დე ფაქტო აფხაზეთი რუსეთისგან დაფინანსებას უკვე 6 თვეა აღარ იღებს-რა ელის ოკუპირებულ რეგიონს

0
ოკუპირებულ აფხაზეთში საბიუჯეტო შემოსავლები შემცირდა და შედეგად  საგანგაშო ფინანსური მდგომარეობაა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო  პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ე.წ პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას, რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, საბიუჯეტო შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ აუცილებელი ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას არსებობს, მათ შორისაა ხელფასების, პენსიებისა და ჯანდაცვის ხარჯები. ბჟანიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის ფედერაციამ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ექვსი თვით შეაჩერა, ასევე უამრავი პროექტი გადაიდო. ბჟანია ივნისის ბოლოს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს, სადაც უნდა გაარკვიოს, რატომ აღარაა კრემლი უწინდელივით ხელგაშლილი. ბჟანია ამბობს, რომ 2020 წელს მის მთავრობას რუსეთისგან დაფინანსება ამ დრომდე არ მიუღია. არა და, 2019 წლის დეკემბერში კრემლი აფხაზებს 4, 5 მილიარდ რუბლს ( 65 მილიონი დოლარი) შეპირდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ოფიციალური მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალში ოკუპაციასთან ერთად, თანმიმდევრულ რუსიფიკაციის პოლიტიკასა და არაფორმალური ანექსიის პროცესსაც ახორციელებს. რუსეთის ფედერაცია  დე ფაქტო რეგიონების პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებს აკონტროლებს. გავლენის შესანარჩუნებლად კი, აქტიურად იყენებს ფინანსურ დახმარებას. თუმცა, ახლა, როცა აფხაზებს დახმარება ძალიან  სჭირდებათ, რუსეთმა ისინი ბედის ანაბარა მიატოვა. 2009 წლის 12 აგვისტოს, დე ფაქტო აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში რუსეთის დახმარების შესახებ „შეთანხმება“ შედგა. ამავე წლის 26 აგვისტოს იდენტური „ხელშეკრულება“ გაფორმდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთანაც.  რუსეთი ორივე ოკუპირებული რეგიონისთვის მთავარ სავაჭრო და ფინანსურ პარტნიორს წარმოადგენს. თუმცა, როგორც თავად ბჟანიამ აღიარა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებმა ამ პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებს ვერ მიაღწიეს-ანუ მილიარდობით რუბლი ისე გაიფლანგა, რომ რიგით აფხაზებს სარგებელი არ მიუღიათ. რუსეთი ფინანსების მობილიზებას ირიბი ხერხებითაც ახორციელებს და ამისთვის ფედერალურ სუბიექტებსა და რუსულ კერძო კომპანიებს იყენებს, ისეთებს როგორიც არის  „გაზპრომი“. ოკუპირებული ცხინვალის ფინანსები ძირითად სრულად არის დამოკიდებული რუსეთზე, აფხაზეთში კი ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ რუსულ ფულზე მიბმული არ არის, რუსული კომპანიების ხარჯზე ივსება. სწორედ ამ გზით, კრემლი, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს სრულად აკონტროლებს. სინამდვილეში კრემლის მთავარი მიზანი გავლენის ბერკეტის მუდმივი შენარჩუნებაა, შესაბამისად ეკონომიკური სტაბილურობა. რიგითი აფხაზის კეთილდღეობა მოსკოვისთვის მეასეხარისხოვანია. თუ რომელიმე მარიონეტი „ლიდერი“ ურჩობას გადაწყვეტს, პუტინს ყოველთვის შეუძლია დაფინანსება შეწყვიტოს ან შეამციროს. დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკა ისედაც ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე, ხოლო „რუსული ფულის“ გაქრობის შემთხვევაში კიდევ უფრო ფსკერზე დაეშვება. ამიტომაც, კრემლის ხელდასმულმა დე ფაქტო ლიდერებმა იციან, რომ   მოსკოვის კეთილგანწყობას უნდა გაუფრთხილდნენ. ასლან ბჟანიას „პრეზიდენტობა“ იმ პერიოდს დაემთხვა, როცა კრემლს პანდემიის ფონზე ოკუპირებული აფხაზეთისთვის ნაკლებად სცალია. რუსული სოციალური ქსელი და მედია აჭრელებულია ექიმების ვიდეომიმართვებით-მედიკოსები საავადმყოფოებში არსებულ მძიმე ვითარებასა და ელემენტარული პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტზე საუბრობენ. მაღალია კორონავირუსით დაავადებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რიცხვიც, რომლებსაც ხელფასსაც კი არ უხდიან. დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, რუსული ჯანდაცვა ფაქტობრივად კოლაფსის ზღვარზეა, სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, გამოძახების შემთხვევაში საშუალოდ ოთხი დღეც კი სჭირდებოდა პაციენტამდე მისაღწევად.   ფინანსური სურათიც არ არის სახარბიელო. რუსეთის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია ნავთობის სფეროზე. კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი  ნავთობის ფასის შემცირებამ რუსული რუბლის გაუფასურება გამოიწვია. რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთის ეკონომიკას რეცესია ემუქრება. არა და  პრობლემები   ჯერ კიდევ კორონავისურის პანდემიამდე შეიქმნა. ექსპერტი ვლადიმერ გიმპელსონი ვარაუდობს, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი რუსეთის ფედერაციაში 1998 წლის რეკორდულ ნიშნულს გაიმეორებს, რაც ფინანსურ კლიმატს კიდევ უფრო გააუარესებს. გავლენიანი კვლევითი ცენტრის „ლევადას“ უკანასკნელი კვლევის თანახმად, რუსეთში წელიწადნახევრის განმავლობაში 28%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ცხოვრების გაუარესებული დონის გამო, მზად არიან ქუჩაში გამოვიდნენ და საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. რუსი ექსპერტები ყურადღებას პუტინის რეიტინგის ვარდანზეც ამახვილებენ. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საინტერესოა რამდენად ექნება „დედა რუსეთს“ დრო და რესურსი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისთვის. მითუმეტეს თუ გავიხსენებთ, რომ 2014 წელს, როდესაც რუსეთი დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცა, ნავთობის ფასი კი შემცირდა, კრემლმა აფხაზეთს ფინანსური დახმარება საგრძნობლად შეუმცირა. წყარო: GHN.GE ავტორი: კატო გოცირიძე
#აფხაზეთი
#პოლიტიკა
#ოკუპაცია
#sokhumidaily
0