ფუნდუკი - თანამედროვე მინიმალისტური ქართული ავეჯი და უკვე სამოსიც

0
პოსტში წარმოგიდგენთ Hammock Magazine-ს ინტერვიუს თანამედროვე მინიმალისტური დიზაინის ავეჯისა და სამოსის ბრენდ “ფუნდუკის” თანადამფუძნებელ - სანდრო წივწივაძესთან.

სანდრო, რას გულისხმობს "ფუნდუკის" ძირითადი საქმიანობა, როგორ გაჩნდა მისი დაარსების იდეა და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ბრენდის უკან დგანან?

"ფუნდუკი" მარტივი ხელწერით შექმნილი თანამედროვე და მინიმალისტური ავეჯისა და სამოსის ოჯახური იდეაა, რომელიც 2012 წელს დაიბადა და მას შემდეგ მუდმივად განვითარების პროცესშია. დღეს "ფუნდუკი" ოჯახის წევრების გარდა, პროფესიონალთა გუნდისგან შედგება, გვაქვს საკუთარი საწარმო და უკვე ვპოზიციონირებთ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზეც.

თავდაპირველად რა კონცეფციით შეიქმნა "ფუნდუკი" და დროთა განმავლობაში ხომ არ განუცდია ამ კონცეფციას რაიმე ფორმით ცვლილება?

"ფუნდუკის" იდეა თავიდანვე თანამედროვე დიზაინის, მარტივი, პრაქტიკული, ხარისხიანი და სკანდინავიური ტენდენციების გათვალისწინებით ეკომეგობრული პროდუქტის შექმნა იყო, რომელიც ნებისმიერი ასაკის თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილს მოერგებოდა. ვფიქრობ, დღემდე ეს ნიშა გვიჭირავს, რაც სხვებისგან გამორჩეულსა და ადვილად საცნობს გვხდის.

როგორ უკავშირდება სახელი "ფუნდუკი" ამ კონცეფციას, რას გამოხატავს ის თქვენთვის და რატომ გადაწყვიტეთ ამ სახელის დარქმევა?

სიტყვა - “ფუნდუკი” ნიშნავს ქარვასლას, სადაც ხელოვანები და ოსტატები თავიანთი პროდუქტის პრეზენტაციას და რეალიზაციას ეწეოდნენ. ჩვენი ფუნდუკიც ხელოვანებისა და ოსტატებისგან შედგება, რომელიც ამავე დროს თავის სივრცეში ხშირად მასპინძლობს მოწვეულ არტისტებსაც.

ვისთვის არის “ფუნდუკი”, შეგიძლიათ დაახასიათოთ ადამიანი, რომელიც თქვენი მომხმარებელია?

“ფუნდუკი” არის ყველასთვის. აქ ნებისმიერი ასაკის თუ სქესის თანამედროვე ადამიანი პოულობს თავის საყვარელ ნივთს. დღეს სახლი იქცა მულტიფუნქციურ სივრცედ, “ფუნდუკის” ავეჯი სწორედ ამ კონცეფციას ატარებს, ის პრაქტიკულია და მოხერხებული. ჩვენი ავეჯით შექმნილი ინტერიერი სივრცეს ტრანსფორმირებადს ხდის, რაც ადამიანს ცხოვრებას უმარტივებს და ხარჯებს უმცირებს. "ფუნდუკის" ეკომეგობრული ავეჯის დიზაინი თანამედროვე ტენდენციებს ეხმიანება. რაც შეეხება სამოსს, უნისექსს, ისეთივე თანამედროვე და პრაქტიკულია, როგორც "ფუნდუკის" ნებისმიერი ნივთი. ვფიქრობთ, რომ ყოველდღიური სამოსის ელეგანტური ფორმები მომხიბვლელია როგორც თინეიჯერებისთვის, ისე ასაკოვანი ადამიანებისთვისაც, რადგან ამ შემთხვევაშიც უპირატესობას ბუნებრივ მასალასა და ქსოვილებს ვანიჭებთ.

რა იყო ყველაზე დიდი სირთულე და წინააღმდეგობა იმ დროს, როცა ამ საქმეს იწყებდით და ახლა თუ არის რაიმე, რასაც ყოველდღიურად აწყდებით?

თავიდანვე გვჯეროდა რომ საქმე, რომელიც დიდი სიყვარულით კეთდება, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. ოპტიმისტური განწყობით სირთულეებს გამოცდილებად აღვიქვამთ.

თანამშრომლობდით სხვადასხვა დიზაინერთან. რამდენიმე დღის წინ თქვენს ინსტაგრამგვერდზე ვნახეთ პოსტი, სადაც არტისტებს და ბრენდებს მოუწოდებდით “ფუნდუკის” Concept store-ში გაეხსნათ თავისი Pop up მაღაზია, მოგვიყევით ამ იდეაზე უფრო ვრცლად...

როგორც კი პანდემია გამოცხადდა, თბილისსა და ტალინში მაღაზიები დავხურეთ. კარანტინის პერიოდი ქალაქგარეთ გავატარეთ და შესაბამისად, გვქონდა იმის დრო, რომ ახალ პროდუქტსა და განვითარებაზე გვეფიქრა. კარანტინის გაუქმების შემდეგ ახალ სივრცეში გადავინაცვლეთ, სადაც შოურუმის გარდა სამკერვალო და ხის საწარმო განვავითარეთ, გადავინაცვლეთ ონლაინპლატფორმაზეც, რაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. გარდა ადგილობრივი ონლაინბაზრისა, ჩვენი პროდუქცია წარმატებით იყიდება ევროპასა და ამერიკაშიც, გახსნილი გვაქვს მაღაზია Etsy-ზე, ამჟამად ვმუშაობთ ამაზონთან და გვაქვს შემოთავაზება, რომ ჩვენი ავეჯი პარიზშიც გაიყიდოს.

როგორია თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმები?

უახლოეს მომავალში ჩვენი ონლაინმაღაზია გვექნება. სამომავლოდ ჩვენს ესტონელ პარტნიორებთან ერთად ტალინში საწარმოს გახსნას ვგეგმავთ, შემდგომ ტალინსა და ბერლინში მაღაზიებს გავხსნით. ავტორი : გვანცა ჩანადირი პოსტის ლინკი:
__________ გამოიწერეთ გვერდი და ადევნეთ თვალყური ყველაზე საინტერესო ქართულ დიზაინ-სიახლეებს მომოსთან ერთად ✨
0