ასწავლეთ, სწამდეს საკუთარი თავის!

0
პანდემიის პირობებში ძალიან რთული მისიის შესრულება მოუწიათ მასწავლებლებსაც, სრულიად ახალ მოდელზე გადაწყობა არც თუ ისე ადვილად გასამკლავებელი აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ მათ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთეს. როდესაც მასწავლებლების როლზე ვფიქრობ მახსენდება ის ცნობილი წერილი რომელსაც აქვე გთავაზობთ, მათი როლი , მისია მართლაც ძალიან დიდია ოჯახთან ერთად ბავშვის ფორმირების საკითხში. წარმატებები მათ! “ჩემი შვილი დღეს სკოლაში მიდის. ერთხანს მისთვის ყველაფერი ახალი და უცნაური იქნება. იმედი მაქვს, მას სათუთად მოეპყრობით. ჩემი შვილისთვის ეს იქნება თავგადასავალი, რომელიც მას სამყაროში ამოგზაურებს. ყოველი თავგადასავალი გულისხმობს ომს, ტრაგედიასა და ტკივილს. ცხოვრების გზის გასავლელად მნიშვნელოვანია რწმენა, სიყვარული და მხნეობა. ასე რომ, ძვირფასო მასწავლებელო, გთხოვთ, ჩაჰკიდოთ მას ხელი და ასწავლოთ ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს. ასწავლეთ! მაგრამ, თუ შეიძლება, სათუთად. ასწავლეთ მას, რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია. მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, ყოველი ადამიანი არ არის მართალი. თუმცა, ასევე მსურს იცოდეს, რომ ყოველი არამზადის საპირწონედ გმირიც არსებობს. ყოველი უღირსი პოლიტიკოსის წილ მოიძებნება ღირსეული ლიდერი. ასწავლეთ, თუ შეძლებთ, რომ საკუთარი ოფლით გამომუშავებულ 10 ცენტს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე შემთხვევით ნაპოვნ დოლარს. ასწავლეთ, რომ ჯობს, სკოლაში მარცხი განიცადოს, ვიდრე იცრუოს ან გადაიწეროს. ასწავლეთ, რა ღირსეული შეიძლება იყოს დამარცხება და უთხარით, რომ ისიამოვნოს გამარჯვებით. ასწავლეთ თანაგრძნობა და ამავე დროს – უხეშობა უხეშ ადამიანებთან. გაათავისუფლეთ შურისგან და, თუ შეძლებთ, ასწავლეთ გულწრფელი ღიმილი. თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ, გაიცინოს მოწყენილობის ჟამს და უთხარით, რომ ცრემლები სირცხვილი არ არის. ასწავლეთ, რომ დამარცხებაში შეიძლება იყოს დიდება, და სასოწარკვეთილება – წარმატებაში. ასწავლეთ, დასცინოს ცინიკოსებს. დაანახვეთ, გეთაყვა, წიგნების სასწაული, მაგრამ დაუტოვეთ დრო ცაში მფრინავი ფრინველების, მზეზე მოფუსფუსე ფუტკრების, მწვანე მდელოებზე აყვავებული ყვავილების სასწაულზე საფიქრალადაც. ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, მაშინაც კი, როცა სხვები არ ეთანხმებიან. ეცადეთ, შესძინოთ მას სიმტკიცე და ნებისყოფა, არ გაჰყვეს ბრბოს, როცა ყველა მის გარშემო ამას აკეთებს. ასწავლეთ თითოეული ადამიანის მოსმენა და, ამასთან, კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ. ასწავლეთ, როგორ გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები რაც შეიძლება ძვირად, მაგრამ ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება. მიეცით საშუალება, გამოიჩინოს გამბედაობა და არ მოითმინოს; მიეცით საშუალება, მოითმინოს, რომ გახდეს გამბედავი. უთხარით, სწამდეს საკუთარი თავის, რადგან ამით ღმერთისა და ადამიანის რწმენასაც შეინარჩუნებს. ეგებ დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეცადეთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ. აბრაამ ლინკოლნი
0