გიორგი გახარია - შევძელით გვემართა ვირუსის გავრცელება ქვეყნის მასშტაბით

0
მსგავსი სახის გლობალურ გამოწვევას, ვერც ერთი უწყება ცალკე აღებული და ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება, ესაა გუნდური, კომპლექსური მუშაობა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისაც, ყველასი ერთად , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელების მართვა დროში და გეოგრაფიულად. „როდესაც ვუყურებთ იმ თვალსაჩინო შედეგებს, რომლებიც დღეს გვაქვს, ეს არ არის ის, რომ პანდემია ან ვირუსი დავამარცხეთ, ეს არის უბრალოდ ის, რომ შევძელით გვემართა ვირუსის გავრცელება ქვეყნის მასშტაბით, როგორც დროში, ისე გეოგრაფიულად“ , - აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალი პოსტ-პანდემიური მსოფლიო იქნება სხვანაირი და საქართველოს შეუძლია კრიზისი გამოიყენოს შესაძლებლობად. „ეს იყო ერთობლივი შრომა. როდესაც ვამბობ, რომ ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, ასე იქმნება კოორდინირებული თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება სახელმწიფოს, სხვადასხვა უწყებების, სამოქალაქო სექტორის, ყველასი ერთად, სწორედ, ამას ვგულისხმობ, რომ აქ უბრალოდ შეუძლებელია ვინმემ ცალკე აღებულმა გაიმარჯვოს, კომპლექსური გამოწვევაა. შეუძლებელია საქართველომ ცალკე აღებულმა დაამარცხოს ვირუსი, ეს წარმოუდგენელია, ისევე როგორც შეუძლებელია დააღწიოს თავს ვირუსისგან გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან. ესეც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი შრომის შედეგია. ეს არის ის რასაც ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები. თვალსაჩინოა დღეს, რომ პოსტ-პანდემიური მსოფლიო იქნება სხვანაირი, მისი კონკურენტული გარემო იქნება სხვანაირი და, საერთოდ, გლობალური კონკურენცია სახელმწიფოთა შორის იქნება სხვანაირი და დღეს ჩვენ, ქართველებს, იმის გამო, რომ ეს 4 თვე საკმაოდ ეფექტურად გავიარეთ, შეგვიძლია ეს კრიზისი გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა - ჩვენი წარმატება მომავალ კონკურენტულ გარემოში ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი მიზანი, “- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
0