ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორია.

0
ბოტანიკური ბაღი 180 წლის ისტორიას ინახავს. მისი საერთო ფართობი შეადგენს 26 ჰექტარს. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დაარსების დროდ ითვლება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი. ის გაშენდა, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი. ისტორიული ცნობების თანახმად, ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე 1840 წელს მიიღო, როცა მის განაშენიანებაზე ზრუნვა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ დაიწყეს. საჭირო თესლი და ხეების ნერგები საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან ჩამოიტანეს, დეკორატორად კი მოიწვიეს იტალიელი მებაღე ჟიზეფ ბაბინი. მან ბაღს მთლიანად შეუცვალა იერი — დაგეგმა ფრანგულ, სიმეტრიულ სტილში. სწორედ მან შექმნა დღემდე შემორჩენილი ხელოვნური ტბა, პატარა კუნძულით.
ბოტანიკურმა ბაღმა დღევანდელი სახე უამრავი ცვლილებების შემდეგ მიიღო, მათ შორის მოიაზრება სტიქიური მოვლენებიც. სამეგრელოში ოსმალთა შემოჭრისას, ბაღი სრულად განადგურდა და დაიწვა. მისი აღდგენა ეკატერინე ჭავჭავაძემ იტალიიდან მოწვეული მებაღე-დეკორატორების, ძმები გაეტანი და ჯიოვანო ზამბერლეტების დახმარებით, 1869 წელს შეძლო. ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ ბაღში მცენარეთა ახალი ჯიშების შემოტანა შეწყდა, თუმცა მოვლილი იყო, რაზეც ეკატერინეს ვაჟი ნიკო დადიანი ზრუნავდა. მოგვიანებით, საქართველოს გასაბჭოების წლებში, ბაღს განსაკუთრებით გაუჭირდა. ის ხელიდან ხელში გადადიოდა. ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი, ამ თანამდებობაზე მუშაობის 30-წლიანი სტაჟის მქონე რუსლან ლატარია, ამბობს, 1970-დან 1991 წლამდე ბოტანიკური ბაღი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის მფლობელობაში იყო, მოვლა-პატრონობა მთელი ამ ხნისმანძილზე გრძელდებოდა და არ შეწყვეტილაო, 1992 წლიდან კი - მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ომი დაიწყო - ბოტანიკური ბაღის გამდიდრება მცენარეებით შეწყდა და თანამშრომლები მხოლოდ მის დაცვაზე ზრუნავდნენ.
2020 წელს, ბაღში გატარებულმა ცვლილებებმა სრულად შეცვალა მისი იერსახე. დღეს იმდენად განსხვავებულადაა წარმოდგენილი ბოტანიკური ბაღი, რომ მას ძველი თანამშრომლები ვეღარ ცნობენ. თუმცა ბაღში არსებული ასლოწავნი ხეები და ისეთი ჯიშის მცენარეები, რომლებიც იშვიათია, მაინც იპყრობენ ტურისტების ყურადღებას.
#ზუგდიდი #სამეგრელო #ბოტანიკურიბაღი #ისტორია #დადიანებ #ცვლილებები
#zugdididaily
0