მამუკა არეშიძე: რატომ უკრაინა? ეს მაწუხებს

0
ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე უამრავი კითხვა ჩნდება - ამბობს ექსპერტი მამაუკა არეშიძე. „ასეთი პრაქტიკა კადიროვის ხელისუფლებას და მის სპეცსამსახურებს აქვთ, რომ მოახდინონ საზღვარგარეთ მათთვის მიუღებელი პირის ლიკვიდაცია. ეს ხდება ევროპაშიც, აზიაშიც და სადაც ხელი მიუწვდებათ, ყველგან. უამრავი ადამიანია ლიკვიდირებული კადიროვის სპეცსამსახურების მხრიდან”, - აცხადებს ექსპერტი. მისივე თქმით, “კადიროვი პირად ინიციატივას იჩენს ხოლმე ზოგ შემთხვევაში, რომელიც შეიძლება არც იყოს შეთანხმებული მოსკოვთან. მაგალითად, იგივე ნემცოვის მკვლელობა, რომელმაც ოფიციალურ მოსკოვს უარყოფითის გარდა არაფერი არ მოუტანა. მაგრამ მე მაქვს კითხვები, რატომ უკრაინა? ეს მაწუხებს. პრაქტიკულად, რა გამოვიდა? იმდენი ხანი გრძელდებოდა ამ ლიკვიდაციისთვის მომზადება, რომ უკრაინული სპეცსამსახურებისთვის დიდი ხანია ეს ცნობილია თურმე და ამასთანავე, „ხმაურიანად“ მიმდინარეობდა მომზადება”. “ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იდგა უკრაინაში ამ პიროვნების უკან. გუშინ, ჩემი კავშირებით, უკრაინულ-ინგუშური დიასპორის მეშვეობით, შევეცადე გამერკვია რა ხდება ამასთან დაკავშირებით და სიმართლე გითხრათ, ნულოვანი შედეგი მაქვს. გარდა ამისა, ისიც მინდა გითხრათ, რომ აქ საეჭვოდ ხდებოდა ამ პიროვნების მოძრაობა და გადაადგილება. ბევრი კითხვა მაქვს. იმაზე ლაპარაკი აღარ მაქვს რა შეფასებას ვაძლევ გვარამიას გუშინდელ ტექსტს. ის გაუთავებლად ლაპარაკობდა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის ხელისუფლების პარტნიორი და იმ ლოგიკას კი არ მისდევდა, რომ პირველ რიგში, თუ მართლა მოხდებოდა ასეთი ამბავი, საქართველოს ხელისუფლებაზე იქნებოდა მთავარი დარტყმა მიყენებული. ბევრი რამეა, რაც დახვეწას და გამართულ ლოგიკას მოითხოვს. ფაქტია, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში კარგახანია კარგად გრძნობენ თავს. შეიძლება თუ არა განმეორდეს ასეთი რამ, ვერ გეტყვით. ისეთი რეზონანსი გამოიწვია უკვე, რომ თუ მოხდება თავდასხმა, გასაგები იქნება, რომ ეს არის ვიღაც უცხოს შეკვეთილი. გაბუნიას დაყვება უზარმაზარი დაცვა, 4-5 ომი მაქვს გავლილი, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვიყავი და აზრად არ მომსვლია, რომ მე როგორც ჟურნალისტს, დაცვა მხლებოდა, მაგრამ თვითონ ასე დადიან, დაცვებით... ზოგადად, ჟურნალისტი დაცვით რომ დადის, ის ჟურნალისტი აღარ არის ჩემს თვალში“, - აცხადებს “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას მამუკა არეშიძეე. შეგახსენებთ, ქავთარაძის ქუჩაზე, სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბიკოვი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით საქართველოს დედაქალაქში კონკრეტული დავალებით - გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის იყო ჩამოსული  და დავალება მან ჩეჩნეთის ლიდერისგან, რამზან კადიროვისგან მიიღო.
0