„ემბავუდის“ მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
გორში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. „კოვიდ-19“ „ემბავუდის“ მაღაზიათა ქსელის გორის ფილიალის მენეჯერს დაუდასტურდა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში 10 დღის წინ შეიყვანეს ვირუსული ინფექციის სიმპტომებით, თუმცა კლინიკაში შეყვანისას ჩატარებული ტესტირებისას კორონავირუსი არ დაფიქსირდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის განცხადებით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი გადაყვანილია თვითიზოლაციაში და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. „ინფიცირებულია გორში მცხოვრები ერთი პირი, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თავდაპირველად კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა. აღნიშნულ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, როგორც ოჯახის წევრები, ასევე, თანამშრომლებიც გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში და ყველა მათგანს უტარდება ტესტირება“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მარი გიუნაშვილმა. „ემბავუდის“ გორის ფილიალი დღეს დილით დაიკეტა.
0