დაგვიანებული რეკომენდაციები და ხალხით სავსე სანაპიროები

0
რა წესების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს პლაჟზე კორონავირუსის გამო, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. ჯანდაცვის სისტემა ზაფხულში დასვენების მსურველთათვის და საპლაჟო სექტორისთვის რეკომენდაციებზე ამ დრომდე ფიქრობს, პლაჟზე კი უკვე ხალხი მრავლადაა და მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს. თუმცა ტურისტული სეზონი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გახსნილა. სანაპიროზე 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა რომ აუცილებელი იქნება - ეს დანამდვილებით იციან ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში, თუმცა, სანამ დოკუმენტი დაიდება, პლაჟზე უკვე კარგად ჩანს რას ფიქრობენ რუჯის მოყვარულები წესებზე. შეიძლება ღიმილის მომგვრელად ჟღერს, მაგრამ სანაპიროზე დისტანციას არავინ იცავს. ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული რეკომენდაცია არც სანაპიროზე შეზლონგების გამქირავებელი პირებისთვის. თუმცა მათ მუშაობა უკვე განაახლეს. "ივერია ბიჩი", რომელსაც პლაჟი იჯარით აქვს აღებული, არ დალოდებია რეკომენდაციას და შეზლონგებს აქირავებს. აქ ამბობენ, რომ ზოგად წესებს იცავენ და ყოველი გამოყენების შემდეგ შეზლონგებს სველი წესით წმენდენ. ნამდვილად ასეა თუ არა შეუძლებელია მტკიცება, რადგან ამ ეტაპზე აჭარაში არ არის კონკრეტული უწყება, რომელიც აღნიშნულ საკითხს გააკონტროლებს. "ივერია ბიჩის" გარდა ბათუმის ბულვარს კიდევ ორი სანაპირო აქვს იჯარით გაცემული. ზღვისპირა პარკის დანარჩენ ტერიტორიაზე კი შეზლონგების განთავსებასთან დაკავშირებულ აუქციონს, ბათუმის ბულვარი რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ გამოაცხადებს.
news
რეკომენდაციებიხალხისანაპიროtbilisidailynewsdaily
0