მოსაზრება: აფხაზეთში კრიზისი გარდაუვალია - მნიშვნელოვანია, როგორ შეხვდება მას ხელისუფლება

0
აფხაზეთის ახალი პრეზიდენტი, ასლან ბჟანია თანამდებობაზე 2020 წლის 23 აპრილს აირჩიეს. ის დიდი ხნის განმავლობაში, ოპოზიციის ლიდერი იყო და თანმიმდევრულად აკრიტიკებდა ხელისუფლებას. თუმცა, ამ დრომდე, მას არ დაუწყია არც ერთი რეფორმა და ისეთი სფეროს დასახელებაც კი რთულია, რომელიც ახალმა გუნდმა პრიორიტეტად გამოაცხადა. თითქმის თვე-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ასლან ბჟანია პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას შეუდგა და გასაგებია, რომ რაიმე თვალშისაცემი შედეგების მოლოდინი ახალი ხელისუფლებისგან უაზრობაა – ძალიან ცოტა დროა გასული.  მაგრამ ეს დრო თავისუფლად ეყოფოდა ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდში შეპირებული ფართომასშტაბიანი რეფორმების გახმოვანებასა და ამ გეგმის შესაბამისად ხელისუფლების სამოქმედო გეგმის ფორმირებას. თუმცა, ამ დრომდე, არა მხოლოდ მკაფიო გაგება, როგორ აპირებს ახალი გუნდი ქვეყანაში გარდაქმნების გატარებას, არამედ მისი ბუნდოვანი მონახაზიც კი არ ჩანს. რჩება შეგრძნება, რომ მთელი ეს ენერგია შეუმჩნევლად გადაიზარდა ყბადაღებულ კადრების საკითხის გადაწყვეტაში. ამ დრომდე, მინისტრების პორტფელებს ახალი მეპატრონეები არ გამოსჩენიათ.  მათ შორის, ვინც მაინც დაინიშნენ – ძირითადად, ძალიან ცნობილი სახეები არიან. ისინი ან პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას დროინდელი მინისტრები არიან, რომელთა უფლებამოსილებაც სრულიად მოულოდნელად გაგრძელდა მისი ანტაგონისტი, ასლან ბჟანიას მმართველობის ქვეშ. ან პოლიტიკოსები, რომლებიც უფრო შორეული წარსულიდან – ალექსანდრ ანქვაბის პრეზიდენტობის დროიდან დაბრუნდნენ, რომელიც ახლა პრემიერ-მინისტრი გახდა. მთავრობაში ახალი სახეები, რომლებსაც უპირობოდ შეგვიძლია ვუწოდოთ ასლან ბჟანიას გუნდის წევრები, სულ ორნი არიან: შინაგან საქმეთა მინისტრი დმიტრი დბარი და ტურიზმის მინისტრი, თეიმურაზ ხიშბა. ეს არის და ეს, მორჩა. ასეთი შეზღუდული რესურსი გარდაუვლად გვიბიძგებს აზრისკენ: ჰყავდა კი საერთოდ ასლან ბჟანიას რეფორმატორთა გუნდი, რომელის შესახებაც ასე ხმამაღლა და ხშირად საუბრობდნენ წინასაარჩევნო პერიოდისას? ყოველმხრივი კრიზისის ისედაც მკაცრ რეალიებს, რომელშიც აფხაზეთი გეგმაზომიერად პირქვე მიექანებოდა, სულ მცირე, ბოლო ათი წელი, დაუგეგმავი პანდემიაც დაემატა. და ამ ყველაფერმა, როგორც ჩანს, ხელისუფლება სისტემურ სტუპორში ჩააგდო. მისთვის აშკარად არასასიამოვნოა მკვეთრი მოძრაობების გაკეთება არაპოპულარული ზომების სახით, რაიმე ტიპის ფინანსური „ბალიშის“ არარსებობის პირობებში. და შეინიშნება ტენდენცია, რომ ყველაფერი დატოვოს ისე, როგორც არის და შემდეგ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედოს. ყოველ შემთხვევაში, მთავრობის დამტკიცებული სტრუქტურა, თავისი უსაშველო ზომით, თავის წინა ანალოგებს არ ჩამორჩება. ამ ბიუროკრატიული აპარატის შენახვაზე, პენსიებთან ერთად მიდის ახლა სახელმწიფო ბიუჯეტის მთელი შემოსავლები.  მაგრამ ყველაფრის ისე დატოვების სურვილი, როგორც არის, მხოლოდ გაამძაფრებს კრიზისს და არ გადაჭრის პრობლემებს. და ეს ახლად გამომცხვარი მთავრობის პოზიციებს უკვე ახლა ხდის უკიდურესად მყიფეს. ძველი ოპოზიცია, ასლან ბჟანიას მეთაურობით, ახლა ხელისუფლებაშია. ახალი ოპოზიცია კი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. მაგრამ უკმაყოფილო მასებს პრეზიდენტის სასახლეში შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი შეიყვანონ და თანაც, ნებისმიერი მიზეზით. მით უფრო, რომ ეს მიზეზი უკვე ზედაპირზეა – კარანტინის გამო მოსახლეობის ცხოვრების მკვეთრი გაუარესება გარდაუვალია. კარანტინმა ღარიბები კიდევ უფრო გააღარიბა  საკურორტო სეზონი, რომელიც ტრადიციულად კვებავს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, 2020 წელს ან საერთოდ არ შედგება, ან უკიდურესად შემცირებულ ფორმებში იქნება. მაგრამ თუკი სეზონი, თუნდაც მცირე ხნით მაინც იქნება აფხაზეთში, მისგან მიღებული „დივიდენდები“, შესაძლოა, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემისთვის დაუძლეველ ტვირთად იქცეს. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ რუს ტურისტებთან ერთად შემოვა კორონავირუსის დიდი „ულუფა“, რომელსაც რესპუბლიკა მთელი ამ დროის განმავლობაში, საზღვრების ჩაკეტვით გაურბოდა.
#აფხაზეთი
#პოლიტიკა
#ოკუპაცია
#sokhumidaily
0