ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა - ვის და როგორ მოემსახურება ის?

0
დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ხარაგაულის და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე. ხარაგაულის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთექვსმეტე იქნება. ცენტრები ფუნქციონირებენ საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულსა და საჩხერეში. საზოგადოებრივი ცენტრი ხარაგაულისა და მიმდებარე სოფლების – ჯაფაროულის, ბაზალეთის, ფარცხნალის, ისლარის, საღანძილის, ზარანის, დიდვაკის, ღარიხევის, წიფისა და სხვათა – 24 000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ხარაგაულში სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ. ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი. როგორც სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში, ხარაგაულის ცენტრშიც განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომისა“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს. ზვიადშალამბერიძე
kutaisidaily
0