როგორ გამოეხმაურნენ ჰარი პოტერის ვარსკვლავები ჯოან როულინგის განცხადებებს ტრანსგენდერების შესახებ

0

ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორმა ჯოან როულინგმა რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე ტრანსგენდერი ქალების შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გამო კრიტიკა დაიმსახურა. "თუ სქესი რეალური არ არის, მაშინ ქალების ცხოვრების გლობალური გამოცდილებაც უნდა გავაქროთ. მე ვიცნობ და მიყვარს ტრანსგენდერი ადამიანები, მაგრამ სქესის ცნების წაშლით, ასევე უარვყოფთ ქალების ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან განხილვებს. სიმართლის თქმა ვინმეს მიმართ სიძულვილს არ გამოხატავს," — როულინგის განცხადებებს შორის ერთ-ერთი სწორედ ეს იყო. სოციალურ ქსელებში ათასობით მომხმარებლის და თავად ტრანსგენდერი ადამიანების უარყოფით გამოხმაურებასთან ერთად, ამ ცნობილი ბრიტანელი მწერლის ტვიტების შესახებ თავიანთი აზრი ჰარი პოტერის სამყაროსთან დაკავშირებულმა ცნობილმა სახეებმაც დააფიქსირეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საჯარო განხილვებში ჩაერთო, როულინგის წიგნების მიხედვით გადაღებულ ფილმებში ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი, დენიელ რედკლიფი იყო. "ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან. ნებისმიერი საწინააღმდეგო განცხადება მცდელობაა ტრანსგენდერი ადამიანების იდენტობისა და ღირსების შელახვისა, რაც სამედიცინო სფეროს იმ პროფესიონალების მიერ გაცემულ ცნობებს ეწინააღმდეგება, რომელთაც ამ საკითხზე იმაზე მეტი ცოდნა აქვთ, ვიდრე მე ან ჯოანს", — განაცხადა მან. რედკლიფმა ასევე ბოდიში მოუხადა იმ მკითხველებს, რომლებმაც მწერლის ამ განცხადებების გამო ჯადოსნური წიგნების სერიაზე გული აიცრუა: "ყველას, ვინც ახლა ფიქრობს, რომ წიგნების მიმართ მათი დამოკიდებულება სამუდამოდ გაუფერულდა და ჩირქი მოეცხო, დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ტკივილის გამო, რაც ამ განცხადებებმა მიაყენა. თუ ამ წიგნებში მოთხრობილ ისტორიაში იპოვეთ ის, რამაც თქვენზე გავლენა იქონია და ცხოვრების რომელიმე ეტაპზე დაგეხმარათ, ეს მხოლოდ თქვენი და ამ წიგნის ურთიერთობის შედეგია. ამას კი ვერაფერი შეცვლის, ის წმინდა და ხელშეუხებელია". დენიელ რედკლიფის შემდეგ ტვიტერზე განცხადება გაავრცელა ჰერმიონ გრეინჯერის როლის შემსრულებელმა, ემა უოტსონმა: "ტრანსგენდერები სწორედ ისინი არიან, რადაც თავს გრძნობენ და იმსახურებენ, მათი იდენტობის შესახებ გამუდმებით კითხვების დასმისა და იმის თქმის გარეშე იცხოვრონ, რომ ის არ არიან, ვინც თავი ჰგონიათ", — წერს უოტსონი. ჰარი პოტერის სპინოფში ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი მთავარი გმირის, ნიუტ სკამანდერის როლის შემსრულებელმა, ედი რედმეინმა ამ საკითხთან დაკავშირებით Variety-სთან ისაუბრა: "როგორც ჯოან როულინგთან, ისე ტრანსგენდერი თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გამოცდილება მაქვს და მინდა, ამ საკითხზე ჩემი აზრი მკაფიოდ დავაფიქსირო — არ ვეთანხმები ჯოანის განცხადებებს. ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან, ტრანსგენდერი კაცები კაცები არიან და არაბინარული იდენტობების მქონე პირებიც თანაბარ აღიარებას იმსახურებენ. არასდროს ვისაუბრებ ამ ადამიანების სახელით, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი ძვირფასი ტრანსგენდერი მეგობრები და კოლეგები დაიღალნენ მუდმივად მათი იდენტობის კითხვის ქვეშ დაყენებით, რის გამოც ხშირად შემდეგ ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლები ხდებიან. მათ უბრალოდ სურთ, რომ მშვიდად იცხოვრონ და დროა, ამის უფლებაც მივცეთ". საერთო განხილვებს გამოეხმაურა ამ ჯადოსნური სამყაროს კიდე ერთი ნაცნობი პერსონაჟის, ჩო ჩენგის როლის შემსრულებელი კეტი ლიუნგი, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანების მხარდასაჭერად ყველას საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებისკენ მოუწოდა. ლუნა ლავგუდის როლის შემსრულებლის, ევანა ლინჩის განცხადებით კი, "ტრანსგენდერებისთვის თავიანთი იდენტობის მიღებისა და საკუთარი თავის შეყვარების პროცესი ისეც საკმარისად რთულია და მათ ჩვენი განცხადებებით კიდევ უფრო მეტი ტკივილი არ უნდა მივაყენოთ" საჯარო განხილვების შემდეგ ჯოან როულინგმა ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც ტრანსგენდერებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებების კიდევ ერთხელ დაფიქსირებასთან ერთად, აღნიშნა, რომ თავად ოჯახური ძალადობისა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო, რის გამოც ტრანსგენდერების მუდმივი დისკრიმინაციის კარგად ესმის და თანაუგრძნობს მათ.

#ჰარიპოტერი #ჰარიპოტერისკასტი #ჯოანროულინგი #ტრანსფობია #გამოხაურებები
Tbilisi
0