა და არც ამის საშუალება გააჩნდა. როდესაც ანალიზს ვიწყებ, ვაცნობიერებ, რომ თბილისის მთავრობამ ცოცხალ ფარად გვაქცია. თუმცა ბოლო მომენტში შევძელით კომპაქტურად დაგვეტოებინა სოხუმი და თავი გადაგვერჩინა“ - იხსენებს სერგო მატკავა, რომელმაც დაარწმუნა დედამისი და დის ოჯახი, რომ მას გაჰყოლოდნენ. სოხუმს ისედაც ტოვებდნენ დაძაბული მდგომარეობის გამო, რადგან ქალაქის შემოგარენში მზაობაში იყვნენ სამხედრო ფორმირებები. გამოქცეულ მშვიდობიან მოსახლეობას შემდგომ ეტაპებზე კავკასიონის უღელტეხილით მოუხდა გადასვლა, რადგანაც შეიარაღებულმა ფორმირებებმა სანაპირო ზოლი ჩაკეტეს. გამოქცეული მოსახლეობის დიდი ნაწილი გზაში დაიღუპა. სერგო მატკავას ოჯახიდან სოხუმი მისმა ყველა წევრმა დატოვა, გარდა სამოცდაათი წლის მამისა, რომელთან ერთადაც სოხუმში თვეების მანძილზე განიცდიდა მოახლოებული სიკვდილის საშიშროებას. მამამისმა უარი განაცხადა წასვლაზე იმ მოსაზრებით, რომ საკუთარ ქონებას დაიცავდა. ამის შემდეგ, ის ცოცხალი არავის უნახავს. იგი დაიღუპა 1993 წლის ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც ქალაქი სამხედრო ფორმირებებმა დაიკავეს და დაიწყო ძალადობა. „დღემდე სინდისი მქეჯნის, რომ ვერ დავარწმუნე მამაჩემი დაეტოვებინა ქალაქი. მას ისევე გაუსწორდნენ, როგორც დანარჩენ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც რაღაც მიზეზის გამო ქალაქში დარჩა. გარდაცვალებამდე მამამ ორი წერილის დაწერა მოასწრო და აქედან ვიცი რა გადაიტანა და რა ხდებოდა სოხუმში. წერილი ხელში ჩამივარდა ჩვიდმეტი წლის შემდეგ. მამაჩემმა წერილი მეზობელს გადასცა, რომელიც არ იყო ეთნიკური ქართველი და მან მოგვიანებით ეს წერილი გამომიგზავნა“ - ამბობს არაჩვეულებრივი ჩეხურით უმნიშვნელო აქცენტით. გაზეთი „ლიდოვე ნოვინი“, 2013 წ. 22 ოქტომბერი, ავტორი: ტომაშ კუჩერა
#აფხაზეთი
#სოხუმი
#კონფლიქტი
#ომი
#პოლიტიკა
#sokhumidaily
0